"ეს ცუდი სიგნალია ინვესტიციებისთვის" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე "ენკას" მიერ ხელშეკრულების გაწყვეტაზე - კვირის პალიტრა

"ეს ცუდი სიგნალია ინვესტიციებისთვის" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე "ენკას" მიერ ხელშეკრულების გაწყვეტაზე

"ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ენკას" მიერ საქართველოსთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობას აქვს სამოქმედო გეგმა და ენერგეტიკის სფეროში მილიარდობით დოლარის ინვესტიციაა დაგეგმილი.

"ყველა შემთხვევაში ეს იყო კომპანიის გადადგმული ნაბიჯი. მთლიანობაში ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი, რა თქმა უნდა, შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს.

მთავრობას აქვს ათწლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხითაც. მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა არის ამ სფეროში დაგეგმილი. ამ კუთხით, ამ ჭრილში ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს. bpn.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაციას Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"ინტერპრესნიუსი"