"მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის რისკების შესახებ, მაგრამ დღეს საქართველოს გადარჩენისთვის საჭიროა ის იყოს აქ, თუნდაც - ციხეში" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის რისკების შესახებ, მაგრამ დღეს საქართველოს გადარჩენისთვის საჭიროა ის იყოს აქ, თუნდაც - ციხეში"

"სააკაშვილი საქართველოში ფეხს რომ დაადგამს, რადიკალურად შეიცვლება ყველას რიტორიკა მის მიმართ, არც ერთ მათგანს არ შეუძლია თვალი გაუსწოროს მესამე პრეზიდენტს"

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ თბილისში კიევიდან 2 ოქტომბერს, ღამით ჩამოვა. კიევი-თბილისის ავიარეისზე ნაყიდი ბილეთი მან თავის ფეისბუკ-გვერდზე გამოაქვეყნა. გაირკვა ისიც, რომ უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლას ის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავს. მომხრეები მას აეროპორტში დახვედრასაც ჰპირდებიან, იმავეს აპირებენ მის წინააღმდეგ განწყობილი ადამიანები და ამბობენ, რომ თუ გაბედავს სააკაშვილი ჩამოსვლას, მას ფიზიკურად გაუსწორდებიან. ექსპერტების დიდი ნაწილი კი თვლის, რომ ის საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავს. "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ სააკაშვილს ციხე ელის და, ასევე, დაიჭერენ ყველას, ვინც მის დაკავებას შეუშლის ხელს. სულ სხვა განწყობა აქვთ მისი პარტიის წევრებს.

რომან გოცირიძე: - ყველანაირი მარჩიელობა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, არასერიოზულია. აიღო ბილეთი და ჩამოვა თბილისში, დააკავებენ. შეგნებულად დგამს ის ამ ნაბიჯს, რადგან ციხეში მიხეილ სააკაშვილს არც ხალხი (ამომრჩეველი) და არც საერთაშორისო პარტნიორები არ დატოვებენ, იმიტომ, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა პოლიტიკური დევნა და საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის არავის სჯერა არც შინ და არც გარეთ. ბილეთი აიღო თვალის ასახვევად და ხმელეთით მოდის, მთავრობა თვითმფრინავს სხვა ქვეყანაში დასვამს და ა.შ. - არაა სერიოზული მსჯელობის თემა. ისე, სად უნდა დასვას თვითმფრინავი, მართლა რომ გადაწყვიტონ, პოლიტიკურადაც კი შეზღუდულია ხელისუფლება მანევრებში. რუსეთში ვერ დასვამს, პუტინს ხომ ვერ ჩააბარებს. ამას თუ იზამს, იმ დღესვე დაემხობა ხელისუფლებაც და ივანიშვილიც. ერევანი ან ტრაპზონი? იქნებ ცუდი ამინდია? ამდენი ხალხის სიცოცხლის გარისკვა? ყველაფერი იმაზე მარტივადაა, ვიდრე ჩანს. ამ ხელისუფლების გონიერების არავის სჯერა და თუ მართლა მოხდა, რომ თვითმფრინავი ორასი მგზავრით სხვაგან დასვეს, ეს იქნება სრული პოლიტიკური კრახი, ერთი მხრივ, და საერთაშორისო დანაშაული, მეორე მხრივ.

ლევან ხაბეიშვილი: - მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა საქართველოში და მისი ეს განცხადება 2 ოქტომბრის ოპოზიციური პარტიების ხმების მობილიზებას გააკეთებს. კობახიძეს, ღარიბაშვილს, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს არ უნდათ სააკაშვილის ჩამოსვლა, უნდათ, რომ დააჯერონ ამომრჩეველი, რომ ეს კაცი არ ჩამოვა, მაგრამ არ ვიცი, სააკაშვილს პირობა მოცემული აქვს, ბილეთი აღებული აქვს და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე ეჭვი არ მეპარება, ცხადია, იმაში, რომ ის ჩამოდის. ბილეთი ტყუილად აიღო და ა.შ რომ ისმის, ეს არ არის ასე.

არ ველოდები, რომ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად დააკავებენ, მეტიც, ველოდები ქართველი ხალხის გამარჯვებას 2 ოქტომბერს. ღარიბაშვილის რიტორიკა, რომ დააკავებენ სააკაშვილს, ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ მისი მომხრეები მიამაგროს, მათ შორის - რეგიონებში, საარჩევნო უბნებზე, რომ სანამ 2 ოქტომბრის არჩევნები დასრულდება, მანამდე არ ჩამოეშალოთ სისტემა. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მჯერა ღარიბაშვილის გაყეყეჩებული ნათქვამის, ამის თავი რომ ჰქონდეთ, 9 წელია, სააკაშვილი თავისუფლად გადაადგილდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და თავმოყვარე ხელისუფლება იმას არ იტყოდა, ჩამოვიდეს და დავიჭერთო. უკრაინაში ღარიბაშვილი რომ იყო ჩასული, მეორე ქუჩაზე ცხოვრობდა სააკაშვილი. ღარიბაშვილმა ყველაფერი გააკეთა და გამოიპარა უკრაინიდან, არ დაესწრო ღონისძიებას, რადგან გაიგო, რომ მიშა სააკაშვილი იქნებოდა იქ, სამთავრობო ლოჟაში. მათი რიტორიკა გასაგებია, მაგრამ მიშა შეხვდება საკუთარ ამომრჩეველს.

- მისი ეს გადაწყვეტილება გუნდთან შეთანხმებული იყო? - მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. მას რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება სურს, ამაზე საჯაროდ არაერთხელ უსაუბრია. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. რამდენიმე კვირის წინ უკრაინაში ვიყავი. მიხეილ სააკაშვილი რომ ჩვენს ქვეყანაზე დარდობს და ნერვიულობს, ეს ნორმალურია. ყოველდღიურ რეჟიმში, ფაქტობრივად, ჩართულია ამ პროცესებში, ამიტომ შეთანხმებულია, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცოდით, რომ უნდა ჩამოსულიყო და მან კონკრეტული თარიღი დაასახელა. მართლა არავისთვის მოულოდნელი არ იყო.

- მან ხომ ასეთი დაპირება არაერთხელ დადო, მაგრამ არ შეასრულა? - 2020 წლის არჩევნებზე სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო და თქვა, დაველოდები არჩევნების შედეგებს და აუცილებლად ჩამოვალ გამარჯვების შემდეგო, მერე ვნახეთ, რომ არჩევნები გაყალბდა, ამის შემდეგ 2021 წელია და ახლა თქვა, ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რა შედეგი იქნება არჩევნებზე, როგორ განვითარდება მოვლენები, აუცილებლად ჩამოვა, შესაბამისად, დაასახელა კონკრეტული თარიღიც. რა თქმა უნდა  კიევში ყოფნის დროს ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლებოდა ტაქტიკურად სწორი დრო და სიტუაცია შერჩეულიყო. აბსოლუტურად სწორი და გამართლებულია მისი ეს გადაწყვეტილება, როცა უბნები იქნება დახურული და ეგზიტპოლის შედეგები ცნობილი, ის კიევის აეროპორტიდან ჩამოვა თბილისში. დროა ჩამოვიდეს ამ ქვეყანაში და მიეცეს მას პოლიტიკური საქმიანობის საშუალება. ყველაზე მასშტაბური პოლიტიკოსია საქართველოს ისტორიაში, ასეთი მეორე პარტიაც არ ვიცი. ლეგიტიმურია მისი მოთხოვნა და სურვილი, იყოს ჩართული საარჩევნო კამპანიაში. ვგულისხმობ იმას, რიგგარეშე არჩევნები რომ დაინიშნება და ამის დანიშვნა აუცილებლად მოუწევს "ქართულ ოცნებას", იმ არჩევნებში უკვე ადგილზე უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი და ჰქონდეს არჩევნებში ჩართულობის შესაძლებლობა.

- ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე დღიდან რევანშისთვის და დესტაბილიზაციისთვის ემზადება... - მუდმივად ცდილობენ მოსახლეობის შეშინებას, რომ დესტრუქციული ოპოზიცია, რევანშისტული ძალაა, ეს არის მათი შიშის გამოძახილი, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. მათთვის ჩვენ ცხადია ვიქნებით დესტრუქციულები და შეურიგებლები. რევანშისტულ ძალას გვეძახიან ყველა არჩევნებზე და საზოგადოება კარგად ხედავს, რომ არავინ რევანშს არ აპირებს. ჩვენ გვინდა არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება მოხდეს, რაც გარდაუვალი რეალობაა. არავინ ზედმეტს არ აპირებს, არავის არეულობა არ უნდა ამ ქვეყანაში. არეულობა რომ არ გვინდა, იმიტომ ვიღებთ ყველა არჩევნებში მონაწილეობას იმის მიუხედავად, რომ წინასწარ ვიცით, რა ქმედებებით უზრუნველყოფენ ისინი გამარჯვებას. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქითკენ, რომ არათუ ქვეყნის შიგნით, გარეთაც გაიგოს ყველამ, რომ "ქართული ოცნება" არის გამყალბებელი, არის რუსული მიმართულებით მიმავალი ხელისუფლება და, შესაბამისად, ახლა უკვე ფაქტობრივად ბოლო რაუნდში ვართ. "ნოკაუტში" უნდა ჩავაყენოთ "ქართული ოცნება" და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამას გააკეთებს. შემდეგ ძალიან მშვიდობიანად და წყნარად უნდა დავიწყოთ ქვეყნის განვითარება და არა დაპირისპირება.

- მიხეილ სააკაშვილი იურისტია და კარგად იცის, რომ მას აეროპორტშივე დააკავებენ, რადგან აქვს ძებნილის სტატუსი, უკვე გამოტანილია განაჩენებიც. მზად არის იმისთვის, რომ აღმოჩნდეს ქართულ ციხეში? - რომ ვლაპარაკობთ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე, არაფერი კანონიერ ძალაში არ არის შესული. ამას აღიარებს მხოლოდ წულუკიანი და შოთაძე.

- ფაქტია, ჩვენი კანონმდებლობით გასამართლებულია და მისჯილი აქვს სასჯელიც... - შევთანხმდეთ, მიხეილ სააკაშვილის ბრალს რომ აღიარებდეს რომელიმე ქვეყანა, მაშინ მას სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილების საშუალება არ მიეცემოდა, რადგან იცით კარგად, რას ნიშნავს წითელი ცირკულარით როცა იძებნება ადამიანი. არავინ აღიარებს მურუსიძის განაჩენს საქართველოს გარდა და თუ ისინი მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას და დააკავებენ, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. კანონთან და ადეკვატურობასთან ამას კავშირი არ ექნება. მიხეილ სააკაშვილი დადის ბრიუსელში, ამერიკაში, ვარშავაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ყველგან და, ხომ ვერ გადადგილდებოდა? თუ დააკავებენ მას, პოლიტიკური გადაწყვეტილებით დააკავებენ.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ფეხს რომ დაადგამს, ამის შემდეგ რადიკალურად შეიცვლება ყველას რიტორიკა მის მიმართ, ამაში 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ. არც ერთ მათგანს არ შეუძლია თვალი გაუსწოროს მესამე პრეზიდენტს, არც გაყოყოჩებულ ღარიბაშვილს, კობახიძეს და სხვებს, კოლექტიურ ფარცხლაძეებს, კალაძეებს იმის შნოც არ ექნებათ, არათუ დააკავონ სააკაშვილი, მას თვალებში ვერ შეხედავენ. ამიტომ ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ეჭვი მაქვს, სერიოზული პრობლემა ექნებათ ძალოვან უწყებებშიც, იქ არავის მოუნდება მიშას უკანონო დაკავებას ხელი მოაწეროს და ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების აღმსრულებელი იყოს. ძალიან მშვიდობიანად, კოხტად იქნება ქვეყანაში ყველაფერი, ესენი ახლა რომ ბაქიბუქობენ და ცდილობენ, თავისი მხარდამჭერები დაამობილიზონ, მხოლოდ ამას ემსახურება ეს საუბრები. დანარჩენს ვნახავთ 2 ოქტომბერს.

ნონა მამულაშვილი: - მოულოდნელი ნამდვილად არ იყო მისი ეს გადაწყვეტილება, რადგან ამაზე დიდი ხანია, საუბრობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. დაბრუნდება საქართველოში ლეგიტიმური პრეზიდენტი და გააგრძელებს აქ მუშაობას და მოღვაწეობას. ადამიანი არის პოლიტიკური დევნილი და მას ებრძვის "ქართული ოცნება". მას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაბრუნდეს თავის სამშობლოში, მიუხედავად იმ რისკებისა, რაც ძალიან კარგად იცის და უკვე აქ გაგრძელოს დემოკრატიისთვის ბრძოლა.

- გაქვთ იმის მოლოდინი, რომ მას აეროპორტში დააკავებენ? - არ მგონია ხელისუფლებამ თავი შეიკავოს, რადგან ჩვენ გვაქვს რეალურად კრიმინალურ ხელისუფლებასთან საქმე და, ფაქტობრივად, არც მოერიდებათ ამისთანა უკანონობის ჩადენა. ვნახეთ, "ქართულმა ოცნებამ" ვერავისთან დაამტკიცა მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა, მხოლოდ საქართველოს პოლიტიზებულ სასამართლოში არის ეს ბრალი და ძალიან კარგად ვიცით, ეს არის ტყუილი და არ ველით, რომ "ქართული ოცნების" სასამართლო სხვა განაჩენს გამოიტანდა.

- ანუ ის მზად არის ქართულ ციხეში ჩაჯდეს? - კი ბატონო, ეს მისი გააზრებული ნაბიჯია. არ არის ახალი მოსული პოლიტიკაში და ძალიან კარგად იცის რისკების შესახებ, მაგრამ დღეს საქართველოს გადარჩენისთვის საჭიროა ის იყოს საქართველოში, თუნდაც - ციხეში.

- არის ასეთი მოსაზრება, რომ მაინც არ ჩამოვა... - ბილეთი არის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჩამოდის, მე არ მაქვს ეჭვის შეტანის საფუძველი. დაველოდოთ 2 ოქტომბერს, ამ ეტაპზე ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება რთულია. მითუმეტეს, პოლიტიკური დესტაბილიზია არ არის მიხეილ სააკაშვილის მიზანი. ის ჩამოდის იმისათვის, რომ იყოს ხალხის გვერდზე იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება და ამას აკეთებს ნამდვილი ლიდერი, როცა უპირველესი მიზანია ყველაფერი დამთავრდეს მშვიდობიანად და არანაირი კონფლიქტი არ იყოს. თუ "ქართული ოცნება" არ გაუკეთებს პროვოცირებას, არანაირი კონფლიქტი და ძალადობა არ იქნება, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მხოლოდ არჩევნებით ცვლილება, სხვა გზა საქართველოს არ აქვს.

(სპეციალურად საიტისთვის)