"ჩვენ იმ სამყაროს ნაწილი უნდა გავხდეთ, რომელიც ვიღაცის გეოპოლიტიკური თამაშების ობიექტად გადაქცევის საშუალებას არ მოგვცემს" - კვირის პალიტრა

"ჩვენ იმ სამყაროს ნაწილი უნდა გავხდეთ, რომელიც ვიღაცის გეოპოლიტიკური თამაშების ობიექტად გადაქცევის საშუალებას არ მოგვცემს"

"ჩვენ სანდო პარტნიორის იმიჯს ვკარგავთ"

სამხრეთ კავკასიაში ვითარება სულ უფრო ძნელად პროგნოზირებადი ხდება. ბოლო დღეებში ირანსა და აზერბაიჯანს შორისაც კი ისე დაიძაბა ურთიერთობა, რომ საზღვარს ორივე მხარემ სამხედრო ტექნიკა მიაყენა... პოლიტოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გობრონიძე მსოფლიოსა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრა.

- ირანის მოქმედებები არ არის პროაქტიული ნაბიჯი. ეს არის მისი რეაქცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, რადგან კასპიის აუზში აზერბაიჯანთან ერთად აქტიურად გამოჩნდა თურქეთი. შესაბამისად, ირანს ამაზე კონტრრეაქცია აქვს და ფრთხილობს, რადგან კასპიის აუზი ცენტრალური აზიის რეგიონის გასაღებია. ბუნებრივია, ირანი გულხელდაკრეფილი ვერ იქნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახლახან თურქეთის ერთ-ერთ სამთავრობო გაზეთში დაბეჭდილ სტატიაში ირანის რუკიდან გაქრობაზე წერდნენ. ამას მოჰყვა ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებაც, არავის ვურჩევთ ეთამაშოს ლომის კუდს და მოგვეცით შესაძლებლობა ჩვენი ძლიერების თუნდაც ნახევარი ვაჩვენოთო. ასე რომ, აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო წვრთნები ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსის დარღვევამ განაპირობა. ბოლო დროს მთიან ყარაბაღში ეთნიკური სომხების მიმართ წარმოებული პოლიტიკა ცუდად აისახა ირანისა და აზერბაიჯანის ურთიერთობაზე, ვინაიდან ტვირთები, რომლებიც სომხებს ირანიდან მიეწოდებოდა, აზერბაიჯანის გაძლიერებულ კონტროლში მოექცა, შემოიღეს საგზაო გადასახადიც 130 დოლარის ოდენობით, ამას მოჰყვა ორი ირანელი მძღოლის დაპატიმრებაც, რაც ირანმა მწვავედ მიიღო. ეს მხოლოდ სამართლებრივი პროცესი კი არა, ერთგვარი გზავნილიც იყო მეორე სახელმწიფოსთვის, რომ მიმდინარეობს გავლენებისთვის ბრძოლა - აზერბაიჯანი თურქეთის მხარდაჭერით სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ლიდერად ყალიბდება. ირანი კი ცდილობს აჩვენოს, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა და თუ საჭირო გახდება, თურქეთსა და აზერბაიჯანსაც ადგილს მიუჩენს. ნიუ-იორკში ირანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ორივე მხარე ამბობდა, რომ მათი სახელმწიფოების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, იმავდროულად კი ირანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მესამე მხარის ჩარევა მიუღებელია. ამით განაცხადა, რომ განსაზღვრულ საკითხებში თურქეთი არ უნდა ერეოდეს.

- ლაპარაკია თურქეთისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრაზე. შედგება თუ არა და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს რეგიონზე? - ერდოღანისა და ფაშინიანის შეხვედრაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა ძნელია პროგნოზირება, შეხვდებიან თუ არა... სომხეთს ძალიან სჭირდება თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება. სახმელეთო საზღვრები თითქმის ჩაკეტილი აქვს, მხოლოდ საქართველოსთან აქვს გახსნილი გზა, რაც მისი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აი, მსოფლიო ეკონომიკასთან წვდომა კი შეზღუდული აქვს. ფაქტობრივად, იზოლაციაშია, რაც რატომღაც არ ესმით სომხეთში. თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება აზერბაიჯანის წნეხსაც შეაჩერებს და დადებითად აისახება კონფლიქტის დინამიკაზეც. თურქეთთან ურთიერთობის დალაგება ძალიან გაანაწყენებს რუსეთს, მაგრამ სომხეთმა უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. სომხეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ, ბოლოს და ბოლოს, უნდა ჩამოაყალიბონ საერთო თანამშრომლობის მოდელი. საქართველოც რთულ ვითარებაშია - ორივე მეზობელთან ცალ-ცალკე თანამშრომლობს, ერთიანი სამეზობლო პოლიტიკის შესაძლებლობა არა გვაქვს. სომხეთმა თუ შეძლო თურქეთთან ვითარების დალაგება, ეს ქართულ-სომხურ ურთიერთობასაც წაადგება. 1988 წლიდან რეგიონი "დაყავი და იბატონეს" პრინციპით არის დაყოფილი და მასზე გარე ძალები ბატონობენ. ასეთი პრინციპით მართული რეგიონი ყოველთვის სახიფათოა.

- ერდოღანმა სომხეთთან ურთიერთობების განვითარებაზე საუბრისას ახსენა "ექვსეულის პლატფორმა", რომელიც რუსეთის, ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის პლატფორმას მოიაზრებს. - ამ საკითხზე საქართველოს ძალზე სწორი პოზიცია ჰქონდა - რუსეთის მონაწილეობით მისთვის ნებისმიერი პლატფორმაში ყოფნა მიუღებელია. "ექვსეულის პლატფორმა" გულისხმობს რეგიონულ აქტორებს შორის სამხრეთ კავკასიაში გავლენის სფეროების გადანაწილებას.

რაც უნდა "ექვსეული" ეძახონ, სინამდვილეში დიდი სამეული გამოდის - ირანი, თურქეთი და რუსეთი. საქართველო რეგიონში დღის წესრიგს ვერ ქმნის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში დასავლეთის ყოფნა, რათა იმ სამი რეგიონული აქტორის გავლენები დააბალანსოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია, ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი ხელშეკრულება გვაქვს, რომელიც ბოლომდე არ არის შესრულებული და ამ პირობებში ძნელია რეგიონულ თანამშრომლობაზე საუბარი. შეუძლებელია იმ ქვეყნის პარტნიორი იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას განაგრძობს. ერდოღანმა პრემიერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისთვის ნებისმიერი სამმხრივი ფორმატი მისაღებია - იქნება ეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი თუ საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი. თავად ეს ფორმატი თავისი ხასიათით კონტროვერსიულია, იმიტომ, რომ სახეზეა სამი დიდი ქვეყანა თავისი ინტერესებით. შესაბამისად, ეს ფორმატი უფრო კონკურენციისთვის ნიადაგის მომზადებას ემსახურება, ვიდრე თანამშრომლობას. შანხაის თანამშრომლობის პლატფორმაც პარტნიორული ურთიერთობის კვალდაკვალ რუსეთ-ჩინეთის კონკურენციასაც გულისხმობს, მათი ინტერესები მკაფიოდ არის გამიჯნული. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველომ "ექვსეულთან" დაკავშირებით თავისი პოზიცია ძალზე სწორად დააფიქსირა, მით უფრო, რომ საქართველომ არაერთხელ მწარედ იწვნია რუსეთთან თანამშრომლობის გემო. მის "ანატომიას" ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ.

- გასულ კვირას რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები ჩატარდა. რას უნდა ელოდოს საქართველო და ზოგადად, მსოფლიო, პოზიციებგამყარებული პუტინისგან? - ყველაფერს, მშვიდი, ლოიალური და დაბალანსებული პოლიტიკის გარდა. რუსეთში მანამდეც იყო ძალაუფლების ძლიერი ვერტიკალი ავტორიტარული მმართველობით და ასევე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ დუმაში ახალი სახეები შევიდნენ, მათ შორის "ფაბერლიკის" მფლობელის მოძრაობა, რომელიც პუტინის მიმართ ძალზე ლოიალურია. ასე რომ, რუსეთი იმავე ინტერესებისა და პრობლემების მქონე ავტორიტარულ სახელმწიფოდ დარჩა. ის თუნდაც შიდა ძვრების ხარჯზე არასდროს შეცვლის საგარეო პოლიტიკას და ეს მისი ისტორიიდანაც კარგად ჩანს. სხვადასხვა ფორმაციით არსებობდა, მათ შორის, აბსოლუტური მონარქიის სახით, ტრანსფორმირებული რუსეთის იმპერია - საბჭოთა კავშირი, შემდეგ რუსეთის ფედერაცია, მაგრამ თავის სიახლოვეს, სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მუდმივად სჭირდებოდა გეოპოლიტიკური პოზიციები ან კოალიციური კოშმარი, რათა ექსკლუზიური გავლენები არ დაეთმო. რუსეთის ხელისუფლება ერთ დღეს ლიბერალურ დემოკრატიად რომ გადაიქცეს, ეს მოცემულობა მაინც არ შეიცვლება...

დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა რუსეთი და საგარეო პოლიტიკა კი არა, მუდმივი შიდაპოლიტიკური ტურბულენტობაა. ქვეყნის დამოუკიდებლობის თითქმის 30-წლიან ისტორიაში მმართველ ძალებს ყოველთვის ჰგონიათ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ხელისუფლებაში იქნებიან. მეორე პრობლემა ის არის, რომ მთავრობამ ევროკავშირის საშეღავათო სესხზე უარი თქვა და მნიშვნელოვანია, რატომ - ხელისუფლებამ ქვეყანა არ წაიყვანა დემოკრატიული განვითარების გზით, როგორც უნდა წასულიყო, ვინაიდან ხელისუფლების შეცვლის რისკი ჩნდებოდა და არ გარისკა. ეს პრობლემა აირეკლა კიდეც ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. რუსეთისგან განსხვავებით, სადაც შიდატურბულენტობა არ განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, საქართველოში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასეთი ქმედებები აზიანებს ქვეყნის იმიჯს, ძველებურად აღარ გვენდობიან სტრატეგიული პარტნიორები.

ჩვენ სანდო პარტნიორის იმიჯს ვკარგავთ. ამას, როგორც მმართველი ძალა, ასევე, ოპოზიციაც უნდა გაუფრთხილდეს. თუ მუდმივად პოლარიზებულ, პრეაპოკალიფსურ რეჟიმში ვიქნებით, წინ ვერ წავალთ. მოსახლეობის კონტროლზე, მოსმენებზე, მისი ნების დათრგუნვაზე, მის წინააღმდეგ მოქმედებებზე უამრავი რესურსი დაიხარჯება და ერთ წრეზე ვიტრიალებთ. დემოკრატიული გარდაქმნა ევროპისთვის თავის მოსაწონებლად კი არა, სრულფასოვანი სახელმწიფოს ასაშენებლად გვჭირდება. თუმცა ხშირად ქვეყნის დემოკრატიზაციას ევროკავშირის გაწევრების წინა პირობად განვიხილავთ, რაც შეცდომაა. დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა თუ არ გვექნება, სრულფასოვანი სახელმწიფო ვერ ვიქნებით... მნიშვნელოვანია ქვეყნის მართვაში საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესის გათვალისწინება და ამგვარად პოლარიზაციის გადალახვა, რაც თითქმის 90-იანი წლებიდან მოგვყვება.

სამოქალაქო ომის ფანტომი გვირგვინივით გვადგას თავზე. ახლაც მუდმივად არის ლაპარაკი სამოქალაქო დაპირისპირების რისკებზე, დესტაბილიზაციის საფრთხეზე, რევოლუციაზე... ეს ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. მომავალ თაობას არ უნდა ჰქონდეს მუდმივად იმის განცდა, რომ ერთ დღეს პოლიტიკური ცვლილებების გამო შესაძლოა ყველაფერი თავზე ჩამოექცეს. დემოკრატიას სტაბილურობაც მოაქვს.

დასავლეთი კი იმისთვის გვინდა, იმ ზემოთ ხსენებული სამეულის - რუსეთის, ირანისა და თურქეთის პირისპირ არ დავრჩეთ, მათი გავლენის სფეროების გაყოფის ობიექტი არ ვიყოთ, როგორც მე-18-19 საუკუნეებში ხდებოდა. იმ სამყაროს ნაწილი უნდა გავხდეთ, რომელიც ვიღაცის გეოპოლიტიკური თამაშების ობიექტად გადაქცევის საშუალებას არ მოგვცემს. ნატოს რომ თავი დავანებოთ, ევროკავშირის წევრიც რომ ვიყოთ, ბევრად ნაკლები საგარეო საფრთხეები გვექნება, ვიდრე ახლა გვაქვს. ნატოს წევრი რომ ვიყოთ, სრულად დაცული ვიქნებოდით, ასეთ ქვეყანას კი შეუძლია ძალები მშვიდად განვითარებისკენ, ეკონომიკური წინსვლისკენ მიმართოს ძალები. ქვეყნის დედაქალაქიდან 40 კილომეტრში მსოფლიოს ყველაზე აგრესიული ქვეყნის სამხედრო ძალები დგას. ყოველ არჩევნებს რყევები ახლავს, უამრავი პოპულისტური ჯგუფი ცდილობს ხალხის ემოციებით მანიპულირებას. ასეთ ქვეყანაში გავლენიანი კომპანია ინვესტიციას არ ჩადებს. მაგალითად, "ენკას" კაბალური პირობები ჰქონდა და ასეთივე გვექნება, სანამ არსებობს ხალხი, რომელიც ისეთ სახელმწიფოზე, სადაც პირადობის მოწმობით გადადიხარ, მათთან ტერიტორიული დავა არა გვაქვს, ამბობს, რომ თურქეთი ოკუპანტია და თურქოფობიური გამოსვლები არ წყდება. ვასაძის მიმდევრების ფანტაზიას ხომ საზღვარი არა აქვს... უნდა გავიაზროთ, რომ კეთილმოსურნე მეზობლები არ არსებობენ, ყველას თავისი ინტერესი აქვს. რუსეთი არ გაქრება და ვერც საქართველო და ახალი ზელანდია გაცვლიან ადგილებს რუკაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთი სახელმწიფო, რომ რუსეთის ინტერესები ვერ რეალიზდეს საქართველოში. პოლიტიკურ ძალებს უნდა ესმოდეთ, რომ ეროვნულ ინტერესებზე, სახელმწიფოებრიობაზე, უსაფრთხოებაზე, სუვერენიტეტზე არ შეიძლება კამათი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შიშიც სწორედ ამას ეფუძნება, ხელისუფლება რომ შეიცვალოს, არავინ იცის, ახალ ძალას თავში რა მოუვა.