"გამოძიება მეგობრებო! ჭორაობა და ტლიკინი კი არა, გამოიძიება! - ხოჯევანიშვილამდე გამოძიება ვერ მოვა" - კვირის პალიტრა

"გამოძიება მეგობრებო! ჭორაობა და ტლიკინი კი არა, გამოიძიება! - ხოჯევანიშვილამდე გამოძიება ვერ მოვა"

"ხოჯევანიშვილამდე გამოძიება ვერ მოვა, იმიტომ, რომ ობიექტურად მას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ვერ ექნებოდა, მაგრამ ამათი ფანტაზიებით შეიძლება ეს კოსმოსშიც აიყვანონ, არაადეკვატურობის ხარისხის პროგნოზი უკვე შეუძლებელია",- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა, უშვებს თუ არა ის, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ალექსანდრე ხოჯევანიშვილით დაინტერესდეს.

ამასთანავე, როგორც გახარიამ აღნიშნა, ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა "ჭორაობა" უნდა დაასრულონ და ღია, სერიოზული გამოძიება აწარმოონ.

"დღეს ორგანიზაცია "ოცნება" ისეთ პანიკაშია, რომ დარწმუნებული ვარ, ყველაფერს დაგვაბრალებენ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მე ერთ რამეს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით - დროზე გამოძიება, სერიოზული გამოძიება დაიწყონ. დღეს გამოუყვანიათ კიდევ ვიღაც ექსპერტი და აი, როგორ არ იცოდა, უნდა სცოდნოდაო, სირცხვილია ხალხო ამ ზღაპრებში ცხოვრება, ილუზიებში ცხოვრება!

გამოძიება მეგობრებო! ჭორაობა და ტლიკინი კი არა, გამოიძიება! შენ რომ ასეთი კატასტროფა გემართება ქვეყანაში, შენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტში, იმის მაგივრად, რომ პოლიტიკურად იფიქრო როგორ დააბრალო, ვის დააბრალო, პოლიტიკურად როგორ დააკონვერტირო, ეკლესია როგორ დააზიანო, ამის მაგივრად სასწრაფოდ გამოძიება უნდა დაიწყო", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფარული მასალების გავრცელების საქმეზე გამოძიება დაწყებულია და "ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმასაც, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი". კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით კი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუს-ში "ფარულ ოპერატიულ საქმიანობას" კურირებდა.