"ორივე მხარე 2 ოქტომბრისთვის კი არა, 3 ოქტომბრისთვის ემზადება"
28-09-2021
"ორივე მხარე 2 ოქტომბრისთვის კი არა, 3 ოქტომბრისთვის ემზადება"
"პირდაპირ გეტყვით - ოპოზიციის საპროტესტო აქციები შედეგს ვერ მოიტანს"

ევროკავშირის წარმომადგენლები წინასაარჩევნო პროცესში ქართველი პოლიტიკური ლიდერების ერთმანეთის მიმართ აგრესიის გამო აღშფოთებას გამოხატავენ. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ოფისში ოპოზიციაც და ხელისუფლებაც იმისთვის დაიბარეს, რომ წინასაარჩევნო პროცესში დაპირისპირების თავიდან აცილება­ ეთხოვათ, მაგრამ სწორედ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი იქცა შეხლა-შემოხლის ეპიცენტრად - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ევროკავშირის ოფისთან. იყო შეურაცხმყოფელი რეპლიკები. "ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის
ოფისის წინ ორი პარტი­ის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა­ მივესალმები, რომ ერთ-ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა", - ნათქვამია ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის­ განცხადებაში. მისი თქმით, ის შეაშფოთა­ დაპირისპირების შემდგომმა ვითარებამ... "ვგმობ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ; ასევე
ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება... ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მშვიდობიან და ძალადობისა თუ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში მისცეს ხმა. საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ ამ უფლებით სარგებლობა", - ნათქვამია ელჩის განცხადებაში. შეძლებს­ თუ არა პოლიტიკური სპექტრი არჩევნების მშვიდად ჩატარებას, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:

- ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, ფაქტობრივად, 90-იან წლებში დაგვაბრუნა. არა მგონია, საღად მოაზროვნე ადამიანი ევროკავშირის ოფისთან ინციდენტს გამართლებას უძებნიდეს - ორივე ხულიგანივით იქცეოდა. დიდი ვერაფერი შეღავათია, მაგრამ კობახიძემ ბოდიში მაინც მოიხადა უცენზურო სიტყვების გამო, მელიამ კი არა. ეს არის ჩვენი პოლიტიკური კულტურა?! 90-იან წლებში ღირებულებების დაპირისპირება მაინც იყო, დღეს რა არის დაპირისპირების საგანი? - ძალაუფლება და ფული.

რომელი დემოკრატი მყავს გუშინდელი ან დღევანდელი ხელისუფლება?! საოცარია, როცა ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს აბრალებს დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლაში. ამ დროს ორივე ხელის შემშლელია.
დასანანია, რომ ჩვენს საზოგადოებას არ აღმოაჩნდა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის უნარი, რათა ეს ორი პოლიტიკური პარტია პენსიაში გაუშვას.

- ბოლო დროს რჩებოდა შთაბეჭდილება,­ რომ მელიამ თავისი აგრესიული სტრატეგია შეცვალა. ვრცელდებოდა მოსაზრებაც, რომ მასსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება იყო. სააკაშვილთან ბოლო ვიზიტის შემდგომ მელიამ ისევ დაიბრუნა აგრესიული იმიჯი. ამასთან, გახშირდა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც. რასთან გვაქვს საქმე?
- როგორც ჩანს, ნაციონალები ფიქრობენ, რომ დღევანდელი საზოგადოებრივი განწყობა მათთვის არახელსაყრელია და ტემპერატურის აწევას ცდილობენ. სხვა საკითხია, რამდენად შეძლებენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესი არ მიმდინარეობს და პროცესის გამოსაცოცხლებლად უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს. გადაწყვეტილებებს სააკაშვილი იღებს და მელია მისი ნების შემსრულებელია. მელიაც და კობახიძეც დიდ პირველ ვეზირობას "ქაჩავენ" სააკაშვილისა და ივანიშვილის კარზე. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ორივე მხარე 2 ოქტომბრისთვის კი არა, 3 ოქტომბრისთვის ემზადება. კონკრეტულად აქციებზე არც ერთი არ ლაპარაკობს, მაგრამ მათ რიტორიკაში მაინც იგრძნობა. ერთი ამბობს, თუ "ოცნება" არჩევნებში 43% ვერ აიღებს, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ვაიძულებთო. მეორე ამბობს, 1%-იც რომ ვერ ავიღოთ, ვადამდელი არჩევნები მაინც არ იქნებაო. რაც უფრო ვუახლოვდებით 2 ოქტომბერს, მით უფრო ცხადი ხდება, რომ აქციები გარდაუვალია. ამის ერთ-ერთი დასტურია ევროკავშირის ოფისთან დაპირისპირება. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - პოლიტიკური ლიდერები დაიბარეს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პროცესში პოლარიზება შეემცირებინათ, ამათ კი არც აციეს, არც აცხელეს და ევროპელი კოლეგების ცხვირწინ გამართეს მუშტი-კრივი. რაც უნდა თქვან ევროპელმა მეგობრებმა ან ქართველმა ანალიტიკოსებმა, პროცესი შეუქცევადია, ახლა საკითხავი ის არის, აქციები მოიტანს თუ არა შედეგს. პირდაპირ გეტყვით - ოპოზიციის საპროტესტო აქციები შედეგს ვერ მოიტანს...

მუდმივი საარჩევნო ისტერიით მოსახლეობის ნაწილს არჩევნების მიმართ შიში და ნიჰილიზმი გამოუმუშავეს. ამომრჩევლის ნაწილი ფიქრობს, რომ ვისაც უნდა მისცეს ხმა, მაინც თვითონ დარჩება წაგებული. ეს კლავს არჩევნების იდეას. მეორე მხრივ კი ქვეყნის განუწყვეტელი ჯანჯღარი მუდმივად ბეწვის ხიდზე გვატარებს და რეალურია საფრთხე, რომ გადავეშვათ ქაოსსა და სამოქალაქო დაპირისპირებაში.

- "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორები­ მხარს­ აღარც "ოცნებას" დაუჭერენ, არც ნაციო­ნალებს და უპირატესობას მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს მიანიჭებენ...
- მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება დასავლეთმა აღარც "ოცნებას" დაუჭიროს მხარი და არც ნაციონალებს.
ხედავენ, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთით სულდგმულობს. თუმცა არც ვაშაძის ადგილზე ვიქნებოდი დიდად დაიმედებული. დასავლეთის მხარდაჭერა მას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ დანარჩენი ოპოზიციური ხმების გაერთიანებას მოახერხებს. ჩვენი პრობლემა მარტო "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" კი არ არის, არამედ ისიც, რომ სხვა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი ვერ შევქმენით. ვაშაძე იქნება პოლიტიკური ცენტრის სათავეში, გახარია თუ დოლიძე, მნიშვნელობა­ არა აქვს, მთავარია­, შეიქმნას, მაგრამ რომ ვერ იქმნება?! ამაში დიდი "წვლილი მიუძღვით" თავად იმ ოპოზიციონერ ლიდერებს, ვინც ნოემბრის არჩევნების შემდგომ ნაციონალებთან ერთად "მოხარშეს კოქტეილი" და ამით დაკარგეს ამომრჩეველი.

ახალი ძალა, რომელიც ოპოზიციურ ხმებს­ გააერთიანებს, ჯერ არ ჩანს. თუ არ გამოჩნდა, დასავლეთმა რა ქნას, ვისთან ითანამშრომლოს?! დასავლეთის მხარდაჭერა აუცილებელია, მაგრამ არც საკმარისია და არც გადამწყვეტი. გადამწყვეტი ქართველი ხალხის არჩევანია. დასავლეთს 2012 წელს შეიძლება არ უნდოდა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ ივანიშვილმა ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება შეძლო. დღეს ასეთი ძალა არ ჩანს. პარტიები კი, რომლებმაც 1-დან 5%-მდე აიღეს, გამუდმებით შეცდომებს უშვებენ. თავიდანვე ცალკე, სხვა ალტერნატიულ ძალად უნდა დაფიქსირებულიყვნენ, რათა ხალხს­ დაენახა, რომ არც "ოცნებას" წარმოადგენდნენ და არც ნაციონალებს. გაუგებარია, როდესაც წვრილ-წვრილი პარტიები კოალიციაზე­ საუბრობენ. რომელ კოალიციაზეა ლაპარაკი, როდესაც "ნაცმოძრაობას" გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მათ ყველას ერთად აღებულს და შესაბამისად, პარლამენტშიც გაცილებით მეტი დეპუტატი ეყოლებათ? კოალიციას ნაციონალების გადმოგდებული თითო მინისტრის კაბინეტით ქმნიან? კოალიციის სრულუფლებიანი­ წევრი მაშინ ხარ, როდესაც შენი მანდატი სჭირდებათ, უშენოდ მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებენ. თუ ამას უშენოდ გააკეთებენ, მაშინ დეკორატიულ კოალიციას ქმნი.

ოპოზიცია ახლაც შეცდომას უშვებს,­ როდესაც იმუქრება, აუცილებლად ჩავატარებინებთ ვადამდელ არჩევნებსო. როგორ ჩაატარებინებენ, თუ ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვანენ? ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად მარტო ის არ კმარა, მთავრობა რომ არ ვარგა. შენ თავად უნდა იყო რეაქტიული, დღე და ღამე გასწორებული გქონდეს, რათა სათქმელი მაინც გქონდეს, გამიყალბეს არჩევნებიო.

- იმისთვის, რომ რეაქტიული იყოს, ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს?
- მარტივ რამეს გეტყვით - როდესაც ქალაქის მერობისთვის ალეკო­ ელისაშვილი იბრძოდა,­ გაცილებით აქტიური პროცესი იყო, ვიდრე დღეს არის. არადა, დღეს კალაძის მეტოქე ორი გამოკვეთილი ლიდერია.

- მაინც რა უნდა ჩვენს საზოგადოებას, რა არის ის, რის გამოც ყველაზე დისკრედიტებულ ორ პოლიტიკურ ძალას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს?
- მოდი, ვნახოთ, ვინ უჭერს მხარს ამ ორ ძალას. "ოცნებას" მხარს უჭერს ძირითადად, ნომენკლატურა, "ნაცმოძრაობას" კი ყოფილი ნომენკლატურა. ამასთან, არიან ბიზნესმენები, რომლებიც ან ამ მთავრობასთან მეგობრობენ, ან ყოფილ მთავრობასთან. 1990 წელს არჩევნებში "მრგვალმა მაგიდამ" და კომუნისტებმა­ გაიმარჯვეს. როგორ შეიძლებოდა კომუნისტებს გაემარჯვათ? სწორედ იმ ძველი ნომენკლატურის ხარჯზე, ახლა რომ სახელისუფლებო რესურსს უწოდებენ. ანალოგიურია დღესაც.

- როდესაც გახარია გამოვიდა პოლიტიკურ ველზე, ანალიტიკოსებმა თქვით, რომ მას მესამე ცენტრის შექმნის პერსპექტივა ჰქონდა. დღეს გახარია ამ კუთხით აღარ გიხსენებიათ.
- გახარიას მესამე ალტერნატიული ძალის შექმნის პერსპექტივა დღესაც აქვს, თუ "სტრატეგია აღმაშენებელზე", "ლელოზე", ლეიბორისტებსა და სხვა პარტიებზე მეტ ხმას მიიღებს, მესამე ძალად დაფიქსირდება, მაგრამ არა მგონია, მას ნაციონალების ჩანაცვლების პერსპექტივა ჰქონდეს. 2016 წელს, როდესაც "ევროპულმა საქართველომ" "ნაცმოძრაობა" დატოვა, ჰქონდა პერსპექტივა, მაგრამ მერე მძიმე შეცდომა დაუშვა.
როდესაც ორი წლის განმავლობაში დედას იფიცებ, რომ სააკაშვილისგან არაფერი გამოვა, ჯართია და მერე უცებ მის საპრეზიდენტო კანდიდატს უჭერ მხარს, თავადვე გამოგაქვს განაჩენი საკუთარი პარტიისთვის. თუ სააკაშვილს ძაღლს უწოდებ, ბოლომდე ასე უნდა გააგრძელო, იმიტომ, რომ ეს არის შენი გენე­რალური ხაზი და მხარს ის ხალხი გიჭერს, ვინც ფიქრობს, რომ სააკაშვილი ძაღლია. ყველა ოპოზიციური პარტია ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს. ჯერ ემიჯნებიან სააკაშვილს, მერე მხარს უჭერენ. ნოემბრის არჩევნების შემდეგ მთელი ოპოზიცია რომ გაერთიანებულიყო და მხოლოდ ნაციონალებს გამიჯვნოდნენ, ახლა სულ სხვა რეალობა იქნებოდა ქვეყანაში. დღეს ამ ხალხმა ამომრჩეველი დაკარგა. ნახავთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იმაზე დაბალ პროცენტებს მიიღებენ, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს.

- ამომრჩევლის განწყობაზე ფარული ჩანაწერების ფაქტი არ იმოქმედებს?
- არა მგონია. კონკრეტულად ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას ვერ დავასახელებ, მაგრამ თავისი არსით და გამოქვეყნების პერიოდის თვალსაზრისით ძალიან ჰგავს იმ ოპოზიციური ძალის მოქმედებას, რომელსაც არჩევნების წინ "ციხის კადრების ეფექტის" მოხდენა ხელს აძლევს. თუმცა სულ ტყუილად, მსგავსი ეფექტი რომ გამოეწვიათ, გაცილებით დიდი "საზიზღრობა" უნდა გამოეტანათ სამზეოზე.
მხოლოდ იმის გახმოვანებით, რომ ხელისუფლება თურმე გვისმენდა, საზოგადოებას ვერ აღაშფოთებ. არა მგონია, საქართველოში მოიძებ­ნებოდეს ისეთი ადამიანი, ვინც გაიოცებს, არ მეგონა, თუ მისმენდნენო. პირადად მე ერთი დღეც არ მიცხოვრია ისეთ ქვეყანაში, სადაც ხალხს არ უსმენენ. ყველა ხელისუფლება უსმენდა ხალხს.

- როგორ უნდა აღვიქვათ სააკაშვილის განცხადება, ხელი გაანძრიეთ და ჩამოვალო?
- სააკაშვილმა დაიწყო უკან დასახევი­ გზების ძიება. აჯანყდით, ბატონო, გაიმარჯვეთ და ჩამოვალო. მზამზარეულზე რომ ჩამოვა, მაგაში ეჭვი ვის ეპარება?!

ხათუნა ბახტურიძე
აგელო
29 სექტემბერი 2021 00:54
ადამიანებო მოდით ქოცებიც ნაცებიც გახარიებიც დავტოვოთ უმცირესბა
ავირჩიოთ ანა დოლიძე
ავირჩიოთ დავით უსუფსშვილი და ლელო

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?