"ხშირად გვაბრალებენ, რომ "ქართული ოცნების" მოსყიდულები ვართ" - კვირის პალიტრა

"ხშირად გვაბრალებენ, რომ "ქართული ოცნების" მოსყიდულები ვართ"

"ხშირად გვაბრალებენ, რომ "ქართული ოცნების" მოსყიდულები ვართ - ჩვენ არ ვართ "ქართული ოცნების" მეგობარი პარტია, ღარიბაშვილიც კი ამას ამბობს", - ამის შესახებ "გირჩის"დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის, რომ "გირჩი" "ქართული ოცნების" მოსყიდული არ არის, ამას "ქართული ოცნების" შიდაპარტიული კვლევაც მოწმობს, სადაც მხოლოდ 0.6% დაუწერეს.

"ჩვენ ხშირად გვაბრალებენ, მათ შორის, ოპოზიციიდან ჩვენი კოლეგები, რომ "ქართული ოცნების" მოსყიდულები ვართ, ისინი გვეხმარებიან და ა.შ. 0.6 % რომ დაგვიწერეს და თქვენც იცით, მეტს ავიღებთ, ეს ხომ მოსყიდვა არ არის? - პირიქით, ე.ი. გვებრძვიან და ჩვენი კოლეგები ტყუილს გვაბრალებენ. ჟურნალისტმა მოგვიხსენია, როგორც "ქართული ოცნების" მეგობარი პარტია, მეგობარს ამას გაუკეთებენ?! "ქართული ოცნება" არის ხელისუფლება, ჩვენ ვართ ოპოზიცია და "ქართული ოცნება" ყველანაირად ებრძვის ოპოზიციას მათ შორის მანიპულირებული კვლევებით", - განაცხადა ხვიჩიამ.

ის ასევე გამოეხმაურა ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც პარლამენტში მის მოსაწონ პარტიებზე საუბრობს, რომელთა შორის "გირჩი" არ მოხვდა. ხვიჩია აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილის განცხადებაც სწორედ იმაზე მოწმობს, რომ "გირჩი" "ქართული ოცნების" მეგობარი პარტია არ არის.

"კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ზოგიერთ ტელეკომპანიას მოუწევს იმის აღიარება, რომ ჩვენ არ ვართ "ქართული ოცნების" მეგობარი პარტია, აი, ღარიბაშვილიც კი ამას ამბობს. შეიძლება ღარიბაშვილი დასახელებული პარტიებიდან რომელიმეს ებრძოდეს კიდეც, შეიძლება სიმართლეს გამოხატავდეს. კარგი ის არის, რომ ამ ჩამონათვალში არ აღმოვჩნდით და ჩვენი ამომრჩეველი არ დაიბნევა, თუმცა, რომც აღმოვჩენილიყავით, ეგეც არაფერს ნიშნავს, რადგან თუ უნდა ვიღაცას ასეთი ფორმით გებრძოლოს, ნებისმიერი გააკეთებს ამას, ასე რომ, ჩვენ ამას ნეიტრალურად ვუყურებთ", - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "დღეს პარლამენტში არიან ჯანსაღი პარტიები, იგივე "ევროპელი სოციალისტები", ალეკო ელისაშვილის პარტია, კონსტრუქციულად გამოიყურება ვაშაძეების პარტია".