"2 ოქტომბრის რეფერენდუმის მნიშვნელობის არჩევნებზე "ქართული ოცნება" 43%-ს ვერ აიღებს" - კვირის პალიტრა

"2 ოქტომბრის რეფერენდუმის მნიშვნელობის არჩევნებზე "ქართული ოცნება" 43%-ს ვერ აიღებს"

ჩემი მოსაზრებაა, რომ ამ მოსმენით არაფერი დაშავდება, თუმცა კონკრეტულ შედეგზე გასვლის დიდი მოლოდინი არ მაქვს, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა პარტია "ლელოს" ინიციატივას, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს.

ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სუს-თან მიმართებაში მის ხელთ არსებულ ბერკეტებს აქამდეც აამუშავებდა.

"ამ პარლამენტს არანაირი უფლებამოსილება და ანგარიშვალდებულების მექანიზმები, რომელიც ნორმალური წესწყობილების სახელმწიფოში უნდა არსებობდეს, არ გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქამდეც აამუშავებდა ამ ბერკეტებს, მათ შორის სუს-თან მიმართებაში, რომელიც პარლამენტთან კონსტიტუციურად ანგარიშვალდებული უნდა იყოს. აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტის წევრების და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების უშუალო დაქვემდებარებაში არიან ბიძინა ივანიშვილის და მის განკარგულებებს აღასრულებენ. ამ თვალსაზრისით, არაფერი სიახლე არ არის, უშუალოდ ამ მოსმენით არაფერი დაშავდებოდა, უბრალოდ კონკრეტულ შედეგზე გასვლის მოლოდინი არ გამაჩნია", - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ არჩევნების შემდეგ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ბოკუჩავას აზრით, არჩევნების შემდეგ "ოცნების" ერთადერთი დავალება ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა იქნება.

"არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" უმრავლესობის ერთადერთი პოლიტიკური დავალება ქართველი ხალხის მხრიდან იქნება ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა. დარწმუნებული ვარ, რომ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის მნიშვნელობის არჩევნებზე "ქართული ოცნება" 43%-ს ვერ აიღებს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა ბანერებს, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!" ბოკუჩავას თქმით, პანდემიიდან გამოსავალი არის ვაქცინაცია და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას სწორი პოზიციონირება უნდა ჰქონდეს.

"როდესაც სახელმწიფო ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის განკუთვნილ ბანერებს ანაცვლებს საკუთარი გაბანკროტებული პოლიტიკური ლიდერების პორტრეტებით ან ძალადობისკენ მიმართული პლაკატებით, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მეტყველებს ხელისუფლების გამრუდებულ პრიორიტეტებზე, რომელსაც არაფრად უღირს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა" , - განაცხადა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ლელოს" ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, პარტია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს, განაცხადა, რომ "2 ოქტომბრამდე "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია".