"სააკაშვილი ქვეყანაში დიქტატურას ამყარებს, მაგრამ მაინც ვერ შეგვაჩერებს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ქვეყანაში დიქტატურას ამყარებს, მაგრამ მაინც ვერ შეგვაჩერებს"

"საპყრობილეში ფლოსტები მომპარეს"

"ციხეში ყოფნისას მეორე შვილი შემეძინა. პირველი ვაჟი მყავს და გოგონას დაბადება ძალიან გამიხარდა. განვიცდიდი, რომ არ ვიცოდი მეუღლისა და ბავშვის მდგომარეობა, მაგრამ მზად ვარ საქართველოს, ჩემი და სხვისი შვილების ბედნიერი მომავლისათვის კიდევ ვიბრძოლო", - გვითხრა კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, რომელიც ისე დააპატიმრეს, რომ არც აუხსნიათ მიზეზი:

- ვაპირებდი პროტესტი გამომეხატა 26 მაისს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის გამო. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ხალხი მიტინგზე დახოცა, რომ ქვეყანაში ტოტალური დიქტატურა დაამყაროს.  5 ივნისს, იმ დღეს, როდესაც ქვეყანა ჰოლივუდის ვარსკვლავებს სტუმრობდა, მინდოდა სოლიდარობა გამომეცხადებინა მათთვის, ვინც დაიკარგა, ვინც საპყრობილეში იყო და დაშავდა აქციაზე.

ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტისათვის ხელმიუწვდომელია ჯანდაცვა, ბიუჯეტიდან თანხები აღარ გამოიყოფა გადაუდებელი ოპერაციებისა და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, ხელისუფლება თავს უფლებას აძლევს, მილიონები დახარჯოს საკუთარი გართობისათვის. სააკაშვილის ოჯახის ერთ-ერთმა მოლარემ კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ ამ ფილმის დაფინანსებაში ჩაიდო კომპანია "მადნეულის" თანხები, რომელიც რუსული კომპანია "პრომიშლენნიე ინვესტორის" შვილობილი კომპანიაა და რომლის ხელმძღვანელია გენერალოვი, პუტინის უახლოესი მეგობარი. აქედან ჩანს, რომ სააკაშვილი და პუტინი შესანიშნავად პარტნიორობენ ბიზნესსა და პოლიტიკაშიც.

- დაპატიმრებისას ბრალად რა წაგიყენეს?

- უცენზურო სიტყვების ყვირილი რუსთაველის პროსპექტზე. მართალია, სააკაშვილი იმსახურებს უცენზურო სიტყვებს, მაგრამ მე საზოგადოებას ვცემ პატივს და არასოდეს ვილანძღები. ალყაში რომ მომაქციეს, მხოლოდ ის შევძახე, ძირს მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი დიქტატურა-მეთქი. ჩანს, ჩემი თავიდან მოშორება და პოლიტიკური პროცესებიდან გამოთიშვა უნდოდათ. სამარცხვინო სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე ანა ყანჩაველმა არ ისურვა ჩემი დაკავების ამსახველი ვიდეოფირის ნახვა, სადაც ჩანდა, რომ უდანაშაულო ვიყავი.

სასამართლოდან გორში გადამიყვანეს. საპყრობილეშიც შემიქმნეს პრობლემები. არ მაძლევდნენ პრესასა და წიგნებს, მომისპეს პირადი ჰიგიენის საშუალება, რაც ყველაზე სამარცხვინოა, მომპარეს ფლოსტები(!).

სააკაშვილი  ქვეყანაში კლასიკურ დიქტატურას ამყარებს, მაგრამ მაინც ვერ შეგვაჩერებს.

- მაგრამ ცვლილებები "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შეზღუდვებს აწესებს.

- სამწუხაროდ, საზოგადოებაში არ არის პროტესტის ისეთი ხარისხი, რომელიც შეიძლებოდა ამ ცვლილებებს შეწინააღმდეგებოდა. ამ კანონით ხელისუფლებას ლეგიტიმური უფლება ეძლევა, აუკრძალოს ადამიანს ოპოზიციური აზრის ნებისმიერი გამოვლენა, გარდა უკაცრიელი ადგილებისა, სადაც ადამიანის ჭაჭანება არ არის.

ჩვენ შევეწინააღმდეგებით ამ კანონის ამოქმედებას ბრძოლის პირადი მაგალითებით და შეგნებულად დავარღვევთ იმ ნორმებს, რომლის აკრძალვაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ღირებულებებსა და საერთაშორისო ნორმებს. თუ რამდენიმე ასეული კაცი ასე გამოხატავს პროტესტს, ჩვენ დავამარცხებთ ამ კანონს. სააკაშვილს დიდი პოტენციალი აქვს, რომ კადაფად გადაიქცეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა შვილებმა არ იცხოვრონ კადაფის ეპოქაში.