"თუ ჩხუბი უნდათ, პარლამენტში შემოვიდნენ და აქ იჩხუბონ" - კვირის პალიტრა

"თუ ჩხუბი უნდათ, პარლამენტში შემოვიდნენ და აქ იჩხუბონ"

"ირაკლი კობახიძეს შესაძლებლობა ჰქონდა, ნიკა მელიასთვის პასუხი არ გაეცა და ეჩვენებინა, რომ ჩხუბსა და კონფლიქტზე მაღლა დგას - ასეთ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მელიაზე იქნებოდა", - ასე ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორი პარტიის თავმჯდომარეს შორის მომხდარ დაპირისპირებას პოლიტიკურ ჯგუფ "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

როგორც რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მელიასთან ამდაგვარი გამოცდილება მასაც აქვს, მაგრამ ყოველთვის ცდილობს აგრესიას აგრესიით არ უპასუხოს.

"ისეთი პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომელთა უკან ასობით ათასი ამომრჩეველი დგას, საქმეს მეტი პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ. ნიკა მელიას დაპირისპირება არ უნდა დაეწყო. არც ირაკლი კობახიძის პასუხი იყო სწორი - დაძაბულობა ისედაც გვაქვს, კონფლიქტები ხელოვნურად რომ არ შევქმნათ. მომხადარი დაპირისპირების არც ერთი ნაწილი არ იყო სწორი. ნიკა მელიაზე არის პასუხისმგებლობა, რადგან ეს ყველაფერი მან დაიწყო, მაგრამ ირაკლი კობახიძეს შეეძლო მელიასთვის პასუხი არ გაეცა და მშვიდად წასულიყო. ამით ბევრად მეტს მოიგებდა. თუ ჩხუბი უნდათ, პარლამენტში შემოვიდნენ და აქ იჩხუბონ", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილი იმასაც ამბობს, რომ ქვეყანაში ერთმანეთისადმი გინება ნორმა ხდება. "როგორც კი საჯარო პოლიტიკაში შევედი ფეისბუქზე და სადღაც უამრავი ადამიანი მაგინებს, ეს საჯარო პერსონისთვის ჩვეულებრივი ამბავია", - დასძინა რაქვიაშვილმა.