გიგა ბოკერია:"თავისუფალი სამყარო და დასავლეთი მხარს გვიჭერს, ოღონდ ჩვენ ჩვენით უნდა ვიმოქმედოთ და ახლა 2 ოქტომბერს ამ მოქმედების შანსი გვაქვს" - კვირის პალიტრა

გიგა ბოკერია:"თავისუფალი სამყარო და დასავლეთი მხარს გვიჭერს, ოღონდ ჩვენ ჩვენით უნდა ვიმოქმედოთ და ახლა 2 ოქტომბერს ამ მოქმედების შანსი გვაქვს"

თავისუფალი სამყარო და დასავლეთი მხარს გვიჭერს, ოღონდ ჩვენ ჩვენით უნდა ვიმოქმედოთ და ახლა 2 ოქტომბერს ამ მოქმედების შანსი გვაქვს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ გორში, ხაშურის, ქარელის, კასპისა და გორის საარჩევნო სიის წევრები, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, მტერი გვებრძვის ქვეყნის შიგნით, რომ მორალურად გაგვტეხოს.

"თქვენ ცხოვრობთ იმ რეგიონში საქართველოში, რომელიც ყველაზე ახლოს არის ჩვენი მტრის საოკუპაციო ჯართან. რამოდენიმე წუთის სავალზე აქედან დგას მტერი, რომელიც 200 წელია ჩვენ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას ებრძვის და უქმნის საფრთხეს. ახლაც ეს ჯარი არ არის გაჩერებული, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ თუ როგორ სიღრმეში შედის მათი ოკუპაცია. ამ კრიზისის გაღრმავება მხოლოდ ჯარის საფრთხეზე კი არ არის დამოკიდებული, რაც ძალიან დიდი საფრთხეა და ვიხილეთ კიდეც 2008 წელს, არამედ მტერი გვებრძვის ქვეყნის შიგნით, რომ გაგვტეხოს მორალურად, ჩვენი ქვეყნის რწმენა დაგვიკარგოს, შეგვაგუოს, რომ ასეთი ჭაობი ქვეყანა უნდა ვიყოთ, რომელსაც გარედან კარნახობენ თუ როგორ იცხოვროს, რომელმაც ვერასდროს ვერ უნდა გააღწიოს და იყოს ისეთ უბედურებაში, როგორშიც ყველა პუტინის რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანაა. თქვენ, საქართველოს მოქალაქეები ხართ ის ხალხი, რომელიც ამას არ ეგუება. დიახ, ჩვენ ამას არასდროს არ უნდა შევეგუოთ და ახლა ამ მომენტში, არ არჩევნებზე ჩვენ გვაქვს შანსი, რომ გავცეთ პასუხი იმ კაცს, ივანიშვილს, რომლის მოქმედებაც ჩვენი ქვეყნის შიგნით ჩვენს მტერს უწყობს ხელს ყოველდღე, რადგან ასეთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ოღონდ თვითონ იყოს ძალაუფლებაში უსასრულოდ და ამას შეწირავს საქართველოს მომავალს. ამას ვხედავთ ყველაფერში, კრიმინალთან შეკვრაში, რუსეთის პროპაგანდის გაძლიერებაში საქართველოს შიგნით, ასევე საქართველოს საკითხის გაქრობაში საერთაშორისო ასპარეზიდან, საქართველოს ომში დადანაშაულებაში ოპონენტების მაგივრად, ეს ხელისუფლება გვყავს დღეს", -აღნიშნა ბოკერიამ,

მისივე თქმით, ხელისუფლების ორი ბანაკი დაპირისპირებულია და პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ერთმანეთზე საუბრისას წარსულში გვატყუებდნენ, რაც არის ის რის დანერგვასაც პუტინის რუსეთის მსგავსი რეჟიმები ცდილობენ.

"სანამ გარე მტრის გამკლავებაზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში ქვეყნის შიგნით უნდა დავამყაროთ ეს წესრიგი, რომლის დროსაც გვეყოლება მთავრობა, რომელსაც ქვეყნის ინტერესები ამოძრავებს და არამხოლოდ პერსონალური ჭაობში ტივტივი. მთავრობა, რომელსაც არ აქვს იმის ამბიცია, რომ ქვეყანაში სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვა იყოს დაცული, სათავეში ყოფნას არ იმსახურებს. ამიტომ რადგან ყველა ვრგძნობთ ამ საფრთხეს, ყველა მოქალაქემდე უნდა მივიტანოთ ეს გზავნილი, რომ შემდეგ წუწუნს აზრი არ ექნება თუ ახლა არ გაინძრევი და საკუთარ ქვეყანას თავადვე არ მიხედავ. ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკოსებს, ეს ეხება ყველა მოქალაქეს, თუმცა მათთვის მოტივაციის მიტანაში თქვენ, ადგილობრივ ლიდერებს დიდი როლი გეკისრებათ. მტრის ჯართან ერთად ყველაზე საშიში არის, როდესაც ქვეყანას საფუძველს უთხრიან და ივანიშვილის რეჟიმი სწორედ ამიტომ არის ძალიან საშიში, ის ქადაგებს, რომ უზნეობა არის ნორმალური ამბავი, ტყუილი მოსულა ყოველდღე, ყველა უნდა იყოს გასვრილი, კარგი არავინ არაა, ყველა ერთმანეთზე უარესია, პოლიტიკა, საზოგადოებრივი ცხოვრება არის სიბინძურის ადგილი. შეხედეთ მათი ორი ბანაკის დაპირისპირებას, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ერთმანეთზე საუბრისას წარსულში გვატყუებდნენ, ეს არის ის რის დანერგვასაც პუტინის რუსეთის მსგავსი რეჟიმები ცდილობენ, რათა მორალურად გაგვტეხონ, თუმცა მე მინდა გავიხსენო ილიას სიტყვები - "ვისაც პატრიოტობა და ლიბერალობა სირცხვილად არ მიგაჩნიათ, დადექით საქართველოს მომავლის სადარაჯოზე". ასევე ილიას სიტყვებია - სასოწარკვეთა ყველაზე ცუდი რამ არის, რადგან ადამიანს მცონარეს ხდის და თუ ჩვენ თავად არ გავინძერით სხვისგან ნუ ველით ნურაფერს." თავისუფალი სამყარო და დასავლეთი მხარს გვიჭერს, ოღონდ ჩვენ ჩვენით უნდა ვიმოქმედოთ და ახლა 2 ოქტომბერს ამ მოქმედების შანსი გვაქვს", - განაცხადა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"