"ენკას" მიერ ხელშეკრულების გაწყვეტაზე - მეტად დამოკიდებულები ვიქნებით იმპორტზე, მათ შორის მტრული ქვეყნიდან" - კვირის პალიტრა

"ენკას" მიერ ხელშეკრულების გაწყვეტაზე - მეტად დამოკიდებულები ვიქნებით იმპორტზე, მათ შორის მტრული ქვეყნიდან"

ნაკლები რესურსი გაგვიჩნდება ქვეყანას ენერგო თვალსაზრისით ანუ მეტად დამოკიდებულები ვიქნებით იმპორტზე, მათ შორის მტრული ქვეყნიდან იმპორტზე და ამის ფასს გადაიხდის ყველა მოქალაქე , - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კომპანია "ენკას" მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს.

ბოკერიას თქმით, "ნამახვანჰესის" პროექტის გაუქმებით "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანას ზიანი მიაყენა.

"ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, როგორი ზიანი მიაყენა ქვეყანას "ქართული ოცნების", ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკამ და მათთან დაკავშირებული შავრაზმული ჯგუფების მოქმედებებმა, რომლებიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ატყუებენ მუდმივად. ამოფარებულები არიან პატრიოტიზმს, თითქოს დაიცვეს რაღაცა ქვეყნის ინტერესი, თუმცა პირიქით დაგვაზიანეს, რადგან ამით 1. ნაკლები რესურსი გაგვიჩნდება ქვეყანას ენერგო თვალსაზრისით, ანუ მეტად დამოკიდებულები ვიქნებით იმპორტზე, მათ შორის მტრული ქვეყნიდან იმპორტზე და ამ სიძვირის, ამის ფასს გადაიხდის ყველა მოქალაქე, ქვეყანა დაასუსტეს ამით. 2. კონტრაქტის დარღვევისთვის დიდი საფრთხე გვაქვს, რომ ჯარიმის გადახდა მოუწევს ჩვენ მთავრობას, ანუ ჩვენივე ფული დაგვიჯდება ჩვენ ყველას ამ მთავრობისა და ამ შავრაზმელების მოქმედებები.

ეს არის ამ ყველაფრის შედეგი და კიდევ ერთი მაგალითია, რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში მთავრობის შეცვლასთან ერთად - როცა აღარ მოხდება მსგავსი სკანდალები, როდესაც ინვესტორს ეცოდინება, რომ როცა ქვეყანაში დებს რაღაცას, რაც ჩვენ გვჭირდება და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას სჭირდება, დოვლათის შექმნა მათ შორის ენერგეტიკის მხრივ. მას ექნება გარანტი, რომ ის შეთანხმება დაცული იქნება და ვერანაირი შავრაზმული ფსევდო - პატრიოტული მეთოდებით ვერ შეუქმნიან მას პრობლემებს", - განაცხადა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"