"ნაციონალური მოძრაობის" მეორე სახელია ზიზღი და ძალადობა" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობის" მეორე სახელია ზიზღი და ძალადობა"

"ის ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციის, ზიზღის ენის, მანიპულაციის წყარო არიან, გაღმა შედავების პრინციპით სხვებს ადანაშაულებენ", - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ბანერებთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას.

მისი თქმით, ფარისევლობაა, როცა ამ საკითხზე "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს მაშინ, როდესაც მისი კამპანია ზიზღის ენასთან და ძალადობასთან ასოცირდება.

"თუკი ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, მათ შორის სამართლებრივი, არსებობს ამისთვის სამართლებრივი გზები. რაც შეეხება ზოგადად ამ შეფასებებს, ჩახედეთ სატელევიზიო ბადეს, სოციალურ მედიას, იმ ხალხის სოციალური მედიის გვერდებს, რომლებიც დღეს მაღალი მორალური პედესტალიდან მსჯელობენ ამ საკითხზე. ნახეთ, რა ენით საუბრობენ, ნახეთ, რა ზიზღი იფრქვევა ამ მედიასაშუალებებიდან და სოციალური მედიის ამ გვერდებიდან. ჩვენ ამასწინათ გავაკეთეთ მედიის ანალიზის პრეზენტაცია, რომლითაც 12 დღის განმავლობაში, 1-ელი სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, 128 ზიზღის შემცველი ტექსტი გავიდა 3 ტელევიზიაში. დღეში საშუალოდ 10 ასეთი სიუჟეტი გადის. ასე რომ, ეს არის ფარისევლობა. ამავე დროს, იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელიც ასოცირდება სწორედ ზიზღის ენასთან, ძალადობასთან, რომლის მეორე სახელიც არის ზიზღი და ძალადობა, "ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისხმობ, ამ საკითხზე ასეთი მორალური პედესტალიდან საუბარი მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა მეგის ქარდავას ექსტრადირება, რა თქმა უნდა, ფარისევლობაა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" წინაასარაჩევნო კამპანია ზიზღის ენასა და ხელისუფლების დისკრედიტაციაზეა აწყობილი.

"ხშირია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ზიზღის ენა. სწორედ ამ დეზინფორმაციისა და მანიპულაციის შედეგია ეს კითხვებიც. "ქართული ოცნების" ბილბორდებზე აღბეჭდილია ჩვენი საარჩევნო ნომერი - 41 და გამოსახული არიან ჩვენი კანდიდატები. სხვათა შორის, ამასაც გვსაყვედურობდნენ, თუ რატომ გვქონდა ბევრი ბილბორდი. ჩვენ გვაქვს პოზიტიური საარჩევნო კამპანია, რომელიც არის პროგრამის პრეზენტაციაზე დამყარებული.

რაც შეეხება ზიზღის ენას, ყველაფერი კარგად ჩანს. ყველას გვაქვს ტელეფონი. გახსენით "ფეისბუქი", ჩახედეთ ნებისმიერი იმ ადამიანის სოციალური ქსელის ანგარიშს და ნახავთ, როგორი ზიზღის ენა, შეურაცხყოფა, დამცირება მოდის მათი მხრიდან. დეზინფორმაციას არ უნდა ავყვეთ. "ქართული ოცნება" არ დგას ამ ბანერების უკან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გავრცელდა ბანერები, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!".