"თალიბანის" მთავრობის აღიარება შეუძლებელია, ვინაიდან მინისტრებს შორის 17 ტერორისტია" - კვირის პალიტრა

"თალიბანის" მთავრობის აღიარება შეუძლებელია, ვინაიდან მინისტრებს შორის 17 ტერორისტია"

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების მიერ "თალიბანის" მთავრობის აღიარება შეუძლებელია, თუმცა ავღანელებმა უნდა მიიღონ ფინანსური დახმარება, რომელიც მათ "თალიბანის" მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ გაუყინეს.

"თალიბანის" მთავრობის აღიარება შეუძლებელია, ვინაიდან მინისტრებს შორის 17 ტერორისტია და ქალებისა და გოგონების უფლებები განუწყვეტლივ ირღვევა, " - განაცხადა მინისტრმა მედიასთან საუბარში.

მან მოუწოდა უცხო ქვეყნების მთავრობებს, თავიდან ააცილონ ავღანეთს ფინანსური კოლაფსი, რაც გამოიწვევს მიგრანტების მასობრივ ნაკადს.

"ცხადია, ავღანეთს ფიასკო უნდა ავაცილოთ და ასევე აღვკვეთოთ მიგრაციის ტალღა, რომელსაც მეზობელ ქვეყნებში დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია. არსებობს გზები, რითაც შესაძლებელია ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა "თალიბანისთვის" ფულის მიცემის გარეშე. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი აუცილებლად ქალებისა და გოგონების დაცვას უნდა მოხმარდეს," - აღნიშნა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც გასულ კვირაში "დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას თავმჯდომარეობდა.