"გარდაცვლილი ადამიანის რეპუტაციის შელახვის ხარჯზე ცდილობდნენ თავი დაეცვათ" - რას ამბობს გიგა ბოკერია ლექსო ლაშქარავას საქმეზე - კვირის პალიტრა

"გარდაცვლილი ადამიანის რეპუტაციის შელახვის ხარჯზე ცდილობდნენ თავი დაეცვათ" - რას ამბობს გიგა ბოკერია ლექსო ლაშქარავას საქმეზე

"ხელისუფლება რესურსს კი არ ხარჯავდა ძალადობის აღკვეთაზე ან სამართლიან გამოძიებაზე, ისინი გარდაცვლილი ადამიანის რეპუტაციის შელახვის ხარჯზე ცდილობდნენ თავი დაეცვათ",- ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ლექსო ლაშქარავას საქმის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გამო შსს-ს 2000 ლარით დაჯარიმების ფაქტს.

როგორც ბოკერია განმარტავს, ხელისუფლებამ პროპაგანდაზე უზარმაზარი რესურსი დახარჯა.

"ეს ფორმალური დადასტურებაა იმისა, რაც საზოგადოებამ ისედაც იცის. ეს ყველაფერი მოხდა საჯაროდ, უტიფრად. როგორ მოექცნენ ოჯახს, როცა იქ მიცვალებული იყო, შემდეგ კი პროპაგანდა, რომელიც ავტომატურად ამოქოქეს და უზარმაზარი რესურსი დახარჯეს.

ისინი რესურს ძალადობის აღკვეთაზე ან გამოძიებაზე კი არ ხარჯავდნენ, მთელი სახელმწიფო მანქანა მომართული იყო მათ პროპაგანდაზე იმისთვის, რომ თავისი ჭკუით თავი დაეცვათ. ამისთვის გარდაცვლილი ადამიანის რეპუტაციის შელახვა ავტომატურად გადაწყვიტეს და განახორციელეს", - განაცხადა ბოკერიამ.

გარდა ამისა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მიმართ ნარკოტიკებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ბრალდებებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გუშინ "ქართული ოცნების" წევრები გიორგი გახარიას მხსნელად აცხადებდნენ, დღეს კი ამბობენ - "გატყუებდით".

"გუშინ გახარიას სუპერ მინისტრად, მხსნელად, სუპერ მენეჯერად აცხადებდნენ და ჩვენი საერთო სახსრები და ვალად აღებული თანხა დახარჯეს არა ვაქცინაციაზე, არამედ გახარიას პიარზე, მის პროპაგანდაზე. ახლა, როდესაც რაღაც მიზეზების გამო ეს ფრაქციები გაიყო, გვეუბნებიან, რომ გუშინ, როდესაც ამ კაცს გასაღებდით როგორც მხსნელს, გატყუებდით. გახარიაც ასე იქცევა და იძახის, რომ ესენი რომ არარაობები იყვნენ, ყოველთვის ვიცოდიო. ეს არის სახე ივანიშვილის რეჟიმისა და ყველა მისი გარემოცვის წარმომადგენლის პირით ცდილობს, მიგვაჩვიოს, რომ უზნეობა, სიცრუე, ყველაფერი "მოსულა" და საზოგადობრივი ცხოვრება არის ჭაობი, წუმპე და ყველა არის ამ წუმპეში, ამას პასუხი უნდა გავცეთ 2 ოქტომბერს",- განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეაფასა და შს სამინისტრო 2 000 ლარით დააჯარიმა.