"ხელისუფლებას ჩვენს საძინებელში სძინავს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას ჩვენს საძინებელში სძინავს"

"ხელისუფლებასა და საპატრიარქოს იმის დრო არ უნდა მივცეთ, რომ შეთანხმდნენ და ამ ყველაფრის დასამალად ერთობლივად იმოქმედონ", - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "ნიუსრუმში" ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საპატრიარქოსა და მმართველი პარტიის პოზიციები ერთმანეთს ჰგავს.

"საპატრიარქოს განცხადება ერთი ერთში იმეორებს იმას, რასაც "ქართული ოცნების" სახელით ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობენ, რაც ძალიან სამწუხაროა. არ მინდა, სულ უიმედობით ვსაუბრობდეთ - არ მგონია, რომ საპატრიარქოში არ აღმოჩნდება ვინმე, ვინც ამასთან დაკავშირებით ხმას ამოიღებს. როდესაც ყველა ინსტიტუცია თავზე გვენგრევა, სამწუხაროდ, გარკვეული საკითხები ინდივიდების გმირობაზე გადის. თუ რამე გადაგვარჩენს, ეს არის გამჭვირვალობა. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბები აქვთ, რომ ხელისუფლებას, პრაქტიკულად, ჩვენს საძინებელში სძინავს", - განაცხადა კორძაიამ.

ამასთან, მან ბოლო დროს ოპოზიციის წინააღმდეგ გავრცელებულ ბილბორდებზეც გააკეთა კომენტარი.

"აშკარად გამოჩნდა, რომ ეს ბანერები გადაეკრა ვაქცინის თემას ისე, რომ ჯანდაცვის სამინისტროში არ იცოდნენ. მმართველი პოლიტიკური ძალა "სისხლიან ბანერებს" აკრავს სიცოცხლის ბანერზე.

მოქალაქეებს სასაცილოდაც არ მიაჩნიათ ის, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს. წინა არჩევნებზე მსგავსი ბანერები "პატრიოტთა ალიანსმა" გაუკეთა საჩუქრად და ახლა ვინმე მიხეილ გაბრიაძე გამოჩნდა, რომელიც მათი შემომწირველიც კი არ არის. გაურკვეველი ადამიანია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს ბანერები აჩუქოს. ცხადია, ეს უფასოდ არ ხდება, ამას ვიკვლევთ. საინტერესო იყო სარეკლამო კომპანია "ალმას" განცხადება, რომელიც, თურმე, ბანერებს უფასოდ უთმობს.

"ალმას" მფლობელებს შევახსენებ, რომ იმ ხელშეკრულებაში, რომელიც ხელისუფლებასთან და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებასთან გაფორმდა, წერია, რომ თანხის გადახდა ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ხელშეკრულება 31 დეკემბრამდე მოქმედებს. უფასოდ რომ ამბობენ, რეალურად იციან, რომ ხელშეკრულების დარღვევის გამო მაგრად მოხვდებათ. რეალურად, "ქართული ოცნება" ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს ვინმე გაბრიაძის გავლით, რადგან სახელმწიფოს მიერ გადახდილ ბანერებზე გადააკრეს ეს საშინელება და აგრესია. ამას სათანადო სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს", - განაცხადა თამარ კორძაიამ.