გაუმარჯოს კოცნას! - კვირის პალიტრა

გაუმარჯოს კოცნას!

ვინ თქვა, ქართველ ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტი არ არისო? ვინ თქვა, სტუდენტობა არაფერს აპროტესტებსო? როგორ გეკადრებათ? ამ მთავრობამ იმდენი ქნა, რომ ქუჩაში ახალგაზრდებიც გამოიყვანა. აბა, რა ეგონა, პარკებში კოცნას რომ კრძალავდნენ?!

როგორც კი ხმა გავრცელდა, ხელისუფლება საჯაროდ კოცნაობას გვიკრძალავსო, სოციალური ქსელების მეშვეობით ახალგაზრდებმა რიყის პარკში უმალვე დაგეგმეს აქცია, რომელსაც პირობითად ასეც შეიძლება ვუწოდოთ: "ვზასაობთ ხელისუფლების ჯინაზე". არ ვიცი, ჰქონდათ თუ არა აქციაზე მისულებს ლოზუნგები (ობიექტური მიზეზების გამო ვერ წავედი), მაგრამ ასეთი კი მოუხდებოდათ:

"კოცნაობა ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა!" "მიშა ქართულ ტრადიციულ კოცნას გვავიწყებს", "ძირს რევოლუცია, გაუმარჯოს კოცნას!", "კოცნის მტერი ხალხის მტერია!", "დაგვიბრუნეთ კოცნის გემო!", "სოროსელებო, არ დაგითმობთ ქართულ კოცნას!", "ქართველებისთვის კოცნა შაჰ-აბასსაც არ აუკრძალავს!" მე რომ აქციაზე მივსულიყავი, სიტყვას აუცილებლად მოვითხოვდი და ვიტყოდი: "ქართველები ოდითგანვე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ კოცნას. ჯერ კიდევ დიდი შოთა რუსთაველი ამბობდა: "მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა მტლაშამტლუშიო", რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ საქმეში გული ურევია, მაშინ ხვევნაც კარგია, კოცნაც და მტლაშამტლუშიც.

მწარე დაცინვა

ხელისუფლებამ "ოპოზიციურ რვიანს", როგორც იქნა, პასუხი აღირსა. თუმცა, მისთვის, ალბათ, ჯობდა ისევ უპასუხოდ დაეტოვებინათ. კვირის ბოლოს პავლე კუბლაშვილი მამუკა კაციტაძეს შეხვდა და გააცნო იმ ცვლილებების ჩამონათვალი, რისთვისაც ხელისუფლება მზად არის, ამის შემდეგ კი კუბლაშვილმა განაცხადა: "უმრავლესობა "ოპოზიციური რვიანის" პასუხს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ორშაბათამდე ელოდება.  წინადადებები, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მამუკა კაციტაძეს წარვუდგინეთ, საბოლოოა და არსებით ცვლილებებს არ საჭიროებს".

არ იკითხავთ, როგორია ეს წინადადებები? ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, მას შეგვიძლია დაცინვა ვუწოდოთ. მე არ ვაპირებ დეტალურად ჩამოვთვალო ის პუნქტები, რაც ხელისუფლების შეთავაზებაში წერია, უბრალოდ, ვიტყვი, რომ არ არის დაკმაყოფილებული არც ერთი ის მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც "რვიანში" შემავალი პარტიები აყენებდნენ. არ არის დაკმაყოფილებული მაჟორიტარული არჩევნების წესის ცვლილების მოთხოვნა, არც ბიომეტრიული დოკუმენტების საკითხია დადებითად გადაწყვეტილი, არ არის გათვალისწინებული ის საკითხები, რომელთა დაყენებასაც "რვიანი" გვპირდებოდა, თუნდაც მედიაგარემოს გაუმჯობესება.

ხელისუფლება ისევ პირობას დებს, რომ მზად არის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების მონიტორინგს დათანხმდეს. ეს ხომ სასაცილოა, მონიტორინგები ხომ აქამდეც ტარდებოდა და რას ცვლიდა? რა არის ამ წინადადებაში ახალი? ვის რაში აინტერესებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რომელიც რამდენიმე ათეულ დღეს მოიცავს, ტელევიზიები ბალანსს დაიცავენ თუ არა? ამომრჩეველი ხომ გადაწყვეტილებას მარტო წინასაარჩევნო პერიოდში მიღებული ინფორმაციით არ იღებს? თუ მას არჩევნებიდან არჩევნებამდე, ოთხი წლის განმავლობაში არ ეუბნებიან სიმართლეს, ტვინს ურეცხავენ პროპაგანდით, რაღა მნიშვნელობა აქვს, წინასაარჩევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა პარტიას ერთნაირი დრო ექნება გამოყოფილი თუ არა?

პირდაპირ თუ ვიტყვით, ხელისუფლების წინადადებები მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს ითვალისწინებს. რა პასუხი ექნება "რვიანს" ერთიანად თუ მასში შემავალ პარტიებს ცალ-ცალკე, ამას ჩვენი გაზეთის გამოსვლის დღეს შევიტყობთ, თუმცა იმედია, "ოპოზიციური რვიანი" ხელისუფლების წინადადებებს არ მიიღებს და მის ამ საქციელს თავის სახელს დაარქმევს. ცდუნება დიდია, ხელისუფლების ერთ-ერთი წინადადება ასე ჟღერს: "საარჩევნო სუბიექტი, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს, მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 მლნ ლარს საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარავად", ბოლოში კი მითითებულია, რომ ეს პუნქტი მხოლოდ შეთანხმების მონაწილე სუბიექტებზე ვრცელდება(!).

სულმდაბლობა

ხელისუფლებამ ბოლო დროს იმდენი ფარული ჩანაწერი და აღიარება გვაჩვენა, სად არის სიმართლე და სად ტყუილი, გარკვევა ნამდვილად მიჭირს. მე არც ირაკლი ოქრუაშვილისგან გამიკვირდებოდა, რომ ის ჩაედინა, რასაც აბრალებენ და არც შსს-სგან გამიკვირდება, ეს ყველაფერი ტყუილი იყოს. მე ერთ ამბავზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. "ქართული პარტიის" ლიდერებმა მოინახულეს გორში ხვიჩა მაჭარაშვილის ოჯახი, რომელიც ხელისუფლებამ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ბრალდებით დააპატიმრა. როგორც პარტიის პრესსამსახური იუწყება, სუბარმა, კიწმარიშვილმა და ხორგუანმა ამ ოჯახში მისვლისას შეიტყვეს, რომ ხვიჩა მაჭარაშვილის დაკავების მეორე დღესვე მისი მეუღლე სამსახურიდან გაუთავისუფლებიათ.

ეკა მაჭარაშვილი საცხობ "ტკბილ სამყაროში" მუშაობდა. "აქამდე საცხობის ხელმძღვანელს ჩემთან პრეტენზია არ ჰქონია. როდესაც ხვიჩა დააკავეს, მითხრა, იძულებული ვარ, დაგითხოვოო. საცხობის მეპატრონე ცუდი ადამიანი არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, დაემუქრნენ, თუ ოპოზიციონერის ცოლს სამსახურში გააჩერებ, საცხობს დაგიხურავთო", - განაცხადა "ქართული პარტიის" ლიდერებთან საუბრისას ეკა მაჭარაშვილმა.

ვერც ვიხსენებ, ბოლოს ასე რამ აღმაშფოთა. თუ საწარმოს მეპატრონეს მართლაც ხელისუფლება დაემუქრა და ეკა მაჭარაშვილი სამსახურიდან გააგდებინა, მაშინ გამოდის, არ აჭარბებს ოპოზიცია, რომ ამბობს, ქვეყანაში 37 წელი დაბრუნდაო; ხოლო, თუ ეს "ტკბილი სამყაროს" მეპატრონემ თავისი ინიციატივით ჩაიდინა, მის სულმდაბლობას საზღვარი არ ჰქონია. მიკვირს, ხელისუფლებას როგორ არ რცხვენია, რომ მოქალაქეებს მისი ისე ეშინიათ, მზად არიან, ასე მოიქცნენ.

"გაუმჯობესებული მიშა"

გიგი უგულავამ წინა კვირას ინტერვიუ ერთ-ერთ ლიტვურ გამოცემას მისცა და ასეთი რამ თქვა: "ჩვენი პარტიის საქმიანობას ახლა მოსახლეობის 75-78% უჭერს მხარს. მათ აუცილებლად უნდათ იმ კურსის გაგრძელება, რაც მიხეილ სააკაშვილმა აიღო - მიშამ, როგორც მას უწოდებენ. სწორედ ამაშია ჩვენი ოპოზიციის შეცდომა. ის ანტიმიშას წარმოადგენს, ხალხს კი გაუმჯობესებული მიშა სურს". მას შემდეგ ყველა, ვინც ეს ინტერვიუ წაიკითხა, ცდილობს, გაარკვიოს, როგორია "გაუმჯობესებული მიშა". ტექნოლოგიების წარმოებაში რაღაცას რომ აუმჯობესებენ, მას შემდეგი თაობის სახელს არქმევენ. რადგან აქამდე სხვა მიშა არ გვყოლია, გამოდის, მოქმედი პრეზიდენტი პირველი თაობის მიშაა, ხოლო გაუმჯობესებული მეორე თაობის იქნება.

და როგორი "ნავაროტკები" უნდა ჰქონდეს მეორე თაობის მიშას? ალბათ, უფრო სწრაფად ივლის, ისე, რომ დაცვა იძულებული გახდება ველოსიპედებით სდიოს. ახლა ხომ არის ცაში და ხმელეთზე ერთდროულად, მეორე თაობის ერთდროულად ცაში, ხმელეთზე და კოსმოსში იქნება. დღეს თუ აქვს მოსახლეობის "დაბოლების" კარგი უნარი, გაუმჯობესებული სულ მთლად გაგვჭვარტლავს და რეალობას სულ ვეღარ დავინახავთ;

თუ პირველი თაობის მიშა პრეზიდენტობის გარდა არქიტექტურითაცაა გატაცებული, მეორე თაობისას სიმღერა, ცეკვა და ბაგირზე გასვლაც ეცოდინება; თვითმფრინავს ხომ მართავს, შემდეგი თაობის კოსმოსურ ხომალდს მოაჯდება. ახლა ხომ დაქრის თხილამურებით, შემდეგი ტრამპლინიდან ხტომაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდება. ახლა რას უშვრება ოპოზიციას და შემდეგი თაობისა რას უზამს, თავად წარმოიდგინეთ, ხოლო როგორი იქნება მესამე თაობის მიშა, ამის წარმოდგენაც კი მაფრთხობს!