"გასათვალისწინებელია, როგორ მიიღებენ ღარიბაშვილის ინიციატივას აზერბაიჯანი და სომხეთი და ასევე - თურქეთის ფაქტორიც" - კვირის პალიტრა

"გასათვალისწინებელია, როგორ მიიღებენ ღარიბაშვილის ინიციატივას აზერბაიჯანი და სომხეთი და ასევე - თურქეთის ფაქტორიც"

"აგრესია უნდა დასრულდეს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, თორემ ეს ვითარება ქვეყანას დაშლის და დააქცევს, მით უფრო, რომ გარედან ამას ძალიან ბევრი წამახალისებელი ჰყავს"

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკვე კარზეა მომდგარი და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესიც სულ უფრო იძაბება. ჩვენ უკვე გავხდით არაერთი ფიზიკური დაპირისპირების მომსწრე დედაქალაქსა თუ რეგიონებში, ვიხილეთ ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე მისული დაპირისპირება "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეებს შორის. ამის პარალელურად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გაეროს ასამბლეას დაესწრო და მოხსენებითაც გამოვიდა. მან ისაუბრა დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე და ახალი იდეაც გაახმაურა.

"ჩვენი მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელ რეგიონში. სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ "სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას" ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად. ეს ფორმატი დიალოგსა და რწმენის შექმნას დაეხმარება და საერთო ინტერესების მქონე რეგიონულ საკითხებზე პრაქტიკულ გადაწყვეტას მოახდენს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად. საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ჩვენი მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები, რომელშიც ჩაერთვებიან ჩვენი სამხრეთკავკასიელი მეზობლები და საერთაშორისო პარტნიორები", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ინიციატივა ინიციატივისთვის, თუ რეალური შესაძლებლობა? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტთან კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძესთან:

- ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა მხოლოდ ამ ერთი ინიციატივითაც იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო. უნდა ითქვას, რომ ამგვარი ინიციატივა სხვადასხვა კონტექსტში ადრეც გამოთქმულა, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია, ეს კი ხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ამ ინიციატივას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა ნაკლებად ჰქონდა. ახალ ცოტა სხვა ვითარებაა - ვგულისხმობ ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს, სამხრეთ კავკასიაში გავლენების განაწილების ახალ მცდელობებს და, იმავდროულად, იმ შუამავლობას, რაც საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასწია, როდესაც აზერბაიჯანმა გაათავისუფლა სომეხი ტყვეები, სომხეთმა კი სანაცვლოდ დანაღმული ტერიტორიის რუკები გადასცა. ამ პროცესში კიდევ ერთი ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი: როდესაც ადრე მსგავსი ინიციატივები გამოითქმოდა, მათ განხორციელებას არა მხოლოდ დასავლეთის მხარდაჭერის ნაკლებობა უშლიდა ხელს, არამედ რუსეთის წინააღმდეგობაც, ანუ რუსეთი ყველანაირად გვაგრძნობინებდა, ჩემთან მოლაპარაკების გარეშე ამგვარი სამშვიდობო ინიციატივები ვერ განხორციელდებაო. სხვათა შორის, ახლაც, როდესაც საქართველოს შუამავლობით მოხერხდა ტყვეების გათავისუფლება, რუსეთმა გადაწყვიტა, სასწრაფოდ საკუთარი თავი წარმოეჩინა და ზუსტად ისეთივე ნაბიჯი გადადგა - მანაც 15 ტყვე დააბრუნებინა აზერბაიჯანს სომხეთისთვის, თანაც იმავე პირობებით. ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს მსგავსად და უფრო მასშტაბურადაც შეუძლიათ მოქმედება. მოკლედ, ღარიბაშვილის ინიციატივა არის საინტერესო და სწორი, მაგრამ საჭიროა დასავლეთის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა და რუსეთისთვის რამენაირად ხელ-ფეხის შეკვრა, რომ მის განხორციელებას ხელი არ შეუშალოს, რაც ურთულესი იქნება. თუმცა ამ ხელის შემშლელ გარემოებებთან ბრძოლას ნამდვილად ექნება აზრი...

აქ გასათვალისწინებელია, როგორ მიიღებენ ღარიბაშვილის ინიციატივას აზერბაიჯანი და სომხეთი და ასევე - თურქეთის ფაქტორიც, რაც განსაკუთრებულად გაძლიერდა ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ. ამ ყველაფრის კარგად გაანალიზებაა საჭირო, შესაბამისად, აუცილებელია შუალედის პოვნა და მანევრული პოლიტიკის წარმართვა, რასაც შეიძლება შედეგიც მოჰყვეს.

- ამ გამოსვლაში ღარიბაშვილმა მასშტაბურად ისაუბრა საქართველოს საგარეო კურსსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე, თუმცა ბოლო დროს მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, ამ თვალსაზრისით ბევრი შეკითხვა ისმის. მათ შორის არის "ნამახვანჰესის" გარშემო განვითარებული მოვლენებიც. თურქული კომპანია "ენკა" სახელმწიფოსთან ხელშეკრულების გაწყვეტას გეგმავს - ამაზე უკვე გაკეთდა განცხადებები... საქართველო უფრო და უფრო მეტად ხდება ენერგეტიკულად დამოკიდებული რუსეთზე, რაც აჩენს ეჭვს, რომ კრემლი ამას აუცილებლად გამოიყენებს პოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად...

- სამწუხაროდ, ენერგეტიკული თვალსაზრისით თითქმის ყველა მეზობელზე ვართ დამოკიდებული, ეს კი ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი არასწორი პოლიტიკის ბრალია.

დღეს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სრული ქაოსია. იმდენი რამ უშლის ხელს აქ ენერგეტიკის განვითარებას, იმდენი ხალხი მუშაობს ამის წინააღმდეგ, მიკვირს, მთლად სულს როგორ არ ღაფავს ეს ქვეყანა.

ძალიან ვრცლად განხილვა არ მინდა, მაგრამ ენგურიდან დაწყებული, ყველა იმ პროექტით გაგრძელებული, რომელთაც რეგიონული პოტენციალი აქვს, ან კუს ნაბიჯით ვითარდება პროცესები, ან პროექტები საერთოდ იბლოკება. უნდა ითქვას, რომ ხშირად ამ დაბლოკვაზე აქტიურად მუშაობენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ფსევდოეკოლოგიური ჯგუფები, რომლებიც თითქოს დასავლეთზე არიან მიბმული, არადა, ზუსტად არავინ იცის, ვისგან იღებენ ფულს და ვის ემსახურებიან. მაგალითად, რამდენიმე ჯგუფის უკან ვხედავთ რუსულ და არა მხოლოდ რუსულ ფულსა და ინტერესებს.

- მახსენდება ბაქო-ჯეიჰანის პროექტის საწყისი ეტაპი, როდესაც რამდენიმე თითქოსდა ბრიტანეთთან დაკავშირებული ორგანიზაცია გამოდიოდა მის წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოოდ გამჟღავნდა, რომ მათ უკან რუსული ინტერესი იდგა... - სწორედ ამგვარად მოქმედებენ დღევანდელი არასამთავრობოებიც უკვე სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტის წინააღმდეგ. გარკვეული კაბალური პირობების გამო არ მომწონდა "ენკასთან" დადებული ხელშეკრულება, მაგრამ "ნამახვანჰესის" და, ზოგადად, ამ კასკადის აშენება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, მისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის.

არ შეიძლება იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ასე მუშაობა გააგრძელონ და ჩვენ თვალზე ბინდგადაკრულებმა ვუყუროთ და ვუსმინოთ მათ.

- უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ბევრი შეცდომა დაუშვა. ისმის კითხვა: ამის მიზეზია არაპროფესიონალიზმი თუ მიზანმიმართული პოლიტიკა? მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საწინააღმდეგოდ მომართული მასშტაბური რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება... - ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლების წიაღში არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ საკუთარი ინტერესები და ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნის ინტერესებისგან.

სხვანაირად მიჭირს იმის ახსნა, როგორ შეიძლება დაიწყო ასეთი გრანდიოზული პროცესი და არ მოაგვარო ის საკითხები, რომლებიც, ადრინდელი გამოცდილებითაც აშკარა იყო, რომ კვლავ პრობლემური იქნებოდა. ვგულისხმობ, ძირითადად, პიარულ ნაბიჯებს, თუნდაც ადგილობრივ მოსახლეობასთან პრობლემების მოგვარებას და ა.შ.

რა გვაჩვენა "ნენსკრას" თუ "ხუდონის" თემამ? ის, რომ ასეთი პრობლემები ყოველთვის ჩნდება.

ან თუნდაც უცხოურ პროპაგანდასთან ბრძოლა ავიღოთ... როგორ შეიძლება საქართველოში არსებობდეს ისეთი ორგანიზაციები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე და რომლებიც მუდმივად განხეთქილების ჩამოგდებას ცდილობენ ქართველ საზოგადოებაში. ისინი უცხოეთში ქმნიან ქართული ეთნიკური ლანდშაფტის მახინჯ სურათს. როგორ შეიძლება ასეთ ჯგუფებს პასუხს არ ვთხოვდეთ?! ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ან გულგრილად ეკიდებიან საქმეს, ან ვერ ხვდებიან პრობლემების არსს, ანაც მოღალატურად იქცევიან. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ხალხს პასუხი უნდა მოეთხოვოს და მოგვეცეს საშუალება, ენერგოგანვითარებისთვის სწორი სივრცე შეიქმნას.

რაც შეეხება, ზოგადად, ხელისუფლებას, მისკენ ხელის გაშვერა ადვილია და სწორადაც, რადგან მისი პასუხისმგებლობის წილი ძალიან დიდია, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ საზოგადოება და დანარჩენი პოლიტიკური სპექტრიც. ვერ ვხედავ, რომელიმე საკუთარ პასუხისმგებლობას იაზრებდეს და ისე მოქმედებდეს. ქვეყანა ასე არ შენდება. უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ როცა საქმე ეროვნული მნიშვნელობის საკითხებსა და ქვეყნის განვითარებას ეხება, კონსოლიდირებული მიდგომაა საჭირო და ამგვარ პრობლემებს მხოლოდ ხელისუფლება ვერ მოაგვარებს.

- სამწუხაროდ, წელსაც, ისევე, როგორც ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა, ბინძური წინასაარჩევნო კამპანიის მომსწრენი ვართ - ისევ ჩანაწერები, ლანძღვა-გინება, ფიზიკური დაპირისპირება და ა.შ. საბოლოოდ ამ ყველაფრით კი ჩვენი სახელმწიფო ზარალდება. რა არის მიზეზი, რომ პოლიტიკურ ცხოვრებას მუდმივად კრიმინალური ელფერი აქვს და ქვეყნის რყევა არა და არ მთავრდება? - ეს ბევრი ფაქტორით არის განპირობებული: პოლიტიკური გამოცდილების დეფიციტი, პოლიტიკური კულტურის არქონა, უცხო ძალების მოქმედება, აგენტურა ქვეყანაში, რთული ეკონომიკურ-სოციალური ვითარება, საშუალო ფენის ვერა და ვერ ჩამოყალიბება და ა.შ. ჩვენ უნდა გავიაზროთ შემდეგი: საქართველო მდებარეობს უკიდურესად მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ადგილას. უამრავი მეთოდოლოგია არსებობს, რომელთა საშუალებით გარე ძალები ცდილობენ აქ კონტროლის დამყარებას და სარგებლის მიღებას. რას აღარ იყენებენ ამისთვის, ამას კი ერთვის ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრის სისუსტე და მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი. ამ ყველაფერს ჩვენი სამხრეთული ხასიათიც ემატება და საბოლოოდ ვიღებთ ამ ქაოსს.

ალბათ, დრო უნდა გავიდეს, თაობა შეიცვალოს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დონე გაჩნდეს. თანაც ქართულ პოლიტიკაში ბევრი ის ადამიანი უნდა დასაქმდეს, ვისაც დასავლური სკოლა ექნება გავლილი, თუმცა

იმის მაგალითებიც ვიცით, დასავლური დემოკრატიის სკოლაგავლილი ადამიანები აქ ჩამოსვლის შემდეგ რატომღაც ყველაზე უარესი ქართველი პოლიტიკოსებივით რომ იქცევიან.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს პოლიტიკური პროცესისა და არჩევნების მიმართ ჩამოუყალიბდა ე.წ. მომხმარებლის ფსიქოლოგია - არჩევნები იქცა სარგებლის მიღების საშუალებად, შესაბამისად, ამ ხალხის არჩევანიც ამ სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. მოკლედ, მთელი პოლიტიკური პროცესი ასეა გარყვნილი და შედეგიც ამ ყველაფრის შესაბამისი გვაქვს: პოლიტიკური კლასი, რომელიც მზად არის, საკუთარი ინტერესი ყველაფერზე მაღლა დააყენოს და ამ კლასისადმი უნდობლად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რომელიც მზად არის, ხმა მიჰყიდოს იმას, ვისგანაც მეტ სარგებელს მიიღებს. ამ ვითარების გათვალისწინებით ვართ გაჩხერილი ორ ცნებას - ქვეყანასა და სახელმწიფოს შორის.

- არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", ტრადიციულად, ამ საარჩევნო კამპანიის დროსაც ცდილობდნენ, პოლიტიკური ველი ორი პოლუსის დაპირისპირების ზონად წარმოეჩინათ. პირადად მე მელია-კობახიძის თითქმის ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მისული დაპირისპირებაც იმ რადიკალური მიდგომების გაგრძელებად შევაფასე, რომლითაც ე.წ. შუას მოსუფთავებას ცდილობენ. ამავე კონტექსტშია განსახილველი მიხეილ სააკაშვილის მერამდენე დაქადნებაც, საარჩევნოდ ჩამოვდივარო... როგორ ფიქრობთ, ამჯერად შედეგიანი იქნება ამ ორი პარტიის ეს მცდელობები? - გეთანხმებით, ამ ორმა ძალამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს, რომ ეს ორპოლუსიანობა შეინარჩუნოს. მიუხედავად იმისა, რომ, დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, ვფიქრობ, ამ ორპოლუსიანობაში გარკვეული კორექტივები შევა, ოღონდ - არჩევნების შემდეგ.

ჩემი აზრით, დედაქალაქში აუცილებლად გაიმარჯვებს კახა კალაძე. არ გამოვრიცხავ, ეს პირველივე ტურში მოხდეს. აი, არჩევნების შემდგომ რა მოხდება, ჩემთვის ეს უფრო რთული სათქმელია. ვნახოთ, რა დასკვნებს გააკეთებენ და როგორ კონფიგურაციას მივიღებთ. რაც მელიასა და კობახიძეს შორის მოხდა, მეც მიმაჩია, რომ წინასწარ განზრახული პროვოკაციული ქმედება იყო ნიკა მელიას მხრიდან, რათა გარკვეული ველი შეექმნა და ორი ძალის დაპირისპირება უფრო გამოეკვეთა. ხომ ნახეთ, აშკარად თვითონ იყო პროვოკატორი, მაგრამ მერე მსხვერპლად გამოიყვანა თავი. სიმართლე გითხრათ, მისგან ასეთი მოქმედება ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან აქამდე უფრო სხვა ტიპის პოლიტიკოსად მივიჩნევდი, თუმცა "შუბი ხალთაში არ დაიმალა" და გამოჩნდა, რეალურად რასაც წარმოადგენს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიც ორპოლუსიანობის შენარჩუნებას ემსახურება. პოზიციონირებს რა, როგორც მთავარი ოპოზიციური ფიგურა, რაც მისგან გასაკვირი ნამდვილად არ არის, ამით ცდილობს "ნაცმოძრაობის" ამომრჩევლის მობილიზებას. მან კარგად იცის, რომ რაც მეტად გამოჩნდება, დანარჩენი ოპოზიცია მით უარეს მდგომარეობაში ჩავარდება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ურთიერთობა დამყარდა მიხეილ სააკაშვილს, "ნაცმოძრაობასა" და დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს შორის, ეს ყველაფერი არის დეკორაციული. სააკაშვილისთვის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი პერსონა და "ნაცმოძრაობა".

- ბევრი მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება გიორგი გახარიას ფაქტორი, რომელსაც საკმაოდ ბინძურად ებრძვიან "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც"... - ეს ანტიპიარი - თუნდაც ნარკომომხმარებლობის ძალიან უხერხული თემა - ვფიქრობ, გახარიას წინააღმდეგ არ მუშაობს, მაგრამ მის ბიოგრაფიაში არის მომენტები, რომლებიც მუშაობს მის საწინააღმდეგოდ. აღარ მინდა ამ კონკრეტული ამბების ჩამოთვლა, მკითხველმა ჩემზე უკეთ იცის.

გახარიას გარკვეული უარყოფითი სალდო ჰქონდა ოპოზიციაში გადასვლისას. მოახერხა თუ არა ამის დაძლევა, არჩევნების შედეგებით გამოჩნდება.

ამ არჩევნებზე გახარიას განსაკუთრებული შანსი აქვს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მით უფრო, რომ მისი გუნდის სიჭრელე ბევრ კითხვას წარმოშობს, თუმცა მას უკვე აქვს თავისი ნიშა და თუ ამ არჩევნებში ორნიშნა მხარდაჭერის მიღებას მოახერხებს, არ გამოვრიცხავ, უკვე მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ანგარიშგასაწევ ძალად იქცეს.

- დასასრულ, თქვენი აზრით, იქცევა ეს არჩევნები იმ რეფერენდუმად, რომლის მოლოდინსაც ოპოზიცია აჩენს? - წლებია, მოვლენები ერთი და იმავე სქემით ვითარდება - თითქმის ყველა არჩევნების შემდეგ შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია ცდილობს, ეს შედეგები არალეგიტიმურად გამოაცხადოს, არეულობის მოწყობა სცადოს და ა.შ.

ვფიქრობ, "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, თუმცა ველი, რომ ახლაც იგივე მოხდება, ანუ ოპოზიცია ამ გამარჯვებას არ მიიღებს და ისევ ქუჩაში გამოვა.

რაც შეეხება რეფერენდუმზე ლაპარაკს, რაც ე.წ. მიშელის დოკუმენტში ჩაწერილი 43%-იანი ბარიერით არის განპირობებული, ვფიქრობ, ამის რეალობად ქცევის შანსი არ არსებობს, რადგან "ქართულმა ოცნებამ" ეს დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამასთანავე,

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა არც საზოგადოების დიდ ნაწილს სურს და არც - ოპოზიციური ძალების ზოგიერთ წარმომადგენელს.

სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის ნაწილი 2-ს კი არა, 3 ოქტომბერს ელოდება და უკვე მზად არიან, ალაპარაკდნენ, რომ არჩევნები გაუყალბეს.

არ გამოვრიცხავ, იმავე ვითარებაში აღმოვჩნდეთ, რაც იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ისევ დაიწყება ქვეყნის რყევა, საზოგადოებრივი დაპირისპირება, ერთმანეთის ლანძღვა-გინება, მეორეხარისხოვან თემებზე ყურადღების გადატანა და ა.შ.

ამას წინათ ერთი შუმერული მიმართვა წავიკითხე - ღმერთმა გაიაროს ჩვენ შორისო... დღეს ქართველი საზოგადოება ისე დაყოფილი, ისე აგრესიულად არის ერთმანეთის მიმართ განწყობილი, რომ ჩვენ შორის ღმერთის გასავლელი ადგილი აღარ დარჩა. აგრესია უნდა დასრულდეს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, თორემ ეს ვითარება ქვეყანას დაშლის და დააქცევს, მით უფრო, რომ გარედან ამას ძალიან ბევრი წამახალისებელი ჰყავს.