"ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს ქვეყანაში ნარკომანიის პრობლემა... ონლაინ აზარტული თამაშები უნდა აიკრძალოს" - კვირის პალიტრა

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს ქვეყანაში ნარკომანიის პრობლემა... ონლაინ აზარტული თამაშები უნდა აიკრძალოს"

"ჩემი შემთხვევა გამონაკლისია და გამორჩეულია იმით, რომ ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ ამ არჩევნებზე, მთელი თბილისის მასშტაბით"

2 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა და პოლიტიკური ტემპერატურაც მაღლა იწევს. ამომრჩევლებთან შეხვედრას კანდიდატები ისევ განაგრძობენ, მათი დაპირებები მრავალფეროვანია. ვატო შაქარიშვილი, რომელიც ერთ დროს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი იყო საბურთალოზე, დღეს ისევ ამ რაიონში, ამჯერად - დამოუკიდებლად იყრის კენჭს და ამბობს, რომ თბილისში ერთადერთი დამოუკიდებელი და უპარტიო კანდიდატია. მას საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ბევრი ადამიანი უჭერს მხარს. მათი მიმართვები მედიაში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება. მხარდამჭერებს შორის არიან: ლაშა თაბუკაშვილი, დავით მაღრაძე, ნანა შონია, გია გაჩეჩილაძე (უცნობი), ზუკა პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, მამუკა არეშიძე, გელა ნიკოლეიშვილი და სხვები. ვატო შაქარიშვილის თქმით, მთავარი ამოცანა ორპოლუსიანობის დასრულებაა. არჩევის შემთხვევაში, მოსახლეობას ჰპირდება, რომ მათი ხმა იქნება საკრებულოში და ყველაფერს გააკეთებს მათი პრობლემების გადასაჭრელად.

- ვატო, როგორ მიდის თქვენი საარჩევნო კამპანია?

- ორივე მხარე, "ნაცმოძრაობა" და "ქართული ოცნება" ისევ ორპოლუსიანობის შენარჩუნებას ცდილობენ, განსაკუთრებით "ნაცმოძრაობას" ეხება, რომელიც ყველანაირი ბინძური მეთოდებით ცდილობს პოლიტიკური ტემპერატურის აწევას დამხმარე პარტიული მედიასაშუალებებით. როგორც გასულ წელს, წელსაც "ქართული ოცნება" საკუთარი უუნარობით და უსუსურობით, ვერ ქმნის განსხვავებულ დღის წესრიგს და მიჰყვება იმას, რასაც "ნაცმოძრაობა" სთავაზობს. რა თქმა უნდა, ეს ის დღის წესრიგია, სადაც იკარგება მოსახლეობის რეალური პრობლემები, ხალხის ინტერესები და ჭარბობს მხოლოდ პირდაპირი და ვიწრო პარტიული ინტერესები. ჩემი შემთხვევა გამონაკლისია და გამორჩეულია იმით, რომ ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ ამ არჩევნებზე, მთელი თბილისის მასშტაბით. ჩემი კამპანია აგებულია მოსახლეობასთან შეხვედრებზე, მათი პრობლემების მოსმენაზე, შემდეგ ამ პრობლემების გადაჭრის გზების მოფიქრებასა და შემუშავებაზე. ვცდილობ, განსხვავებული საარჩევნო კამპანია ვაწარმოო. სამწუხაროდ, სხვებისგან განსხვავებით, არათანაბარ პირობებში ვარ, რადგან მედიასთან წვდომა არ მაქვს, დარჩენილი ვარ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, კარდაკარ, უბან-უბან სიარულით და შეხვედრებით. არათანაბარი გარემო პრობლემებს ქმნის, როგორც ინფორმაციის მიწოდების მხრივ, ასევე - ხედვების გაზიარების თვალსაზრისითაც. დავაყენე კიდეც ეს საკითხი და მოვიწვიე კონკურენტები ჯანსაღ დებატებში, რათა მოსახლეობას ჰქონოდა შესაძლებლობა გაეგო, რა პროგრამით მოვდივართ, რა ცოდნა, გამოცდილება გვაქვს და რის გაკეთებას ვაპირებთ, მაგრამ ასეთი დებატები არ შედგა, შესაბამისად, მოსახლეობა ვერ ისმენს ინდივიდუალურად კანდიდატებისგან მათ ხედვებს, მათ გამოცდილებას, პროფესიულ პროგრამას, რაც ამცირებს შესაძლებლობას, ადამიანმა სწორი არჩევანი გააკეთოს. ისმის, თუ არ გვინდა ქვეყანაში დაბრუნდეს "ნაცმოძრაობა", მაშინ აუცილებლად "ქართული ოცნება" უნდა შემოვხაზოთო. ეს არ უნდა ხდებოდეს, ეს არის ნეგატიური არჩევანი და არა - პოზიტიური არჩევანი. შემაკავებელი არჩევანია.

- "ქართული ოცნების" აქტიური წევრი იყავით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" წარგადგინათ საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად, მათი მანდატით მოხვდით საკრებულოში, თუმცა მოგვიანებით პარტია დატოვეთ. რატომ მიიღეთ მაშინ ეს გადაწყვეტილება? - "ქართული ოცნება" ღირებულებების გარშემო დაფუძნდა და იყო "ნაციონალებთან" ბრძოლისთვის შექმნილი, ერთხელ და სამუდამოდ პასუხი რომ ეგოთ დამნაშავეებს და სახელი დაგვერქმია იმ მოვლენებისთვის, პერსონებისთვის და ქვეყნის მართვის იმ პრაქტიკისთვის, რაც არსებობდა "ნაციონალების" დროს. სამწუხაროდ, პარტიიდან ჩემი წამოსვლის მიზეზი მოსამართლეთა შერჩევას უკავშირდებოდა. 2018 წელს დაიწყო უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი. ყველას გვახსოვს ოდიოზური ადამიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ ცუდ საქმეებში. მათ შორის იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც 2012 წელს მხოლოდ იმიტომ გამასამართლა და მომისაჯა ადმინისტრაციული პატიმრობა, რომ "ქართულ ოცნებას" ვუჭერდი მხარს და გამაჩნდა ჩემი პოლიტიკური პოზიცია. ამ ადამიანს ნდობა გამოუცხადეს და, შესაბამისად, მე ამის მონაწილე ვერ ვიქნებოდი, რადგან ეს იყო ღირებულებითი აცდენა და წინააღმდეგობა ჩემსა და "ქართულ ოცნებას" შორის ამის გამო გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე, მივიღე გადაწყვეტილება და პარტია დავტოვე, მას შემდეგ გავაგრძელე დამოუკიდებლად საქმიანობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ჩასაფრებულის პოზიციაში გადავედი და მტრულად ვიყავი განწყობილი "ქართული ოცნების" მიმართ. მე არ მითქვამს უარი იმაზე, რისთვისაც წლების განმავლობაში ვიბრძოდი. რაც პოზიტიური ხდებოდა ქვეყანაში, იმას მხარს ვუჭერდი და ვმონაწილეობდი ამ პროცესში, მაგრამ თუ ვხედავდი ისეთ საქმეებს, რაც არ წაადგებოდა ჩვენს ქალაქს და დააზიანებდა ქვეყანას და ხალხს, რაც არ შედიოდა მოსახლეობის ინტერესებში, ამ საკითხებში "ქართულ ოცნებას" ღიად ვაკრიტიკებდი. ეს იყო კორუფციური ნიშნები და თბილისის მერიაში ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა თუ ბიზნესში მონოპოლიები, ყოველთვის მქონდა ჩემი პოზიცია და ვცდილობდი, ყოველთვის ვყოფილიყავი ხალხის ხმა შესაბამის ტრიბუნაზე. ეს იქნებოდა საკრებულო თუ ჩემი სხვა პოლიტიკური აქტივობა.

- დამოუკიდებელი კანდიდატი, რას ჰპირდებით თქვენს ამომრჩევლებს? - როგორც ზემოთ აღვნიშნე, ორპარტიულ და ვიწრო პარტიულ ინტერესში ჩაიკარგა მოსახლეობის ინტერესი. ჩემი მთავარი პრინციპი და დაპირება კი არის, რომ მოსახლეობის ინტერესები დავაბრუნოთ პირველ პლანზე. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა კეთდებოდეს მოსახლეობის ნების შესაბამისად. კონკრეტული ხედვა წარმოვადგინე - უმთავრესია, მოსახლეობა ჩაერთოს თვითმმართველობის პროცესში, ლობირება მოხდეს პრობლემების გადაჭრისას, ვხვდები აქტიურად მოსახლეობას და ნარკოტიკების თემა და აზარტული თამაშები არის უმთავრესი პრობლემა ქვეყანაში. კარგავენ ახალგაზრდები მომავლის პერსპექტივას, უნდა გამკაცრდეს ეს სფერო და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს ქვეყანაში ნარკომანიის პრობლემა, ე.წ სააფთიაქო ნარკომანიაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს; უნდა შემცირდეს ხელმისაწვდომობა სააფთიაქო ნარკომანიის და ონლაინ აზარტული თამაშები უნდა აიკრძალოს; სასწრაფოდ უნდა შეწყდეს რეკლამირება აზარტული თამაშების და გამკაცრდეს რეგისტრაცია, 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა, სოციალურად შეჭირვებულებმა, მოწყვლადმა ჯგუფებმა რომ ვერ შეძლონ ამით სარგებლობა და ის, რაც შემდეგ ამას მოსდევს. ასევე, გამოვაცხადე და ვაგროვებ ხელმოწერებს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით. როგორც ვიცით, 31 დეკემბერის ღამეს დგება ახალი წელი, ისე ვიცით რომ 17 მაისი და 5 ივლისი არის მათი შეკრების დღე და არის მუდმივი დაპირისპირების და დესტაბილიზაციის საფუძველი. ერთხელ და სამუდამოდ, კანონით წერტილი უნდა დავუსვათ ამ საკითხს და უნდა დამთავრდეს ამ საკითხით სპეკულირება ქვეყანაში, რადგან ამას გარკვეული ჯგუფები მერე აქტიურად იყენებენ და ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას. კარგი გამოცდილებაა ამისთვის ე.წ უნგრული მოდელი - იქ კანონით აიკრძალა პროპაგანდა. ეს არის ის თემები, რომელზეც მოსახლეობასთან ყოველდღე ვლაპარაკობ და მათგან მოდის ეს საკითხები. ჩემი საკრებულოში არჩევის შემთხვევაში ამ საკითხებზე აქტიურ მუშაობას გავაგრძელებ, რომ თითოეული საკითხი მივიდეს შესაბამის გადაწყვეტამდე.

- ბევრი ცნობილი ადამიანი გიჭერთ მხარს, მათ შორის - მსახიობები, მწერლები, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები. როგორ მოიპოვეთ მათი ნდობა? - ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ამ ადამიანებს ასეთი მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. ჩემთვის პატივია და პატივთან ერთად - დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ასეთი ადამიანები მიჭერენ მხარს. იდეა უნდა გადარჩეს, ამ ორპოლუსიანობის დარღვევის და ჯანსაღი პოლიტიკური ძალის შექმნის იდეა. ჩემი არჩევაც ამ იდეის გადარჩენის შანსი იქნება. უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი, ეს ადამიანები ჩემი მხარდაჭერით უჭერენ მხარს იდეის გადარჩენას, ვიწრო პარტიული დღის წესრიგის დასრულებას ქვეყანაში და ქართულ პოლიტიკაში ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური სუბიექტების და ძალების შექმნას.

- ყოველ არჩევნებზე მიდის საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება იყენებს ადმინისტრაციულ რესურს, რომ ხმების გაყალბება ხდება, თქვენ, დამოუკიდებელი კანდიდატი, რა მეთოდებით დაიცავთ თქვენს ხმებს ამ არჩევნებზე? - მე არ განვეკუთვნები იმ კატეგორიას, იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების რიცხვს, ვინც ამაზე უაპელაციოდ საუბრობს. დღეს არის თავისუფალი, ნორმალური საარჩევნო გარემო. მართალია - არა იდეალური, როგორსაც ვისურვებდი. მაქვს ნდობა ცესკო-სი და ვიმედოვნებ, რომ ის შეძლებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

- თბილისის მერობისთვის სამი გამოკვეთილი ლიდერი იბრძვის, გახარიას გამოჩენა ამ ფრონტზე რას ცვლის და თქვენი აზრით, ვის რა შანსები აქვს? - მე დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ, არც ერთ პარტიას და მერობის კანდიდატს არ ვემხრობი და არც მათ წინააღმდეგ ვმუშაობ. ერთადერთი, როცა ჩემს ამომრჩევლებს ვესაუბრები, სრული სერიოზულობით ვეუბნები მოსახლეობას, ვის არ უნდა დაუჭიროს მხარი და ამას ყოველთვის ღიად ვამბობ, ეს არის - "ნაცმოძრაობა". მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გამიკრიტიკებია მერია, ობიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ყველაზე საქმიანი საარჩევნო კამპანია აქვს მხოლოდ და მხოლოდ კახა კალაძეს. "ნაცმოძრაობა" ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ - არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, რათა ეს არჩევნებიც გამოიყენოს საკუთარი, ვიწრო პარტიული მიზნებისთვის და შეეცადოს, კიდევ ერთხელ არიოს ქვეყანა და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. იმედი მაქვს, ამას ქართველი საზოგადოება წინ აღუდგება და იმედი მაქვს, რომ არჩევანი მერობის ნაწილში საზოგადოებისთვის ნათელია. შეხვედრაზე არავის არაფერს მივუთითებ, ერთადერთი, რჩევისას ვამბობ, რომ მხარი არ უნდა დაუჭირონ "ნაცმოძრაობას" და მის სატელიტ პარტიებს, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან "ნაცმოძრაობისგან".

- ცოტა რამ თქვენს ბიოგრაფიაზეც ვისაუბროთ... - 2007 წლიდან, ფაქტობრივად, სკოლის მერხიდან სააკაშვილის რეჟიმმა გვაიძულა ახალგაზრდები, ქუჩაში გამოვსულიყავით. ჩემს მეგობრებთან ერთად ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებელი ვიყავი. დაჩი ცაგურია, ლევან გოგიჩაიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი - ეს ადამიანები კარგად იცის საზოგადოებამ. ჩვენ ვაქტიურობდით 2012 წელსაც, მე ვიყავი ამომრჩეველთა ლიგის ახალგაზრდული მოძრაობის თავმჯდომარე, რომელიც აკვირდებოდა 2012 წლის უმნიშვნელოვანეს, გარდამტეხ არჩევნებს ჩვენს ქვეყანაში და რომელმაც გამოაცხადა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, ჰქონდა ძალიან სერიოზული კონტრიბუცია იმაში, რომ მომხდარიყო ხმების დაცვა. თითოეული ხმა დასაცავი იყო, იმ რეჟიმის პირობებში რთული იყო არჩევნების ჩატარება. სამოქალაქო აქტივიზმიდან მოვდივარ. გახლავართ ჯიპას საჯარო მართვის მაგისტრი და პოლიტიკაში შემთხვევით და დროებით არ ვარ. ერთადერთი ინტერესი მაქვს, რომ ჩვენს ქალაქში ახალი პოლიტიკური და საჯარო საქმიანობის სტანდარტი შევქმნათ, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს ეფუძნება. ეს დარღვეულია წლების განმავლობაში.

- ცოტა რამ თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ, როგორც ვიცით, თქვენი მეუღლე აქტიურად არის ჩართული თქვენს საარჩევნო კამპანიაში... - ამომრჩეველთან შეხვედრებზე ყოველთვის ჩემი მეუღლე ჩემს გვერდით არის და ჩართულია ჩემს საარჩევნო კამპანიაში. ასე იყო 2017 წელსაც, როდესაც "ქართული ოცნების" მიერ ვიყავი დასახელებული მაჟორიტარად. ზოგადად, დიდია მეუღლის და ოჯახის როლი ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის ოჯახიდან იწყება ქვეყანაზე ზრუნვა და ყველა იმ ღირებულების პატივისცემა და ერთგულება, რაც თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანია. ოჯახი ყველაფრის საწყისია. სხვის შვილებზე, მომავალ თაობაზე ზრუნვა შენი ოჯახიდან იწყება, დამოკიდებულება და სიყვარული საზოგადოების მიმართ, იმ სოციუმის მიმართ, რაშიც ვცხოვრობთ ყოვედღიურად. ჩემს ყოვედღიურ საქმიანობაში ოჯახს, შვილებსა და მეუღლეს დიდი როლი და გავლენა აქვს. მეუღლე ჟურნალისტია, დიდი ნაწილისგან განსხვავებით, რასაც ჟურნალისტებს ეძახიან, მისი საქმიანობა ყოველთვის იყოს ჟურნალისტური ეთიკის, მორალის ფარგლებში. ის ტელეკომპანია "იმედში" მუშაობდა მაშინ, როცა წინა ხელისუფლებამ "იმედი" დაარბია. პოლიტიკურადაც აქტიური ადამიანია და მისი რჩევები პოლიტიკურ საქმიანობაშიც მეხმარება ხოლმე.

- მედიას ხშირად აკრიტიკებთ, რატომ? - სასწრაფოდ არის მისაღები კანონი მედიარეგულაციების შესახებ. ცილისწამება, შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური ტერორი უნდა აიკრძალოს! აქ გვაქვს საქმე იმასთან, რომ ცილისწამება, შეურაცხყოფა და მიზანმიმართული გავრცელება კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ ხდება. ეს აგებულია, ძირითადად, ფეიკნიუსებზე, ცილისწამებაზე, ტყუილ ბრალდებაზე, შეურაცხყოფაზე. ეს არის მიუღებელი და ამას არანაირი საერთო არ აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან. ეს ყველაფერი, არათუ ზოგად მედიასტანდარტებს, ყველანაირ მორალურ და ეთიკურ ნორმებს სცდება. არ შეიძლება ბავშვებზე ძალადობა, ვახო სანაიას შვილი შვილია და ირაკლი ღარიბაშვილის შვილები არ არიან ბავშვები? მარტივად შეიძლება ეს საკითხი დაისვას. ნიკა გვარამიას ყოველი ეთერი სავსეა გინებით, შეურაცხყოფით. ეს უნდა დასრულდეს და უნდა დაარეგულიროს კანონმა. არის ევროპული პრაქტიკა, საფრანგეთმა ამაზე უკვე იზრუნა და წინაასაარჩევნო პერიოდში ძალიან სერიოზული სანქციები შემოიღო ფეიკნიუსის გავრცელებაზე. ეს აუცილებლად უნდა დავარეგულიროთ. ნახეთ ამ პარტიული ტელევიზიის, თითოეული მათგანის უკან ვინ დგას. მაგალითად, დგას უმძიმეს დანაშაულში მხილებული კეზერაშვილი, რომელიც ტრაგიკული ომით გამდიდრდა, მოპარული მილიარდებით აფინანსებს დღეს ტელევიზიას, ნიკა გვარამია გენპროკურორი იყო და ყველამ კარგად ვიცით მისი საქმიანობა.

(სპეციალურად საიტისთვის)