"ჩვენ შევარიგებთ ყველას, დავამშვიდებთ ყველაფერს და მივხედავთ საქმეს" - კვირის პალიტრა

"ჩვენ შევარიგებთ ყველას, დავამშვიდებთ ყველაფერს და მივხედავთ საქმეს"

"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" არ მონაწილეობს დაპირისპირებაში, ჩვენი განსხვავებული ხელწერა ეს არის - ჩვენ შეგვიძლია შევარიგოთ ეს ხალხი", - ასე შეაფასა "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძის დაპირისპირება. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველი "მესამე ძალას" დაუჭერს მხარს, პოლიტიკოსების დაპირისპირებას წერტილი დაესმება. "... არავის დაძმაკაცებას არ ვაპირებთ, მაგრამ გარანტიას ვაძლევთ ყველას, რომ ჩვენი მხარდაჭერისა და გამარჯვების შემთხვევაში, შეგვიძლია დავასრულოთ დაპირისპირების, თავპირისმტვრევის ფაზა ქართულ პოლიტიკაში და გადავიდეთ საქმის კეთებაზე. ის, რაც ხდება, ჩვენს ტვინსა და აზრზე შტურმია, რათა საქართველოს მოქალაქემ არჩევნების დროს რაციონალური გადაწყვეტილება ვერ მიიღოს, ნიჰილიზმი დაინერგოს. ამას აკეთებს "ქართული ოცნება" და როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერიც აჰყვება, ძალიან ცუდია, რადგან ეს ხელს უწყობს მმართველი გუნდის საარჩევნო სტრატეგიას, რომ არ იყოს საუბარი საქმეზე", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

- არანორმალურ ვითარებაში მიდის საარჩევნო პროცესი. დაჭრა, გატაცება ხდება სტანდარტი, პოლიტიკური შეხედულებების გამო დაპირისპირებამ სრულიად სხვა განზომილება შეიძინა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ პოლიტიკოსი ლიდერების დაპირისპირება საზარელი ფაქტი იყო, მაგრამ სახელისუფლებო პარტიის მიერ აქტივისტების მიყვანა საქმის გასარჩევად - კიდევ უარესი. უკიდეგანოდ უსამართლო ვითარება ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. "ქართული ოცნება"ძალადობით ცდილობს არჩევნების გაფორმებას, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ძალადობს ადამიანების ტვინებზე. მე მაქვს მარტივი გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის: გინდათ ანომალიური სიტუაციის დამთავრება, მშვიდობიანი განვითარება, წინსვლა და საქმის კეთება? აგერ არის "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი", ჩვენ შევარიგებთ ყველას, დავამშვიდებთ ყველაფერს და მივხედავთ საქმეს.

- როგორ ახსნით იმას, რომ ყველაზე დიდი ელექტორატი სწორედ იმ პოლიტიკურ ძალებს ჰყავთ, რომლებიც თქვენ მიერ ანომალიურად შეფასებულ დღის წესრიგს გვთავაზობენ? - 2012 წლიდან დღემდე "ოცნების" ერთადერთი სტრატეგიაა "ნაცმოძრაობა" დაიტოვოს ერთადერთ საპირწონედ, შექმნას მისგან საფრთხობელა და ამით მოიგოს არჩევნები. ამ სტრატეგიას ახლავს ძალიან დიდი საინფორმაციო კამპანია, რომელიც ძალადობს ადამიანების გონებაზე. ამიტომ, უნდა გამოვფხიზლდეთ. ადამიანები არჩევანს აკეთებენ ემოციურ ფონზე და არა რაციონალური ანალიზის შედეგად. სანამ ასეთ ირაციონალურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ყოველთვის ასეთ დღეში ვიქნებით.

- ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრისას თქვენი საუბრის მთავარი თემა რა იყო და რას ფიქრობენ პარტნიორები ბოლოდროინდელ მოვლენებზე? - საქართველოზე წარმოდგენა აქვთ დაკარგული. დღეს ჩვენ რეალურად არჩევნები კი არა, ანტიარჩევნები გვაქვს.

იმას კი არ ვფიქრობთ, ვის მივცეთ ხმა, ჩვენი მთავარი საფიქრალია, ვის წინააღმდეგ მივცეთ ხმა. "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ მიცემული ხმები "ოცნების" ყულაბაში მიდის. არ არის ამ ქვეყანაში მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება". ამას ხედავენ დასავლელი პარტნიორებიც და მათაც სურთ ამ მოჯადოებული წრის გარღვევა.

ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დაესვა საქართველოსთან პარტნიორობას. არავის სურს იმ ქვეყანასთან პარტნიორობა, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობას ვერ იძენს, სადაც არჩევნებიც ვერ ჩატარებულა ნორმალურ გარემოში. რა ასოცირებული წევრი, რა ევროკავშირის წევრობა, რა ნატოში გაწევრება... მმართველი პარტია ამდენი ტყუილით, გადაგდებით, შეთანხმებაზე ხელის მოწერით და მერე ამავე ხელშეკრულების ანულირებით ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროპულ გზას.

დასავლელი პარტნიორები ჩვენ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს, სრულ მხარდაჭერას გვიცხადებენ, იმიტომ, რომ სახელმწიფოებრივი პოზიცია ვაჩვენეთ, მაგრამ მხოლოდ მათი მხარდაჭერა საკმარისი არ არის, ხალხმა უნდა გამოხატოს ნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერავინ ვერაფერს შეცვლის ამ ქვეყანაში.

შეხვედრაზე ევროკავშირის ყველა ელჩს ბოდიში მოვუხადე იმისთვის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, რომ მათ უსმენენ და უთვალთვალებენ. ვუთხარი, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის სურვილი და მხოლოდ "ქართული ოცნების"ძალადობრივი რეჟიმის საერთაშორისო დანაშაულია. ასევე ვისაუბრეთ წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე. სამტრედიაში ჩვენი კანდიდატი გაიტაცეს, მოახსნევინეს კანდიდატურა და მხოლოდ ამის შემდეგ დააბრუნეს უკან. ჩვენ მათ კიდევ ერთხელ ვთხოვეთ, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე ამ მძიმე პოლარიზებულ გარემოს ვერ გადავტეხთ. მათ გვითხრეს, რომ უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები არიან ჩამოსული, რომ ძალადობა მიუღებელია, მთავარია ქართველმა ხალხმა გამოხატოს ნება.

- თქვენ ამბობთ, რომ "ოცნება" იძულებული იქნება შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება. ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? - მიშელის შეთანხმების ხელმომწერებისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვისაც შეთანხმება ძალაშია. ისინი ამ შეთანხმების შესაბამისად მოქმედებენ და ითხოვენ რეფორმების გატარებას. თუ 2 ოქტომბერს "ოცნება" 43% ვერ აიღებს, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მკაფიოდ იტყვიან, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

- და ჩატარდება? - ჩატარდება. ამას ვერ წაუვა "ოცნება". არსებობს მექანიზმები, რომლებიც აიძულებს გონს მოეგონ. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხსა და მის სწორ არჩევანზე.

ხათუნა ბახტურიძე