"ჩვენ ვიხილეთ „ქართული ოცნების“ ღიად ორგანიზებული თავდასხმა ევროკავშირის საელჩოზე" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვიხილეთ „ქართული ოცნების“ ღიად ორგანიზებული თავდასხმა ევროკავშირის საელჩოზე"

"გუშინ ჩვენ ვიხილეთ "ქართული ოცნების" ღიად ორგანიზებული თავდასხმა ევროკავშირის საელჩოზე", - ასე შეაფასა პარტია "დროას" ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეებს, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" დააორგანიზა თავდასხმა და ბლოკირება ევროკავშირის საელჩოზე.

"გუშინ ჩვენ ვნახეთ ხარისხობრივად ახალი ეტაპი "ქართული ოცნების" მოქმედების, რომელიც მძიმედ აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ორგანიზაციასთან - ევროკავშირთან, რომლის გარეშე ქართული სახელმწიფოებრიობა, განვითარება უბრალოდ ვერ იარსებებდა და ვერ იარსებებს, თან ეს ხდება იმ ღრმა კრიზისის ფონზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი მმართველობის დროს ევროკავშირთან შექმნა ძალიან მიზანმიმართული ნაბიჯებით, დაწყებული შარლ მიშელის ხელშეკრულების გაუქმებიდან, ძალიან მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმით, ამჯერად უკვე ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის პირადი შეურაცხყოფით "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების მხრიდან. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით იქამდე, რომ "ქართულმა ოცნებამ" დააორგანიზა თავდასხმა და ბლოკირება ევროკავშირის საელჩოზე", - განაცხადა ხოშტარიამ.

მისი განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ არჩევნების გზით თავიდან აირიდონ ის საფრთხეები, რომელსაც "ქართული ოცნება" ქმნის.

"ქართული ოცნება" არის დამარცხებული ამ არჩევნებზე და ქართული საზოგადოების უმრავლესობის არჩევანი არის ევროკავშირი. ამიტომ, 2ოქტომბრის რეფერენდუმი არის არა უბრალოდ გაფორმება "ქართული ოცნების" წასვლის, რომელიც შემდგარია, არამედ ჩვენი ევროპული არჩევანის, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი კეთილდღეობა, უსაფრთხოება, სახელმწიფოებრიობა, ჩვენი მოქალაქეების მშვიდობა", - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება გუშინ, ევროკავშირის ოფისთან მოხდა. კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს, მათ შორის ერთმანეთს "მონა" და "ნაძირალა" ეძახეს.