"სისხლი, ტერორი და ძალადობა - ეს არის ის, რაც „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტურ სისტემას დღემდე მოჰყვება მძიმე ბიოგრაფიად" - კვირის პალიტრა

"სისხლი, ტერორი და ძალადობა - ეს არის ის, რაც „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტურ სისტემას დღემდე მოჰყვება მძიმე ბიოგრაფიად"

"ჩვენი კამპანია არის პოზიტიური და ჩვენი დღის წესრიგი მომავალზე ორიენტირებულია. სისხლი, ტერორი და ძალადობა მოქალაქეებზე ეს არის ის, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" და მის სატელიტურ სისტემას დღემდე მოჰყვება მძიმე ბიოგრაფიად", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც თბილისში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გამოკრულ ბანერებს გამოეხმაურა, სადაც რამდენიმე ოპოზიციონერია გამოსახული წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს".

თალაკვაძის თმით, "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ დესტაბილიზაციით ცდილობს როგორმე დაუბრუნდეს პოლიტიკურ სათამაშო ველს.

"რაც შეეხება პლაკატებს, ვფიქრობ, ეს არის საზოგადოების ერთი ნაწილის უკურეაქცია იმაზე, რომ დღეს ისევ "ნაციონალური მოძრაობა" გადაფუთული სხვადასხვა ფერებში, ნომრებში კვლავ ცდილობს საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, დესტაბილიზაციით, მოქალაქეებზე ძალადობით და პარტიული ტელევიზიების გამოყენებით როგორმე დაუბრუნდეს პოლიტიკურ სათამაშო ველს. მაგრამ ისინი არიან "ოფსაიდში", რადგან რჩებიან რადიკალურ და ანტისახელმწიფოებრივ ძალად.

რაც შეეხება შინაარსს, ჩვენ რასაც ვეთანხმებით და მოგვწონს შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საარჩევნო მასალებზე და ბილბორდებზე. ჩვენი კამპანია არის პოზიტიური და ჩვენი დღის წესრიგი მომავალზე ორიენტირებულია. სისხლი, ტერორი, ძალადობა მოქალაქეებზე ეს არის ის, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" მის სატელიტურ სისტემას დღემდე მოყვება მძიმე ბიოგრაფიად.

ვაქცინაციის ბანერები არ გახლავთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო ნაწილი, ჩვენ მხარს ვუჭერთ ვაქცინაციის პროცესს და ჯანდაცვის პროფესიონალების რეკომენდაციის შესრულებას" , - განაცხადა თალაკვაძემ.