"მომიტინგეებს შეზღუდვები უნდა ჰქონდეთ!" - კვირის პალიტრა

"მომიტინგეებს შეზღუდვები უნდა ჰქონდეთ!"

"პოლიციელი თუ კანონს დაარღვევს,  დაისჯება!"

გასულ კვირას ოპოზიციური "რვიანის" ხანგრძლივი მოლოდინი დასრულდა, ხელისუფლებამ ოპოზიციას წინადადებები წარუდგინა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებისათვის. ოპოზიციის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. ამ საკითხზე სალაპარაკოდ დიდად ვერც ხელისუფლებამ მოიცალა, რადგან გასულ კვირას არანაკლებ ცხელი თემა ოქრუაშვილის თანაგუნდელების დაკავება იყო. ამ და სხვა საკითხებზე რამდენიმე კითხვით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილს მივმართეთ:

- ხელისუფლება მოლაპარაკების მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს დაფინანსებას (1 მილიონ ლარს) სთავაზობს, რაც შესაძლოა დანარჩენ ოპოზიციაში ეჭვის გაჩენის საბაბი გახდეს.

- გუშინ დავბრუნდი უცხოეთიდან და ტექსტი ჯერ არ მინახავს. ამიტომ დეტალები ჩემთვის უცნობია.

- შს სამინისტროს არგუმენტი, რომ ოქრუაშვილი 200 შეიარაღებული რუსი სპეცრაზმელით ხელისუფლების დამხობას აპირებდა, ოპოზიციამ არასარწმუნოდ მიიჩნია.

- დარწმუნებული ვარ, შს სამინისტრო უარგუმენტებოდ  და ოპერატიული მასალების გარეშე ასეთ ინფორმაციას არ გაავრცელებდა. ბუნებრივია, ძიების პროცესი უფრო მეტი კომპონენტისაგან შედგება, ვიდრე ოპერატიული მასალა. ჯერ გამოძიება უნდა წარიმართოს, გამოცხადდეს სასამართლოს გადაწყვეტილება. მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება.

- ხელისუფლების ოპონენტებისთვის ირონიის საგანი გახდა გავრცელებული ცნობა, რომ ოქრუაშვილი რუსი ბოევიკების დახმარებით აიღებდა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციას.

-  ცხადი იყო, რომ ეს გეგმა შედგებოდა მრავალი კომპონენტისაგან. მათ შორის - ხალხმრავალი მიტინგებისაგან. ამავე დროს იმის მცდელობაც და ილუზიაც ჰქონდათ, რომ სამხედრო ნაწილებში მომხრეებს გაიჩენდნენ. ეს არ იყო მხოლოდ 200 კაცის იმედად მოქმედება.  უბრალოდ ყველა ეს კომპონენტი აღმოჩნდა არასწორად გათვლილი და არ ითვალისწინებდა საზოგადოების უმრავლესობის განწყობას და ამიტომაც ჩავარდა.

- ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის ფარგლებში 26 მაისს განვითარებული მოვლენები და მათ შორის პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციულად გამოყენების საკითხიც განიხილება.

- საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის - წითელი ჯვარი, დაუშვეს  დემონსტრანტების დაკავების ადგილებში.  ამ თემაზე პარლამენტშიც იყო სჯა-ბაასი სახალხო დამცველის გამოსვლისას.

- 26 მაისის შემდეგ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შევიდა ცვლილება, რაც ოპოზიციის აზრით, ადამიანის კონსტიტუციური უფლების შელახვაა.

- რადგან 20 მეტრის შეზღუდვის დაშვება-არდაშვების საკითხი კითხვას აღძრავდა, მოიხსნა 20-მეტრიანი შეზღუდვა, მაგრამ თვითონ ადმინისტრაციულ დაწესებულებებს მიეცათ უფლება, ლოგიკურად დასაბუთების შემთხვევაში ასეთი შეზღუდვები დააწესონ, რაც ბუნებრივია. თუკი ხალხის რაოდენობა არ არის იმდენი და მიტინგი მაინც ხელს უშლის სახელმწიფო უწყების მუშაობას, მაშინ მომიტინგეებს შეზღუდვები უნდა ჰქონდეთ. ეს არის საერთაშორისო დონეზე გაზიარებული პრაქტიკა.

- გამოითქმის აზრი, რომ ხელშეუხებელთა კასტა ყალიბდება. თუ ვინმე შეურაცხყოფს ან ფიზიკურად შეეხება სახელმწიფო მოხელეს, პოლიციელს ან მათი ოჯახის წევრს, 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

- რას ნიშნავს ხელშეუხებელთა კასტა? თუ პოლიციელი კანონს დაარღვევს, ისიც ისევე დაისჯება, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. არსებობს გაეროს ასამბლეის 70-იან წლებში მიღებული რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიციელზე ხელის აღმართვა ნიშნავს სახელმწიფოზე ხელის აღმართვას. აქედან გამომდინარე, ბევრ ქვეყანაში სასჯელი მძიმეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს პოლიციელის ხელშეუხებლობას.

მარი ზანდუკელი