"ოქრუაშვილს საჭირო დროს ღალატობს ხოლმე ნებისყოფა" - კვირის პალიტრა

"ოქრუაშვილს საჭირო დროს ღალატობს ხოლმე ნებისყოფა"

"ზოგიერთს დღესაც ენატრება ის დრო, როცა ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო"

"ხელისუფლებას არ სურს ლიდერებისგან "გმირების" გამოძერწვა"

ოქრუაშვილის დანაშაულებრივი მოქმედებების შსს-სეულ სქემას სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე იზიარებს. როდის ჰქონდა ოქრუაშვილს სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად ხელსაყრელი პერიოდი და რატომ არ ეყო ნებისყოფა, ამის თაობაზე თავის მოსაზრებებს ექსპერტი გვაცნობს:

- ეჭვი არ მეპარება, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ზუსტად ის ჩანაფიქრი ჰქონდა, რაც შსს-მ გაახმაურა. ოქრუაშვილის განცხადებები არსებული რეჟიმის შეცვლის თაობაზე ისედაც მიუთითებდა, რომ ასეთი გეგმა არსებობდა. სხვა საკითხია, შსს-მ როგორ დაასაბუთა დანაშაულის არსებობა...

- თქვენ ერთ დროს სამხედრო აკადემიის რექტორი ბრძანდებოდით, ოქრუაშვილთან დაპირისპირებაც გქონდათ და გისოსებს მიღმაც აღმოჩნდით. ესეც დაუსაბუთებლად მოხდა?

- ოქრუაშვილს ფულის გაუმჭვირვალედ ხარჯვაში ვადანაშაულებდი და ჩვენ შორის დაძაბულობა პიროვნულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მან ჩათვალა, რომ რეპუტაცია შეელახა და მოახერხა, გისოსებს მიღმა აღმოვჩენილიყავი. ჩემს დაპატიმრებას თავდაცვის მინისტრის ბრძანების შეუსრულებლობა დაუდეს საფუძვლად. არადა, ის ბრძანება თავდაცვის სამინისტროს  კანცელარიიდან არც გამოსულა. აქედან გამომდინარე, ძველი ბრძანების მიხედვით ვმოქმედებდი და დაქირავებულ სამოქალაქო პირებთან ხელშეკრულებებს ისე ვაფორმებდი. მოკლედ, 9 თვე ტყუილუბრალოდ ვიყავი ციხეში.

- ყოფილ თავდაცვის მინისტრზე წყენა გალაპარაკებთ თუ გჯერათ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 200 დაქირავებული სპეცრაზმელით რეჟიმის შეცვლას აპირებდა?

-  ყველამ ვიცით, რომ ნინო ბურჯანაძე ორიენტირებული იყო ხალხის ქუჩაში გამოყვანაზე. ოქრუაშვილი კი რუს  სპეცრაზმელებთან ერთად თუ შემოვიდოდა, მხოლოდ ამით მოახდენდა საკუთარი ძალის დემონსტრირებას.

ამას უფრო ფსიქოლოგიური დატვირთვა ექნებოდა. თავდაცვისა და შს სამინისტროებში ზოგიერთი ჯგუფი ოქრუაშვილის ძალას ირწმუნებდა  და მის მხარეს გადავიდოდა. სხვათა შორის, შეიძლება იმ 200 სპეცრაზმელის ნაწილი ქართველი ან კავკასიის რესპუბლიკებიდანაც იყო.

ძალოვან სტრუქტურებში დაბნეულობის შეტანა და საგუშაგოების განიარაღება შედეგს ნამდვილად მოიტანდა. ალბათ, ოქრუაშვილს თავდაცვისა და შს სამინისტროების ზოგიერთი თანამშრომლის მხარდაჭერის იმედიც ჰქონდა. ზოგიერთს დღესაც ენატრება ის დრო, როცა ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო. ვფიქრობ, ოქრუაშვილს ჰქონდა იმედი, რომ მისი შემოსვლა საქართველოში ხელისუფლების შეცვლისთვის კატალიზატორის როლს შეასრულებდა. ის ვერ აცნობიერებს, რომ წავიდა დრო, როცა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მეტი შანსი ჰქონდა.

ეს იყო 2006 წლის აგვისტო, როცა სამხედრო სწავლება "ჯავშანი-2006" ჩატარდა. მაშინ შეიარაღებული ძალები ორფოლოს პოლიგონზე იყვნენ და ოქრუაშვილს შეეძლო ცხინვალის სიმაღლეების დაკავება. თუ დაიძვრებოდა ცხინვალისკენ, სააკაშვილი შეეცდებოდა მისი სვლა შეეჩერებინა. ოქრუაშვილი თბილისში დაბრუნდებოდა როგორც გამარჯვებული, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალება არ მისცეს. ასეთი "ლეგენდა" წარმატებას მოუტანდა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაც გაუადვილდებოდა, მაგრამ მაშინ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. მას საჭირო დროს ღალატობს ხოლმე ნებისყოფა.

- როგორ ფიქრობთ, ვლადიკავკაზში მყოფმა ექსმინისტრმა რატომ ვერ ჩამოაღწია საქართველომდე?

- როცა რუსეთის დახმარებაზე ვლაპარაკობთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ვერ იქნება განუსაზღვრელი. რუსეთი იძულებულია განსაზღვრული წესებით იმოქმედოს და წაუგებელი პარტია ითამაშოს. თავის დროზე მან იმავე მიზეზით ვერ შეძლო იგორ გიორგაძის საქართველოში გაპრეზიდენტება. ახლაც იგივე ხდება. ამასთან, თვალში საცემია, რომ რუსეთი დუმილით ხვდება ბრალდებებს, როცა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. ამით საქართველოს ხელისუფლებას აგრძნობინებს, რომ მის შესაცვლელად აქვს რესურსი და პოლიტიკური თუ ეკონომიკური დათმობებისკენ უბიძგებს.

- 2008 წელს რუსეთს არ გასჭირვებია  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

- ეს არ იყო რუსეთისთვის მარტივი გადაწყვეტილება. ის იძულებული გახდა, შემოსულიყო ჩვენს მიწა-წყალზე. საქართველოს იმხანად მართლაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი და პატარა მონაკვეთიც რომ დაებრუნებინა, ეს კავკასიაში  რუსეთის გავლენის დაკარგვას მოასწავებდა. უბრალოდ, რუსეთს გაუმართლა, სამ დღეში გამოვაცხადეთ კაპიტულაცია.

- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რა შანსი გვქონდა?

- ჩვენ არ გვყავდა მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალა, დაახლოებით 32 ათასამდე სამხედროს ვითვლიდით, ამას ერაყიდან ჩამოსული ბატალიონიც ემატებოდა. წესით, ათეულათასობით რეზერვისტსაც თავისი საქმე უნდა გაეკეთებინა. საჭირო იყო რამდენიმე დღით პოზიციის შენარჩუნება და წინააღმდეგობის დაძლევა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ზემოხსენებულ ძალას უნდა შესძლებოდა დაცვის პოზიციების გამაგრება მთელ რეგიონში, რომლის გარღვევისთვის მოწინააღმდეგეს 120000 სამხედრო მაინც დასჭირდებოდა. ამდენი ძალა რუსეთს იმხანად ნამდვილად არ ჰყავდა მობილიზებული ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში. სხვა ადგილებიდან კი სამხედრო ძალის გადმოტყორცნა გაუჭირდებოდა.

- ბატონო გიორგი, ცოტა უცნაური  კი არის ამგვარი ლოგიკა. ათეულათასობით რუს ჯარისკაცს თუ არაფრად მივიჩნევთ, ირაკლი ოქრუაშვილის შემოყვანილი 200-მდე რუსი სპეცრაზმელის რატომ შეეშინდათ?

- ერთია ქვეყნებს შორის  ომი და მეორე, როცა  ქართველი ქართველს უპირისპირდება პოლიტიკურ ავანსცენაზე. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს ხელისუფლების რეიტინგი დაბალია.

- შსს-მ ზემონახსენები სქემის გაშიფვრისას დაასახელა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები. ხომ არ იცით, რა წარსულის მქონე პირებზეა ლაპარაკი?

- არც ერთს არ ვიცნობ და ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ ერთი რამ ვიცი, ოქრუაშვილმა თავის დროზე თავდაცვის სამინისტრო აავსო ისეთი პირებით, რომლებმაც გააპარტახეს შეიარაღებული ძალები.

- რით არის განპირობებული, რომ საქართველოში დამნაშავეებად გამოცხადებულ პოლიტიკურ ლიდერებს გაქცევის საშუალებას აძლევენ, ხოლო რიგით მოქალაქეებს აპატიმრებენ?

- თავის დროზე ოქრუაშვილიც დაიჭირეს, მაგრამ შემდეგ საშუალება მისცეს, გადაეკვეთაA საქართველოს საზღვარი. ახლახან ბადრი ბიწაძეზეც აღძრეს საქმე, მაგრამ მასაც მისცეს გაქცევის საშუალება. ეს რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. ჯერ ერთი, ძნელია ლიდერებისა და პარტიის რიგითი წევრების დანაშაულებრივი კავშირის დადასტურება თუნდაც იმიტომ, რომ ლიდერები უმეტესად მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ; მეორე - არც ხელისუფლებას სურს ლიდერებისგან "გმირების" გამოძერწვა.