"200 სპეცრაზმელის განადგურებას სულ 2-3 საათი დასჭირდებოდა" - კვირის პალიტრა

"200 სპეცრაზმელის განადგურებას სულ 2-3 საათი დასჭირდებოდა"

"ეს ყველაფერი ხალხის პოლიტიკური "დაბოლებისთვის" სჭირდებათ"

"არავითარი წონა აღარ აქვს ასეთ აღიარებით ჩვენებებს"

"ოქრუაშვილი ჩემი კოლეგა ნამდვილად არ არის"

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებებსა და "რუსული სცენარის ჩაშლას" პოლიტიკოსებსა და საზოგადოებაში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. "ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი ირწმუნება, რომ შს სამინისტრომ ფალსიფიცირებული მასალა გაავრცელა. "ჩვენ სააკაშვილს ჩამოვაგდებთ, მაგრამ არა ასეთი კომიკური ისტორიებით, - ამბობს ეროსი კიწმარიშვილი, - ეს არის თავიდან ბოლომდე გამოგონილი ისტორია, აბსურდი. სასამართლო პროცესზე არც ერთმა პირმა, რომლებიც ამ საქმის ფიგურანტები არიან, არ ცნო თავი დამნაშავედ. აღიარებითი ჩვენებები ანეკდოტია... თურმე "ქართულ პარტიას" ერთი ყუთი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონია მომზადებული სააკაშვილის ჩამოსაგდებად. ჩვენ სააკაშვილს ჩამოვაგდებთ, ისე, როგორც მისთანა დიქტატორი იმსახურებს - სამოქალაქო აქტივობისა და ქართველი ხალხის ნების რეალიზაციის გზით. როცა ვანო მერაბიშვილს დავიჭერთ და ის იზოლატორში იქნება, ჟურნალისტებს მოგცემთ საშუალებას, ვრცელი ინტერვიუ ჩაწეროთ მასთან, თუ როგორ ახდენდნენ ფალსიფიცირებას ის, დონაძე და მისი მეგობრები".

ზვიად ძიძიგური, კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე: "შს სამინისტროს პრესსამსახური ის ქოსატყუილა ორგანოა, რომელიც მუდმივად ავრცელებს ტრილერულ ვიდეომასალას, რომელსაც გამოძიების მერე სამართლებრივი გამოხმაურება არა აქვს. შს სამინისტროს პრესცენტრს ისე გაფუჭებული აქვს რეპუტაცია და იმდენად გაშიფრულია, რომ მის გავრცელებულ მასალებს ქართველი საზოგადოება აღარ ენდობა. გაუგებარია ოქრუაშვილზე გავრცელებული მასალაც. ოქრუაშვილს გორში ჩასვლით როგორ უნდა შეეცვალა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება? ეს შს სამინისტროს შეთხზული გაუმართავი ვერსიაა. იქნებ მომავალში უფრო სარწმუნო ვერსიები მიაწოდონ საზოგადოებას.

არავითარი წონა აღარ აქვს ასევე აღიარებით ჩვენებებს. ეს ხელისუფლება ნებისმიერ მოქალაქეს აღიარებინებს, რომ ბომბეიდან ლონდონამდე გაჰყავდა გვირაბი.

ჩემთვის მტკიცებულება არ არის სატელეფონო საუბარი, სადაც რაღაცის (შესაძლოა, ქინძის) დათესვაზეა ლაპარაკი. არ ვამბობ, რომ ოქრუაშვილს გეგმა არ ექნებოდა. როდესაც ამბობდა, 25 მაისს დილით ჩამოვალ და საღამოს ხელისუფლებას დავამთავრებო, ცხადია, რაღაც გეგმა ექნებოდა, მაგრამ საკმაოდ ზრდასრული ვარ იმისათვის, რომ შს სამინისტროს მასალას არ დავუჯერო.

ეს ყველაფერი ხალხის პოლიტიკური "დაბოლებისთვის" სჭირდებათ, თითქოსდა რუსეთი ებრძვის მიხეილ სააკაშვილს.

სააკაშვილი კი ის კაცია, რომელმაც რუსული თვითმფრინავის დანახვაზე მკერდი კი არ გაიღეღა, მესროლეთ, თქვე მტარვალებოო, არამედ ოთხზე დადგა და ისე გაიქცა.

სამწუხაროდ, არის ხალხი, ამ ხელისუფლების დაყრილ საკენკს რომ კენკავს და ამიტომაც ავრცელებენ ასეთ "ოპერატიულ მასალებს".

მამუკა არეშიძე: "ეხო კავკაზის" ოსი ჟურნალისტი ალან პარასტაევი 24 მაისს ღამით წერდა, რომ ცხინვალში მოულოდნელად ტელევიზიამ გადასცა პრესკონფერენცია, სადაც ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 25 მაისს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით მიდის საქართველოში. ამის თაობაზე ინფორმირებული არიან რუსეთის ეფ-ეს-ბე და მესაზღვრეებიო. ამ ცნობამ, რომელსაც კომენტარი არ მოჰყოლია, ცხინვალში გაკვირვება გამოიწვია.

ცხინვალში დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ეს განცხადება მოსკოვის დავალებით გაკეთდა. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს ხელისუფლების ინფორმირება უნდოდათ.

შესაძლებელია რუსულ მხარესა და ოქრუაშვილს შორის კავშირი მართლაც იყო, მაგრამ  ეჭვს ბადებს ბევრი დეტალი. თუნდაც 200 რუსი სპეცრაზმელის შემოსვლა. ქართული სპეცრაზმები ისეთი გაწვრთნილები არიან, რომ 200 რუსი სპეცრაზმელი ვერაფერს დააკლებდა.  რა უნდა გაეკეთებინა 200 რუს სპეცრაზმელს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ სხვა ჯარი არ ეხმარებოდა. რომ ეთქვათ, სპეცრაზმელებს ჯარი და ტანკები უნდა გამოჰყოლოდნენო, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, მაგრამ 200 სპეცრაზმელის განადგურებას სულ 2-3 საათი დასჭირდებოდა".

ის, რაც ნაკლებსარწმუნო იყო სხვებისთვის, დამაჯერებელი აღმოჩნდა ედპ-ის წევრ გურამ ჩახვაძისთვის: "ოქრუაშვილმა ჩემს სახელმწიფოზე ხელი აღმართა. მან თავი კონსტიტუციის მიღმა დააყენა, ძალადობრივ ქმედებებს მიმართა და ჩვენს მტერ სახელმწიფოს დაუმეგობრდა. საჭიროა ოქრუაშვილის არა მარტო პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დასმა, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობაც... ოქრუაშვილს რომ რევოლუციით უნდოდა ხელისუფლების გადაყენება, არც თვითონ უარყოფდა. თუკი ხელისუფლება თანამიმდევრულია, არა მხოლოდ ჯგუფის წევრებს უნდა დააკისროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, არამედ ჯგუფის მეთაურს, ირაკლი ოქრუაშვილსაც".

- ასეთი მწვავე კომენტარი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც არ გაუკეთებიათ.

- არ მიმაჩნია, რომ ბატონი ოქრუაშვილი ოპოზიციონერია. ის თავისი პოლიტიკით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის. მე ხელისუფლების მოწინააღმდეგე ვარ და არა ჩემი სახელმწიფოსი. მე ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით მინდა და ამიტომაც ოქრუაშვილი ჩემი კოლეგა ნამდვილად არ არის.

- ტელევიზიით ნანახი ვიდეოფირი და აღიარებითი ჩვენება თქვენთვის სარწმუნო იყო?

- რა თქმა უნდა, როდესაც შს სამინისტრო სახელმწიფო გადატრიალებაზე ლაპარაკობს, მხოლოდ ვიდეოფირი არ არის საკმარისი. სამინისტრო პასუხისმგებელია თავის განცხადებებზე და ალბათ, სხვა მასალებიც ექნება.

P.S. რაც ნათელი და ცხადია ხელისუფლებისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისათვის, საერთაშორისო სამართლისთვის საკმარისი არ არის. ქართველ სამართალდამცავებს გაცილებით სერიოზული ბრალდებების და სარწმუნო მამხილებელი მასალის წარდგენა მოუწევთ იმ პირის ბრალის დასამტკიცებლად, რომელიც ევროპული ქვეყნის პოლიტიკური თავშესაფრით სარგებლობს.