"გამორიცხულია, კახა კალაძემ მეორე ტური წააგოს" - ვისთან წავა გახარიას ხმები და ვის ამომრჩეველზე მოახდინა გავლენა სააკაშვილის ჩამოსვლამ - კვირის პალიტრა

"გამორიცხულია, კახა კალაძემ მეორე ტური წააგოს" - ვისთან წავა გახარიას ხმები და ვის ამომრჩეველზე მოახდინა გავლენა სააკაშვილის ჩამოსვლამ

"ამდენი მუქარა - ჩამოვალ, ჩამოვალ და მერე არჩამოსვლა, მის რეპუტაციას ძალიან ურტყამდა. პირდაპირ დასცინოდნენ" - 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარ შედეგებსა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებზე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასა და  მის გავლენაზე არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე, kvirispalitra.ge ანალიტიკოსებს - ვახტანგ ძაბირაძესა და თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა:

ვახტანგ ძაბირაძე:

- არჩევნები ჩატარდა ჩვეულებრივ, ქართული ვარიანტით, კოლოსალური გაუმჯობესება წინა წლების არჩევნებთან შედარებით არ იგრძნობოდა. მოხდა ის, რომ ამომრჩეველი გაცილებით აქტიური იყო, ვიდრე ზოგადად არის ხოლმე ადგილობრივი თვითმმრთველობის არჩევნებზე.

ამ შემთხვევაში, ძირითადად, მიშა სააკაშვილის ფაქტორმა იმუშავა და მისმა ჩამოსვლამ უფრო მეტი მობილიზება გაუკეთა "ქართული ოცნების" ამომრჩეველს, ვიდრე ოპოზიციის ამომრჩეველს. ოპოზიცია ისედაც მუდამ მოტივირებულია, ვიდრე სახელისუფლებო ამომრჩეველი. არც თბილისის შედეგები იყო მოულოდნელი. სულ ვამბობდით, რომ იქნებოდა სამი ლიდერი გამოკვეთილი და იმასაც ვამბობდით, რომ გახარიას შემოსვლა დიდი ალბათობით გამოიწვევდა მეორე ტურს.

დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს და ის ხმები, რომელიც გახარიამ წაიღო, ისევ კახა კალაძეს უკან დაუბრუნდება და არ წავა ხმები ნიკა მელიასთან. ის ვარიანტი მუშაობს, რაც 9 წელი მუშაობდა და გამორიცხულია მეორე ტური კალაძემ წააგოს.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, "ქართული ოცნება" გადალახავდა თუ არა 43 პროცენტიან ბარიერს და გადალახა. ამდენი პროცენტი რომ აიღო "ქართულმა ოცნებამ" ამაში სწორედ სააკაშვილმა ითამაშა დიდი როლი, მისმა ჩამოსვლამ ისევ გააქტიურა ამომრჩეველი, წავიდა არჩევნებზე და ხმა მისცა "ქართულ ოცნებას".

არ ველოდი, ასეთი აქტიურობა რომ იქნებოდა, მაგრამ ეს უდავოდ გამოწვეულია მიშას ჩამოსვლით. მიმაჩნდა, რომ 1 700 000 იქნებოდა ყველაზე მაქსიმუმი, ვინც მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, მივიღეთ 1 800 000, რაც იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და რაც მაშინ უზრუნველყო "ქართულმა ოცნებამ". ასე რომ, გამორჩეული ეს არჩევნები არ ყოფილა.

- გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ "ქართულ ოცნებას" მოუმატა რეიტინგი და რიგგარეშე არჩევნებს გადაარჩინა?

- 9 წელია ამას ვუყურებთ, "ქართული ოცნება" ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მისი მეტოქეა "ნაციონალური მოძრაობა" და ამ ორმა ძალამ არ დაუშვას მესამე ძალის გამოჩენა. ეს სპექტაკლი თამაშდება 9 წელია და იგივე სცენა გათამაშდა ახლაც. სააკაშვილის ჩამოსვლამ მოახდინა პოლარიზება, ზოგადად, გაუგებარია, რა უნდოდა და რატომ ჩამოვიდა.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა შეთანხმებული იქნმებოდა "ქართულ ოცნებასთან"? - ეს ვერსია იქნება მანამ, სანამ სააკაშვილი არ იტყვის, რას აპირებდა. მანამდე ვფიქრობ, რომ რაღაც სხვა რამესთან გვაქვს საქმე და არა მის პოლიტიკურ ამბიციებთან. ჩამოვიდა და ჩაბარდა, ფაქტობრივად. მისი ჩამოსვლით პატარა პარტიები დაიჩაგრნენ და დაზარალდნენ. ისევ მოხდა ხმების შუაზე გაყოფა, ამ ორ ძალას შორის.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით ყველაზე დიდი ზარალი მიადგა გიორგი გახარიას, პირველ რიგში თუ ვინმეს დაარტყა, ეს გახარია და მისი პარტია იყო, რადგან გახარიას ამომრჩეველი "ქართული ოცნების" ამომრჩეველია. ის ხალხი, რომელიც სულ რაღაც ერთი წელია "ქართულ ოცნებას" გამოეყო მეტ-ნაკლებად, მაგრამ როცა საფრთხის წინაშე დადგა - "ქართული ოცნება" თუ "ნაცმოძრაობა", დაუბრუნდა "ქართულ ოცნებას" და სწორედ ამან წარმოშვა 48 პროცენტი, დაახლოებით იგივე პროცენტი, რაც ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო.

- რამდენიმე რაიონში ლიდერობს ოპოზიცია, თუ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი გაიმარჯვებს, როგორ წარმოგიდგენიათ ოპოზიციონერ მერსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა? - ძალიან საეჭვოა, მათ მეორე ტურში გაიმარჯვონ, რადგან "ქართული ოცნების" რესურსები მიმართული იქნება სწორედ ამ რაიონებისკენ. ოპიზიციის საერთო კანდიდატები იყვნენ და ხმების მაქსიმალური რაოდენობა იქ მიიღეს. ვინც არ უერთდებოდა მათ, ან იყო დამოუკიდებელი კანდიდატი, მათი ამომრჩეველი "ნაციონალებისკენ" არ წავა, "ქართული ოცნებისკენ" წავა, ამიტომ ალბათობა, რომ ამ რაიონებში საბოლოოდ გაიმარჯვებს "ქართული ოცნება", ძალიან მაღალია.

ოპოზიციურ კანდიდატებს შორის რომ ყოფილიყო კონკურენცია, მაშინ შესაძლოა გვევარაუდა, რომ ის ოპოზიციური ხმები წავიდოდა მათკენ.

ოპოზიციამ სწორი ნაბიჯი გადაგდა, როცა საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ, ხმები მთლიანად იქნა ამოწურული და მეორე ტურში დამატებით ხმებს საიდან მოიტანენ? გნებავთ, ნიკა მელია? ზუგდიდში შეიძლება გაიმარჯვოს ანზორ მელიამ, რადგან იქ პროცენტები თითქმის ამოწურულია და დამატებითი ხმები არც სჭირდება, რაც მიიღო, ისიც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მან გაიმარჯვოს.

- "ნაციონალური მოძრაობა", რომლის მისამართით წლებია ბრალდებები ისმის, ამხელა რეიტინგს რომ ამ დრომდე ინარჩუნებს, ამას რითი ხსნით? - დიფერენცირება რომ მოვახდინოთ, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველია ის ხალხი, ყოფილი ხელისუფლების ნომენკლატურული ამომრჩეველი, ანუ ისინი, ვინც იმ დროს ხელისუფლებაში იყვნენ და ისევ აქვთ იმედი, რომ ძველ თანამდებობებს დაუბრუნდებიან, ასევე მომხრეა ის ბიზნესი, რომელიც "ნაცების" დროს იმარჯვებდა ტენდერებში და ჰქონდა შემოსავალი და მესამე ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ქვეყანა უნდა იმართოს მუშტით. ეს არის გულწრფელი ამომრჩეველი.

ფაქტია, მიშას ჩამოსვლამ ისევ დაასხა წყალი როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე, ასევე "ქართული ოცნების", თუმცა ოპოზიციისთვის აღმოჩნდა წამგებიანი. მიშას ფაქტორმა იმუშავა, რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებაზე" . "ნაციონალების" ამომრჩეველს მოტივირება არ სჭირდება, ის ისედაც მიდის არჩევნებზე და აძლევს ამ პარტიას ხმას, "ქართული ოცნების" ამომრჩეველს კი მოტივირება სჭირდება, რადგან ის "ქართულ ოცნებას" კი არ აძლევს ხმას, ის აძლევს ხმას "ნაცების". როგორც კი გაჩნდება საფრთხე, რომ შეიძლება "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვოს და რაღაც გამარჯვებას მიაღწიოს, ის აუცილებლად მიდის არჩევნებზე, სხვა შემთხვევაში არ მივიდოდა.

თორნიკე შარაშენიძე: - მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ, ბუნებრივია, რაღაცები შეცვალა ამ არჩევნებში და მან მისი მომხრეების მობილიზაცია მოახდინა. მიშა რომ არ დაეჭირათ, კიდევ უფრო სერიოზული იქნებოდა "ნაციონალური მოძრაობის" შედეგი. რაც ყველაზე მთავარია, მეორე ტურში თბილისში მაინც "ქართული ოცნება" მოიგებს, რადგან ნეგატივი "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ თბილისში კვლავაც დიდია. დასავლეთ საქართველოში კი არის იმის შანსი, რომ მეორე ტურში "ქართულმა ოცნებამ" წააგოს, რადგან იქ არ არის ისეთი ნეგატივი ხალხში დარჩენილი და ეს საკმაოდ სერიოზულად ცვლის ძალთა განლაგებას. ცხადი ხდება ის, რომ ვადამდელი არჩევნები, ანუ საპარლამენტო არჩევნები არ იქნება, მაგრამ თუ გადავავლებთ თვალს ბოლო დროის მოვლენებს, თუნდაც სკანდალურ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს და ა.შ. სხვა ფაქტების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი სკანდალი განმეორდეს და ამან ისე ძალიან შეარყიოს ხელისუფლება, რომ 2024 წლამდე რაღაც დიდი ცვლილება მოხდეს. თუნდაც კოალიციურ მთავრობაზე გადასვლა. ცვლილებას არ გამოვრიცხავ. წარმოუდგენელია მესამე ვადით დარჩეს ის ხელისუფლება ბოლომდე, რომელსაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს დაგროვილი, როგორც ეს გამოიკვეთა და არ არის ასეთი მარტივი მათი ხელისუფლებაში ამდენ ხანს ყოფნა.

ბუნებრივია, მიშას ჩამოსვლა თავისთავად გამოიწვევდა პოლარიზაციას. რა თქმა უნდა, ეს შედიოდა მის გეგმაშიც, იმიტომ, რომ მას ურჩევნია ისევ ამ ორმა პარტიამ აიღოს ხმა, ვიდრე სხვამ, თუნდაც, გახარიამ. მისი ჩამოსვლა აიხსნებოდა სხვა ფაქტორებითაც. ჯერ ერთი, მას მიაჩნია, რომ ოდესმე ხომ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, მისი ამდენი მუქარა - ჩამოვალ, ჩამოვალ და მერე არჩამოსვლა, მის რეპუტაციას ძალიან ურტყამდა. პირდაპირ დასცინოდნენ და მეორეც, თუ არ ჩამოვიდოდა არჩევნები ჩაივლიდა ისე, როგორც ჩაიარა ბოლო 9 წლის განმავლობაში, ანუ "ქართული ოცნება" საბოლოოდ, მეორე ტურში მაინც მოიგებდა.

-როგორ ფიქრობთ, მეორე ტურში ვინ გაიმარჯვებს? - გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში არ უყვართ "ნაციონალები" და მიშას ხელი თბილისელებს შეეხო, მაინც მგონია, რომ კახა კალაძე გაიმარჯვებს მეორე ტურში და ის გახდება თბილისის მერი. დასავლეთ საქართველოში შანსები აქვს ოპოზიციას, რომ მოიგოს. ცხადია, რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, რადგან ამ მონაცემებით 46 პროცენტი აიღო "ქართულმა ოცნებამ" და მეორეც, მეორე ტურები იქნება.

- რამდენიმე დიდ ქალაქში "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს, ამხელა რეიტინგის შენარჩუნებს რომ ახერხებს ისევ, ეს რისი მაჩვენებელია? ხალხს დაავიწყდა მათი ჩადენილი ქმედებები, თუ მობეზრდათ "ქართული ოცნება"? - ვინც პერიფერიებში, თბილისის გარეთ ცხოვრობს, იმ ხალხს არ შეხებია მიშას ხელი და ის გადაცდომები, რასაც ადგილი ჰქონდა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. რაც ხდებოდა, ეს ძირითადად, თბილისს შეეხო და პატარა ქალაქებს ნაკლებად. ვფიქრობთ, ამიტომაც ხდება ასე.

- დიდი მოლოდინი იყო იმის, რომ გიორგი გახარია ხმებს წაიღებდა, რა შეცვალა გახარიას ფაქტორმა ამ არჩევნებში და ხომ არ ფიქრობთ, რომ არა გახარიას ჩართვა, კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებდა ამ არჩევნებს და გახდებოდა ქალაქის მერი. - მეორე ტურში, გიორგი გახარია მაინც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან საინტერესოა, ახლა საით წავა მისი ხმები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი ეს პერიოდი, გახარიას "ურტყეს" ორივე მხრიდან, მით უმეტეს, სააკაშვილის ჩამოსვლამ მას დააკარგვინა ხმები.

(სპეციალურად საიტისთვის)