"ყოველდღე დაურეკავს კობახიძე ივანიშვილს თუ ვერა, არაფერს ცვლის, ჩვენ ეს ღერძი უნდა მოვშალოთ არჩევნების გზით" - კვირის პალიტრა

"ყოველდღე დაურეკავს კობახიძე ივანიშვილს თუ ვერა, არაფერს ცვლის, ჩვენ ეს ღერძი უნდა მოვშალოთ არჩევნების გზით"

ივანიშვილი აკონტროლებს პოლიტიკურად ვითარებას და გვთავაზობს რეჟიმს, სადაც თუ მისი პოლიტიკური თოჯინა რაიმე გარემოების გამო მისი გავლენის სფეროს მიღმა აღმოჩნდება, როგორც გახარიას შემთხვევაში, უცებ გვეტყვის, რომ რასაც გუშინ გეუბნებოდით, რომ გახარია არის მხსნელი, საუკეთესო მენეჯერი და სუპერ ძალოვანი მინისტრი, გატყუებდითო, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა.

მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა რეჟიმი, სადაც არც ფაქტებს აქვს მნიშვნელობა, არც იმას გუშინ რა თქვი ან ხვალ რას იტყვი, არ აქვს მნიშვნელობა არც პრინციპებსა და ღირებულებებს, "რადგან ყველაფერი არის ჭაობი, რომელშიც ყველა გასვრილი უნდა იყოს". ბოკერიას თქმით, ამის დასტურია ის ფაქტი, რომ დღეს, როდესაც მმართველ პარტიას დასჭირდა, გიორგი გახარიას მისამართით აჟღერებს იმ ბრალდებებს, რომლებსაც მას აქამდე ოპოზიცია უყენებდა.

"ივანიშვილმა შექმნა რეჟიმი, სისტემა, ეს ჭაობი, რომელიც ჩვენ მიგვაქანებს პუტინისტური გავლენის სფეროში უფრო ღრმად ჩაფლობისკენ და რომელიც სპობს შანსს ჩვენი ქვეყნის ნორმალური მომავლის. ამ პროცესში მისი გააქტიურება ხდება თუ არა ყოველდღიურ საკითხებთან მიმართებით, აბსოლუტურად უმნიშვნელოა. ის აკონტროლებს პოლიტიკურად ვითარებას და ის გვთავაზობს ამ რეჟიმს, როდესაც მისი პოლიტიკური თოჯინა თუ რაიმე გარემოების გამო აღმოჩნდება მისი გავლენის სფეროს მიღმა, როგორც გახარიას შემთხვევაში, უცებ გვეტყვის, რომ რასაც გუშინ გეუბნებოდით, რომ გახარია არის მხსნელი, საუკეთესო მენეჯერი და სუპერ ძალოვანი მინისტრი, გატყუებდითო. ხომ პირდაპირ ამბობენ: ჩვენ ერთმანეთში დავცინოდით და "ბოლს" ვეძახდითო. ის კი არ არის, რომ აზრები გაეყოთ და ახლა მწვავედ კამათობენ, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ გუშინ რასაც გეუბნებოდით, გატყუებდითო და ეს მოსულა ამ ნიაღვარში. ისიც ასეც ამბობს, ეგენი არარაობები იყვნენ და ყოველთვის ვიცოდითო. ღარიბაშვილმა ამხილა გახარია 20 ივნისის ამბავში, თქვა, რომ ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა გავრილოვიო და იმ დღესაც ცუდად ჩაატარ ოპერაციაო ანუ სიტყვა -სიტყვით იმეორებენ იმ ლეგიტიმურ ბრალდებებს, რომლებსაც ჩვენ ვუყენებდით გახარიას, ოღონდ მაშინ ამისგან თვითონ იცავდნენ და ჩვენ გვეძახდნენ მოღალატე პროვოკატორებს. ახლა, როცა დასჭირდათ, იგივე თქვეს. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ხელწერა, სადაც ყველაფერი მოსულა - არც ფაქტებს აქვს მნიშვნელობა, არც გუშინ რა თქვი ან ხვალ რას იტყვი, არც პრინციპებსა და ღირებულებებს, ყველაფერი არის ჭაობი, რომელშიც ყველა გასვრილი უნდა იყოს, ამიტომ ყოველდღე დაურეკავს კობახიძე ივანიშვილს თუ ვერა, არაფერს ცვლის, ჩვენ ეს ღერძი უნდა მოვშალოთ არჩევნების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაგვითრევს ყველას ამ ჭაობში,"- განაცხადა ბოკერიამ.