"ვფიქრობ, ივანიშვილსაც მობეზრდა "ოცნება" და გაუხარდება, თუ ისინი წავლენ პოლიტიკურ მოუსავლეთში, ამიტომ მას სჭირდება ნაცნობი სახეები პოლიტიკაში, ასეთია გახარია"
"ვფიქრობ, ივანიშვილსაც მობეზრდა "ოცნება" და გაუხარდება, თუ ისინი წავლენ პოლიტიკურ მოუსავლეთში, ამიტომ მას სჭირდება ნაცნობი სახეები პოლიტიკაში, ასეთია გახარია"
"როდესაც მოსმენებს ძალიან ვაპროტესტებდი მიშას დროს, ერთმა ადამიანმა მითხრა, თავისი ფულით ჩამოიტანა ბიძინამ ეს ხელსაწყო და როგორ გგონია, ამას თქვენი პროტესტი გააჩერებსო?"

თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, კანდიდატები მოსახლეობასთან აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებენ. ლანჩხუთის მერობისთვის ცნობილი იურისტი, პარტია "ტრიბუნას" წევრი, ლია მუხაშავრია იბრძვის. სხვა ქალაქებისა და რაიონებისგან განსხვავებით, გურიაში ოპოზიციამ საერთო კანდიდატზე შეთანხმება შეძლო და გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქალია. ლია მუხაშავრია "ქართული ოცნების" კანდიდატს, ლანჩხუთის მოქმედ მერს და პარტია
"საქართველოსთვის" კანდიდატს დაუპირისპირდება. ქალბატონ ლიას საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. ძალიან კარგად იცნობენ მას გურულები, 6 წელია, საცხოვრებლად მშობლიურ კუთხეში - ლანჩხუთის სოფელ შუხუთში გადაბარგდა და თავის პროფესიულ საქმიანობას იქიდან აგრძელებს - მოქალაქეთა უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იცავს.

იურისტობის პარალელურად, მეურნე ქალის ამპლუა ძალიან
კარგად მოირგო, სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. ამბობს, რომ მიწასთან მუშაობა ძალიან მოსწონს. კარ-მიდამო თავისი ხელით გაალამაზა, შრომას არ თაკილობს და ეზოში თვითონ მოჰყავს სოფლის ნატურალური პროდუქტები. უფრო მეტიც, წლების წინ ლანჩხუთის სოფლებში კარდაკარ იარა და ადამიანებს საინტერესო იდეა შესთავაზა. აიყოლია კიდეც გურულები და დააფუძნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "გურიის თხილი", რომელიც ლანჩხუთის სოფლების 98 თხილის მწარმოებელ ოჯახს აერთიანებს. კოოპერატივმა 2017 წელს ლანჩხუთის ცენტრში თხილის გადამამუშავებელი საწარმოც ააშენა და 25 ადამიანია იქ დღეს დასაქმებული. ახლა ქალბატონი ლია ისევ ახალი გამოწვევების წინაშეა, ლანჩხუთის მერობის კანდიდატია და იმაშიც დარწმუნებულია, თუ გურულები ნდობას გამოუცხადებენ და ლანჩხუთის მერი გახდება, ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შეძლებს.

ლია მუხაშავრია:
- 2 ოქტომბერს ჩვენ მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალური არჩევნები არ გვექნება, ჩვენ მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს კი არ ვირჩევთ, არამედ, 2 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რეფერენდუმია, რომელმაც უნდა მოიტანოს ყველა ჩვენგანისთვის აუცილებელი ცვლილებები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სახით. რაც უნდა კარგი შედეგით დამთავრდეს ადგილობრივი არჩევნები, რაც უნდა საუკეთესო მერი და საკრებულო ავირჩიოთ ლანჩხუთში, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდეს ცვლილებები, რომელსაც ასე მოველით თითოეული ჩვენგანი. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების, კოალიციური მთავრობისა და ჩვენი ინტერესებისათვის დამცველი პარლამენტის გარეშე რადიკალური ცვლილებები ვერ განხორციელდება და არ შეიცვლება ასე მიუღებელი, ჩვენი დღევანდელი ცხოვრება. ამიტომ ყველას - ჩემს მომხრეებსა და ჩემს ამომრჩევლებს, ასევე, ჩემს მოწინააღმდეგეებს, მოგიწოდებთ - მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით ყველას, გარდა "ქართული ოცნებისა", შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პარტია და მაჟორიტარი კანდიდატი, გარდა N41-ისა! მხოლოდ ასე შევძლებთ ქვეყანაში ცვლილებებს. "ქართული ოცნება" რომ ხელისუფლებიდან გავუშვათ, მას არ უნდა მივცეთ ხმების 43% და მეტი.

- რას ჰპირდებით თქვენს ამომრჩევლებს?
- გზა, წყალი, კომუნიკაცია, ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა - ეს არის ყველაზე დიდი საჭიროება ლანჩხუთში. ბუნებრივი აირი მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს და - 24-საათიანი წყალმომარაგება. საშინლად მოუწესრიგებელია შიდა გზები და ეს პრობლემა სასწრაფოდ გადასაჭრელია. საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობების ადაპტირება საჭიროებების მიხედვით უნდა მოხდეს. დღეს ბევრი სოციალურად დაუცველი ბავშვი დადის სკოლაში, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტი და კომპიუტერი, ამ პრობლემის მოგვარებაში მერია უნდა დაეხმაროს სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ყველა ოჯახში უნდა იყოს სკოლის მოსწავლისათვის კომპიუტერი, ონლაინსწავლის უზრუნველსაყოფად. აუცილებელია, ასევე, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის, სარეაბილიტაციო მომსახურების გასაწევად დღის ცენტრი გაიხსნას. ძალიან მინდა, ლანჩხუთში გაიხსნას პროფესიული განვითარების ცენტრიც. მთავარი ამოცანა წარმოების განვითარების ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ყველა ბიზნესი, რომელიც კეთდება, უნდა იყოს სოციალური საწარმოს ფორმით, რომელიც მოგების შემთხვევაში წარმოების გაფართოებაზე და ხალხის დასაქმებაზე ორიენტირებული იქნება. მე ვფიქრობ, ის, სულ მცირე, 200-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, რაც ძალიან დიდი ამბავია, დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოები, სასაწყობე და სამაცივრე საწარმოები, სახელოსნოები უნდა შეიქმნას.

- ცნობილია, ამის გამოცდილება გაქვთ და როცა საცხოვრებლად გურიაში წახვედით, იქ კოოპერატივი დააფუძნეთ...
- სოფლის მეურნეობა კარგად შეიძლება განვითარდეს კოოპერაციის გზით, ამიტომ 2014 წელს დავაფუძნე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელშიც თავიდან მხოლოდ 5 წევრი იყო. 2015 წელს, როდესაც მთლიანად გადავსახლდი სოფელში, გადავწყვიტე კოოპერატივის გაფართოება. მინდოდა, მარტო თხილის მწარმოებლები არ ვყოფილიყავით და გვქონოდა გადამამუშავებელი საწარმო. ამისთვის საჭირო იყო დიდი რაოდენობით თხილი და სხვა რესურსები გარედან მოგვეზიდა. თავიდან ამაში კოოპერატივის წევრები არ დამეთანხმნენ, მაგრამ ჩემი პროფესიული უნარის წყალობით დავარწმუნე ისინი და დავიწყეთ გაფართოება. დღეს კოოპერატივში 98 ოჯახია გაწევრებული, ისეთი ოჯახები, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ოდენობის თხილის მოსავალი. ჩემი კოოპერატივის წევრები კარდაკარ სიარულით მოვაგროვე. დაახლოებით, 4 თვე დამჭირდა, თითოეულ ოჯახში მივსულიყავი და მეთქვა, რატომ არის უკეთესი, რომ ოჯახი გაწევრებულიყო კოოპერატივში. მოსახლეობას დიდი უნდობლობა აქვს კოოპერატივების მიმართ. მეუბნებოდნენ - მაიცა ცა, ეს კოლექტივს მაგონებს, იგივე ხომ არ იქნება. მიწევდა იმის განმარტება, რომ არ იქნებოდა ეს კოლექტივი და მათი საკუთრება დაცული იქნებოდა. ვუხსნიდი, შეგიძლიათ, სხვაგან გაყიდოთ მოსავალი, მაგრამ მოგცემენ ერთჯერად თანხას და ამით დამთავრდება, აქედან კი უფრო დიდ მოგებას მიიღებთ, მოგების წილს მოგცემთ შემოტანილი პაისა და თხილის რაოდენობის მიხედვით და ეს ყველაფერი დოკუმენტურად აღრიცხული იქნება-მეთქი. მიუხედავად ჩემი რეპუტაციისა, განათლებისა და ცნობადობისა, ძალიან ხშირად ვხედავდი მამაკაცები ამრეზით რომ უყურებდნენ ჩემს მონდომებას. ამბობდნენ, რა გესმის ახლა შენ თხილის ბიზნესისო. ახლა არანაკლები ვიცი, ვიდრე აგრონომმა და მეთხილემ იცის. დავიწყე ზრუნვა იმაზე, რომ გვქონოდა თხილის გადასამუშავებელი საწარმო. ჩვენი ქარხანა ლანჩხუთის ცენტრში ფუნქციონირებს, რამდენი წელია, ამხელა ობიექტი არ აშენებულა ლანჩხუთის ტერიტორიაზე. ეს არის უფრო მეტად სოციალური პროექტი. ხალხს შეუძლია პირდაპირ ქარხანაში ჩააბაროს თხილი, ესეც ხელსაყრელია მათთვის, რადგან მათ შუამავლის გარეშე აქვთ შესაძლებლობა, პირდაპირ ჩააბარონ ქარხანას თხილი და ის განსხვავება, გლეხისთვის რაც იკარგება შუამავლით, არ დაიკარგება. კარგი რეპუტაცია მოვიპოვეთ, ქარხანა მუშაობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა, ეს ბევრი სტერეოტიპის დანგრევის კარგი მაგალითი იყო, რომ ხალხსაც შეუძლია ასეთი საქმის გაკეთება და კოოპერაცია მნიშვნელოვანია, კოოპერაციის გარეშე გადარჩენის პერსპექტივა სოფელში არ არის. სამწუხაროდ, მოსახლეობა ორიენტირებულია უცხოეთში გაიქცეს, იქ იპოვოს შემოსავლის წყარო. კოოპერატივი გამოცდილი ფორმაა როგორც ევროპაში, ისე - მთელ მსოფლიოში, ადამიანები აერთიანებენ საკუთარ რესურსებს უფრო მეტი შედეგისთვის.

- თბილისში მერობისთვის ბევრი კანდიდატი იბრძვის, თქვენი აზრით, ვის აქვს გამარჯვების შანსი?
- მართლა ძალიან მეცოდება თბილისელი ამომრჩეველი, 16 კანდიდატი მოვთვალე, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. ჩვენი პოლიტიკური სისუსტის გამოვლენა. რაც ლანჩხუთში მოხდა და შევჯერდით ერთ კანდიდატზე, ეს რომ მომხდარიყო სხვაგანაც, ძალიან კარგი იქნებოდა პარტიებისთვის, ოპოზიციისთვის, მთლიანად მერობის კანდიდატებისთვის და ამომრჩევლისთვისაც. იმიტომ, რომ ამომრჩეველი გულგატეხილია, ხედავს, რომ ოპოზიციამ ვერა და ვერ მოახერხა გაერთიანება და საზოგადოების თვალში ერთმანეთის მოწინააღმდეგეებად აღიქმებიან ოპოზიციის კანდიდატები. ლანჩხუთში ჩვენ შეხვედრებზე რომ ვამბობთ, გავერთიანდით დ შევჯერდით ერთ კანდიდატზე, ადამიანებს ეცვლებათ დამოკიდებულება, ნიჰილისტური პოზიცია, რომ მაინც აზრი არ აქვს, რატომ მივიდე არჩევნებზე, ესენი მაინც თავისი სკამებისთვის იბრძვიანო. მართლა სამწუხაროა, რომ თბილისში ეს ვერ მოხერხდა. მეორე ტური აუცილებლად იქნება, მაგრამ გული მწყდება, რომ საუკეთესო ადამიანები, იმის ნაცვლად, რომ ისინი იყვნენ მერობის კანდიდატები, საკრებულოში ვერ მოხვდებიან. მერად დასახელებული 16 კანდიდატიდან 14 მაინც რომ გამხდარიყო საკრებულოს წევრი, საკრებულო იქნებოდა სულ სხვანაირად ძლიერი, მით უფრო, ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია თუ გავიდოდა. თავიდან კარგი პოლიტიკა დაიწყეს, როცა მერობის კანდიდატად ნიკა მელია და საკრებულოს თავმჯდომარედ ელენე ხოშტარია დასახელდა, მაგრამ ამან ვერ იმუშავა. სამწუხაროდ, ის 15 ადამიანი, ელენეს თამადობით, რომ მეგულებოდეს საკრებულოში, გაცილებით ოპტიმისტურად ვიქნებოდი განწყობილი, რომ თბილისში კორუფცია მეტ-ნაკლებად გაკონტროლდებოდა და ვითარება მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდებოდა.

- ოპოზიციონერის რანგში გიორგი გახარიას შემოსვლა პოლიტიკაში რას ცვლის?
- ჩემთვის არაფერს ცვლის და არ ვფიქრობ, რომ გახარია ოპოზიციონერია და ცალკე პოლიტიკური ერთეულია. ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" ნაწილია, წარმოუდგენელია, გუშინ პრემიერ-მინისტრი იყო ადამიანი და დღეს ოპოზიციის ლიდერი გახდეს. ასეთი რამე არ ხდება, სავლე პავლე არ ხდება. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილსაც მობეზრდა "ქართული ოცნება" და ძალიან გაუხარდება, თუ ისინი წავლენ პოლიტიკურ მოუსავლეთში, ამიტომ მას სჭირდება შედარებით ნაცნობი სახეები პოლიტიკაში. ასეთი არის გახარია და ის ხალხი, რომელიც გახარიასთან ერთად არის. ყველა ის ამბები, რომ ვიღაცებს თითქოს ერჩიან, გახარიას პარტიის წევრებს ვგულისხმობ, მეჩვენება, რომ ეს არ არის რეალისტური და მოჩვენებითად არის გაკეთებული იმისთვის, რომ დაგვაჯერონ, თითქოს გახარია მართლა არის ოპოზიცია.

- ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლამდე საუბრობდა მესამე ძალის შექმნაზე, თვლით, რომ გახარიას სახით შექმნა მან მესამე ძალა?
- ბიძინასთვის ასეა, მესამე ძალაზე პრეტენზიები სხვებსაც აქვთ, მაგრამ ეს არის არა მესამე ძალა, არამედ - ბიძინას მესამე ძალის სახით წარმოჩენილი. თქვენ რამდენ ადამიანს იცნობთ დღეს საქართველოში, რომელსაც მილიონ დოლარს რომ შესთავაზებ და უარს იტყვის ამაზე და პრინციპულად არ შეიცვლის პოზიციას, არ გახდება ვიღაცის მსახური. იცნობთ ასეთ ადამიანებს? ჩემს თავზე შემიძლია ეს ვთქვა და კიდევ ერთი-ორ ადამიანზე, მაგრამ ვერ ვიტყვი, ბიძინას თუ დასჭირდა, ვერ მოისყიდის ადამიანებს.

- ბიძინა ივანიშვილს უნდა ეს ხალხი მოაშოროს ხელისუფლებას? თუნდაც კახა კალაძე?
- რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ბიძინამ შესანიშნავად იცის იმ კორუფციის შესახებ, რომელშიც კახა კალაძეა გარეული და ამიტომ არ მგონია, მას სჭირდებოდეს ასეთი მერი ან პოლიტიკური პარტიის წევრები, ან მთავრობაში ის ხალხი, რომელიც არის სრულიად არაკვალიფიციური, თანამდებობისთვის შეუფერებელი, რომელიც თავის საქმეს თავს ვერ ართმევს.

- ამ დღეებში აქტუალურია ფარული მოსმენები და ის ჩანაწერები, რომელიც ვრცელდება, თქვენი როგორც იურისტის შეხედულება როგორია ამაზე?
- ჩვენ ვიცოდით, რომ გვისმენდნენ, იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვისაც არ ჰქონდა ლოიალური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ და ვინც ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას, მაგრამ სკანდალურად გამოიყურება ის ამბავი, რომ გამოდის, უსმენენ ყველას. თავიანთ მინისტრებს რომ უსმენენ, მაგაზე არ ვდარდობ, მაგრამ საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელებს რომ უსმენენ, ეს ძალიან სახიფათოა. ჩვენი საპროტესტო ხმა თუ არ ჭრიდა ამის გამო, დარწმუნებული ვარ, ისინი ამას არ მოითმენენ, დიპლომატიური იმუნიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. როდესაც შენ დიპლომატებს უსმენ, ეს დაუშვებელია. ამის წინააღმდეგ იქნება ძალიან მძლავრი პროტესტი სადაც ჯერ არს და შეიძლება, ამან გაჭრას და ამ უბედურებისგან გავთავისუფლდეთ, თორემ ჩვენ ხომ დიდი ხანია, ისედაც ვიცით, გვისმენენ და დიდი ხანია შევეჩვიეთ ასეთ პირობებში ცხოვრებას. როგორც მიშას დროს ხდებოდა, ახლაც გრძელდება იგივე ფორმით მოსმენები.
როდესაც ძალიან ვაპროტესტებდი ამას მიშას დროს, ერთმა ადამიანმა მითხრა, თავისი ფულით ჩამოიტანა ბიძინამ ეს ხელსაწყო და როგორ გგონია, ამას თქვენი პროტესტი გააჩერებსო? რა თქმა უნდა, ვერ გააჩერებს. რაც შეეხება სასულიერო პირების მოსმენას, ყველაზე მეტად სჭირდებათ, რადგან ისინი იბარებენ აღსარებებს და ისინი არიან ყველა უმთავრესი გადაწყვეტილების მონაწილე მხარე, იქ უფრო მნიშვნელოვანი საუბრები მიდის და, რა თქმა უნდა, იმათაც უსმენენ. ეს ყველაფერი რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში, ამომრჩეველმა უნდა შეიწუხოს თავი, მოვიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს, ვისაც უნდა, გარდა 41-ისა. ოპოზიციის მრავალფეროვანი კანდიდატებიდან ვინც მათთვის მისაღებია, იმას მისცენ ხმა, არჩევანი მართლაც არის და იმის შესაძლებლობა, რომ მართლა საუკეთესო ადამიანებს მისცენ ხმა. მთვარია, "ქართულმა ოცნებამ" არ წაიღოს ხმების 43 და მეტი პროცენტი და ჩვენ აუცილებლად უნდა მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე.

(სპეციალურად საიტისთვის)

--
24 სექტემბერი 2021 19:02
და შენ სად წახვალ?
გიორგი-11
24 სექტემბერი 2021 17:00
ეს ქალბატონი, წინა საუკუნეში უფრო კარგად იქცეოდა!

რუბრიკის სხვა სიახლეები