"ჩემს შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მათ ამის შესახებ იცოდნენ და ცდილობდნენ პროვოკაციაზე წამოეგოთ, მეც დამღუპეს და თვითონაც ლამის თავი დაიღუპეს" - კვირის პალიტრა

"ჩემს შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მათ ამის შესახებ იცოდნენ და ცდილობდნენ პროვოკაციაზე წამოეგოთ, მეც დამღუპეს და თვითონაც ლამის თავი დაიღუპეს"

"ქართული ოცნების" დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი გუშინ სოფელ განთიადში მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. როგორც დაუთაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნულის შესახებ იცოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის გუნდის წევრებმაც, რომლებიც პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ.

"კახა ოქრიაშვილის გუნდმა ჩემს შტაბთან გამოიარა, სიტყვიერი შეურაცხყოფით, შეძახილებით და საყვირებით. ჩვენგან 100 მეტრში გაჩერდნენ, სადაც ხალხთან შეხვედრას აპირებდნენ. ჩვენ მივედით, გვაინტერსებდა რას მოატყუებდნენ კიდევ ხალხს, თუმცა, არ დაგვაცადეს შეხვედრის დასრულება, დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, უწმაწური სიტყვები, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ჩემს შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მათ აღნიშნულის შესახებ იცოდნენ და აქცენტი ჰქონდათ ჩემს შვილზე გაკეთებული, რომ პროვოკაციაზე წამოეგოთ. რაც უნდოდათ, ის გააკეთეს, მეც დამღუპეს და თვითონაც ლამის თავი დაიღუპეს. ყველაფერს კადრულობენ იმისთვის, რომ კახა ოქრიაშვილი კარგად იყოს, სხვა დანარჩენი არავინ და არაფერი აინტერესებთ",-განაცხადა დაუთაშვილმა.

მისი შეფასებით, ეს იყო სავარაუდოდ, ოპოზიციის მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რომელშიც დაახლოებით 40 ადამიანი მონაწილეობდა.

"ეს მათთვის ჩვეულებრიი მოვლენაა. მათი მეთოდია ხალხის გაღიზიანება, პროვოკაციის მოწყობა და ა.შ. რაც შეგვეძლო მაქსიმალურად ავიტანეთ, მოვუთმინეთ, თავი დავხარეთ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ჩემი შვილის ჯანმთელობის მდგომარეობა არ არის სახარბიელო და ამ პროვოკაციას ვერ გაუძლო. მითხრა, დაგინახე წაქცეული იყავი, გონებას კარგავდი და კიდევ 3 კაცი გირტყამდაო",-განაცხადა დაუთაშვილმა.

"ქართული ოცნების" დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ წინასარჩევნოდ მსგავსი ქმედებები გახშირდეს.

"ახლა პირიქით ალბათ გახშირდება მათი მხრიდან პროვოკაციები",-განაცხადა დაუთაშვილმა.

მისი თქმით, შესაბამისი ორგანოები ადგილზე დროულად გამოცხადნენ.

"ჩემმა შვილმა დანაშაული აღიარა და ჩაბარდა. ალბათ, შსს შესაბამისად იმოქმედებს", - აღნიშნა დაუთაშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს.