"რეზინის ხელთათმანებით ყურებში მირტყამდნენ" - კვირის პალიტრა

"რეზინის ხელთათმანებით ყურებში მირტყამდნენ"

26 ივნისს თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან 11 კაცი გაათავისუფლეს. მათ შორის არიან ყოფილი "რესპუბლიკელი" მურმან დუმბაძე და "სახალხო კრების" პრესსამსახურის ხელმძღვანელი ალეკო ჩუბინიძე.

მურმან დუმბაძე: "იმ ავადსახსენებელ 26 მაისის ღამეს გაზი რომ გაუშვეს, ჩავყლაპე და შეუძლოდ შევიქენი. ამასობაში სპეცრაზმმა კორიდორი გააკეთა და კინოთეატრ "რუსთაველის" შენობაში აღმოვჩნდი. სპეცრაზმელებმა ადამიანებზე დაგეშილი ძაღლებით დაიწყეს ნადირობა. მე ერთმა მათგანმა დამაკავა, ხელბორკილები დამადო და  თავშიც გვარიანად  ჩამცხო. ქუჩაში რომ გამომიყვანეს, დავინახე, დაკავებულები ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით მიჰყავდათ.

მე პატივი დამდეს, "ჯიპი" გამოიძახეს და ღამის ორის ნახევრისთვის თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ვიყავი. ეს არ იყო ცემა და შეურაცხყოფა, ეს იყო წამება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. 6 საათის განმავლობაში იატაკზე გაშხლართულს რამდენიმე სპეცრაზმელი ერთად მირტყამდა ხელკეტს, წიხლებს მირტყამდნენ ყველგან, წვივებზე და ფეხისგულებში. ყვიროდნენ, "მიშა მაგარია" და მეც უნდა გამემეორებინა, რომ "მიშა მაგარია!" ვამბობდი, არა, მიშა მაგარი არ არის-მეთქი და ერთის მაგივრად, სამი წიხლი მხვდებოდა. ამდენი ცემის მიუხედავად, "მიშა მაგარიას" ვერ გამომრჩნენ, ცალკე ოთახში შემათრიეს და იქაც კარგად დამამუშავეს "მიშა მაგარიას" აკომპანემენტით.

ხელზე წამოიცვამდნენ რეზინის ხელთათმანებს და ორივე ხელს ერთდროულად აქეთ-იქიდან ყურებში მირტყამდნენ. ეს იმდენად საშინელი რამ არის, რომ 10-15 წუთის განმავლობაში გათიშული ვეგდე. გონს რომ მოვეგებოდი, იმეორებდნენ.

სპეცრაზმელებს არც ჩინოსანი ჩამორჩა, სამოქალაქოფორმიანმა (ეტყობოდა, მაღალჩინოსანი იყო) ვერ მოითმინა და წიხლი ისე ჩამარტყა სახეში, სისხლის დენა ძლივს შემიჩერეს. ნახევარი ლიტრი სისხლი იქ დავღვარე. ძალიან ცუდად რომ გავხდი, სააბაზანოში შემათრიეს, სისხლი მომბანეს და წამათრიეს სასამართლოში. სასამართლოში მტყუან-მართალს ვინ არკვევს, მომისაჯეს 30-დღიანი პატიმრობა და თბილისის იზოლატორში გამამწესეს. მეორე სართულზე გამანაწილეს და როცა ავლასლასდი, 10 წუთში ისევ გამომიყვანეს, მანქანაში ჩამსვეს და კახეთის რეგიონულ იზოლატორში გადამიყვანეს.

იქ შედარებით ადამიანურად გვეპყრობოდნენ, მაგრამ ერთი თვე არ გვიბანავია, არ გავსულვართ ჰაერზე, არ გვქონდა საპონი, სათვალის გამოყენებისა და წიგნის წაკითხვის უფლება. საკვები ოჯახებიდან რომ არ შემოსულიყო იზოლატორში, შიმშილით დავიხოცებოდით. არაფერს არ გვაწვდიდნენ სიგარეტის გარდა. იქაური ინკვიზიციის შემდეგ მარცხენა თვალში ცუდად ვხედავ, მარჯვენა გვერდი და ნეკნები საშინლად მტკივა. პირველი 5-6 დღის განმავლობაში თელავის იზოლატორის ხელმძღვანელობამ რამდენჯერმე გამოიძახა ექიმი.

შემოსული იყო წითელი ჯვარიც, რომელიც საავადმყოფოში ჩემს გადაყვანას ითხოვდა, მაგრამ საავადმყოფოს ვინ დაეძებდა, კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ დედას არ გვაგინებდნენ, არ გვცემდნენ და "მიშა მაგარიას" არ დაგვჩხაოდნენ თავზე. პოლიციის სისტემაშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მიშა მაგარი არ არის.