"ჩემთვის ნიკა მელიას პოზიცია გაუგებარია, შეურაცხმყოფელიც არის, რადგან არ მესმის, რას ნიშნავს "ივანიშვილის თავყრილობა" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ნიკა მელიას პოზიცია გაუგებარია, შეურაცხმყოფელიც არის, რადგან არ მესმის, რას ნიშნავს "ივანიშვილის თავყრილობა"

ჩემთვის ნიკა მელიას პოზიცია გაუგებარია, შეურაცხმყოფელიც არის, სიმართლე გითხრათ, რადგან არ მესმის, რას ნიშნავს "ივანიშვილის თავყრილობა". იმედია, მოვისმენთ ამის განმარტებასაც, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში - "360 გრადუსი" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის - ნიკა მელიას განცხადებას "ლელოს" ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოზიციას გადახედავს.

"ეს პოზიცია ჩემთვის არის გაუგებარი, იმედია გადახედავენ ამ პოზიციას. თუ დროის ამბავია, მინდა ვთხოვო, გადახედონ ამ დროს. თუ ვერ მოხერხდება 2 ოქტომბრამდე, ხელმოწერა დაგვიფიქსირონ. "ოცნების" დეპუტატებსაც მივმართავ, რომ სიმართლე გავარკვიოთ. ჩემი ამოცანა კი არ არის, რომ ბატონი ლილუაშვილი მოვიდეს და თავს დავესხათ, არა", - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, მელიას განცხადება მისთვის გაუგებარია ორი მიზეზის გამო.

"ჯერ ერთი, რას ნიშნავს "ივანიშვილის თავყრილობა" არ მესმის. აქ ლაპარაკია პარლამენტში ივანიშვილის მინისტრების დაბარებაზე, პრემიერ-მინისტრით დაწყებული, მათი პასუხისმგებლობის დაყენებაზე. ეს უნდა იყოს ღია და საჯარო. მეორე - ჩვენ ყველა დაკავებული ვართ, ყველა ველზე ვართ, წინასაარჩევნო მარათონში ვართ ჩაბმული, მაგრამ ხელის მოწერას და პოზიციის დაფიქსირებას წინ არაფერი უდგას. 2 ოქტომბრამდე თუ 5 ოქტომბერს ჩავატარებთ ამ სხდომას, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. დღეს პრინციპული მნიშვნელობისაა ის, რომ დააფიქსირო - საპარლამენტო ტრიბუნა იმისთვის არის შექმნილი, რომ ოპოზიცია ასეთ საკითხებში არის ერთიანი. თუ ასეთ საკითხებში ერთიანი არ ვართ და მიზეზია ის, რომ, თურმე, ყველა ველზე ვართ და სხდომაზე ვერ მოვალთ, ამას მე ვერანაირად მივიღებ. ხელი უნდა მოაწეროს, ალბათ, ყველა პასუხისმგებლიანმა ადამიანმა. "ქართულ ოცნებაში" პარლამენტში ვინც არის, ძალიან ბევრ ადამიანს პატივს ვცემ და იმათ ეს ამბავი აწუხებთ. წესით, ნორმალურ ქვეყანაში პასუხისმგებლიანმა დეპუტატმა უნდა მოაწეროს ხელი და მოისმინოს, იქნებ მართალია ეს ხალხი, მარტივად რომ ვთქვათ. იქნებ, ლილუაშვილი მართალია და უცხო ქვეყნის აგენტურა შემოვიდა, ისინი გვიკეთებენ და ქვეყანას თავზე გვამხობენ, იქნებ ეს ხალხი ცამდე მართალია, ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ?!", - აცხადებს ხაზარაძე.

ამასთან, ხაზარაძემ მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატებს.

"მეგობრებო, თუ თქვენ ასე აპირებთ ამას შეეგუოთ, მაშინ, რა გინდათ პარლამენტში, საერთოდ ვის უფლებებს იცავთ. თქვენი, როგორც დეპუტატების ჩანაწერები არსებობს და სანამ თქვენამდე ნელ-ნელა არ მოვა ეს ურემი და არ ჩამოდგება, მანამდე ე.ი. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ეს ყველაფერი გადავავადოთ?! ოპოზიციური დეპუტატების უკვე 27 ხელმოწერა არსებობს. საჭიროა 11 ხელმოწერა. ჩვენი საზოგადოება ღირსია, სერიოზულ კითხვებს გავცეთ პასუხი. უნდა დავინახოთ, ჩვენი უსაფრთხოება ჩვენ, მოქალაქეებს გვიცავს თუ იცავს ადამიანების რაღაც ჯგუფს, რომლის დაკვეთებსაც ისინი ასრულებენ. გაგახსენებთ, ანალოგიური დიდი შეცდომა იყო, როდესაც ვახტანგ გომელაური იყო დაბარებული და ის დიდი სხდომა ჩავარდა. ჩვენ ვერ მოვახერხეთ სხდომის გაგრძელება. დეტალებში აღარ შევალ, რადგან საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა. არ ვიცი, ეს მოხდა შემთხვევით, თუ დაგეგმილი იყო, მაგრამ სხდომა ჩაიშალა და შედეგად რა მიიღო საზოგადოებამ - ნაცემი 53 ჟურნალისტი", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ "შესაძლებელი იყო, რომ სხდომა გადარჩენილიყო".

ინფორმაციისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ლელოს" ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, პარტია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სუს-ის ხელმძღვანელის - გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს, განაცხადა, რომ "2 ოქტომბრამდე "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია".