ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში სიტყვით გამოვიდა - რა მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება პრემიერ-მინისტრმა?
25-09-2021
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში სიტყვით გამოვიდა - რა მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება პრემიერ-მინისტრმა?
ჩვენმა ისტორიამ ჩამოგვაყალიბა ძლიერ, ამაყ და გამძლე ერად, რომელიც გახსნილია მსოფლიოსთვის და ეძებს გზებს წინ წასასვლელად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე ქართველი ხალხი ახალ გამოწვევებს ყოველთვის თვალს უსწორებდა.

"ქართველი ხალხის სახელით მაქვს პატივი მოგმართოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას. საკუთარი წუხილის გასაზიარებლად და მოსაზრებების გამოსახატად, ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, ყველა
წევრ სახელმწიფოს ეძლევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხრიდან ეს პლატფორმა. დღეს, თანამშრომლობისა და გლობალური ჩართულობის ჩვეული ქართული სულისკვეთება შემომაქვს, რაც ჩვენს ქვეყანას ამოძრავებდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებისას, ოცდაათი წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.

ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფო შეიძლება ახალგაზრდა იყოს, თუმცა ჩვენი ფასეულობები და ტრადიციები ძირძველია. მრავალი
მღელვარე მოვლენა გამოვიარეთ, გადავრჩით და განვვითარდით მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე. ჩვენმა ისტორიამ ჩამოგვაყალიბა ძლიერ, ამაყ და გამძლე ერად, რომელიც გახსნილია მსოფლიოსთვის და ეძებს გზებს წინ წასასვლელად. საქართველო ის თვითნაბადი ალმასია, რომელსაც წახნაგების გამოკვეთა სჭირდება ქვეყნის სრული პოტენციალის საჩვენებლად. ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე - სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს და ჩრდილოეთი სამხრეთს - ჩვენ ყოველთვის ვუსწორებდით თვალს ახალ გამოწვევებს - ყოველ ცალკეულ ჯერზე ჩვენი წარსულის განმავლობაში",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო თანამეგობრობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევებზე რეაგირების მიმართულებით, ერთობლივი მოქმედებებისკენ მოუწოდა.

"დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია. რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ჭეშმარიტად გლობალური მოქალაქის იდეისადმი ჩვენი ქვეყნის ერთგულებას წინ ვერაფერი დაუდგება და ვერც გარე ძალები შეაფერხებს, თუმცა ჩვენი მრავალნაბრძოლი თავისუფლება ყოველ დღე ექცევა გამოწვევების ქვეშ. ჩვენივე მიწაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ვხდებით ჰუმანიტარული კრიზისის მომსწრე, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ ოკუპანტ ძალას აკისრია".

ღარიბაშვილმა აშშ-ის, ევროკავშირის, ჩინეთის და ვაქცინების მწარმოებლების ქართველი ხალხისთვის მარაგების მოწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" 2012 წლიდან მოყოლებული დემოკრატიული არჩევნები 6-ჯერ ჩაატარა და ყოველი მათგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად იქნა მიჩნეული.

"არჩევნები ხშირად ვნებებისა და მძიმე ბრძოლების ადგილად იქცევა; ემოციებიც მატულობს. თუმცა, როცა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, გამარჯვებულებს გულმოწყალება მართებთ, ხოლო დამარცხებულებს - ხალხის ნების დამორჩილება. თუ ვერ ვირწმუნებთ არჩევნების არსს, თავად დემოკრატია აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ.

ამიტომ, დღეს დემოკრატიის, წინსვლის, თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების ყველა აქ შეკრებილ ქომაგს მოგიწოდებთ, რომ მთელი გულით მიიღოთ მონაწილეობა თქვენს პოლიტიკურ სისტემაში. როდესაც ვნებები დაცხრება და გამარჯვებული გამოცხადდება, პატივი ვცეთ ხალხის ნებას, დავივიწყოთ განსხვავებები და ჩვენი ქვეყანა წინ წავიყვანოთ.

დემოკრატიის გამოწვევა მხოლოდ ჩვენ არ გვეხება. საქართველოში ბევრს მივაღწიეთ, თუმცა ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. ჩვენი უპირველესი და უმთავრესი ამოცანაა მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. ამავდროულად, ერთგულნი უნდა დავრჩეთ განათლებასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირების იდეისადმი; აღმოვფხვრათ სიღარიბე; გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა და მოვახდინოთ ჩვენი სამრეწველო, მომსახურების სფეროსა და სოფლის მეურნეობის სექტორების დივერსიფიკაცია", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თვის კითხვადი სტატიები