"სააკაშვილი ზნედაცემული, უპრინციპო, ძალიან ცუდი ადამიანია. ისე მკაცრად უნდა დაისაჯოს, რომ მთელი ცხოვრება სინანულში გაატაროს - "ოცნებაც" უნდა მიჰყვეს, რადგან საქმე აქამდე მიიყვანა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ზნედაცემული, უპრინციპო, ძალიან ცუდი ადამიანია. ისე მკაცრად უნდა დაისაჯოს, რომ მთელი ცხოვრება სინანულში გაატაროს - "ოცნებაც" უნდა მიჰყვეს, რადგან საქმე აქამდე მიიყვანა"

"სააკაშვილი ზნედაცემული, უპრინციპო, ცუდი ადამიანია, ის ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს... ამ არჩევნებმა საზოგადოება უნდა გამოაფხიზლოს. წარმოუდგენელია, ქვეყანა ისევ სააკაშვილისა და ივანიშვილის ტყვეობაში დარჩეს", - ამბობს პოლიტიკოსი ლევან გოგიჩაიშვილი:

- ჩვენი ქვეყნის განვითარებას დღეს ორი მონათესავე სული - ივანიშვილი და სააკაშვილი - აფერხებს. ისინი ერთმანეთს ავსებენ, კვებავენ, სუნთქვაც აღარ შეუძლიათ უერთმანეთოდ. ისევე როგორც უერთმანეთოდ არსებობა არ შეუძლიათ "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას". ეს ორი ძალა ერთმანეთის დახმარების გარეშე გაქრება პოლიტიკიდან.

სააკაშვილმა ქვეყანას პროვოკაციისა და სისხლის მეტი არაფერი მოუტანა. მისი მმართველობის დროს ქვეყანას განვითარების საშუალება არ მიეცა არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად. დღეს ყველა სფეროში, ყველა დარგში პრობლემები გვაქვს, იმიტომ, რომ ქვეყანას სისტემა მართავს. ქვეყნის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონის უზენაესობას ვაღიარებთ. სააკაშვილმა და ივანიშვილმა კანონი ისე გათელეს, როგორც შეეძლოთ. სამწუხაროდ, ორივეს დღეს ყველაზე დიდი ელექტორალური წონა აქვს. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამის შესაცვლელად.

- მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ხედავს ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალას... - ვინც ვერ ხედავს ალტერნატივას სააკაშვილისა და ივანიშვილის გარდა, უნდა იცოდეს, რომ ორივე მათ გამოიყენებს და იმაზე უარეს მდგომარეობაში დატოვებს, ვიდრე დღეს არიან. არ შეიძლება იმ ორ კაცს აჰკიდო პასუხისმგებლობა, ვისაც ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ. საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების უნდა ირწმუნოს ხალხმა და მესამე ალტერნატივასაც დაინახავს.

- ფიქრობთ, რომ სააკაშვილი ახლა "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებით თამაშობს? - "ქართულ ოცნებას" აწყობს, რასაც სააკაშვილი აკეთებს. სააკაშვილი დაცემული, უპრინციპო, ძალიან ცუდი ადამიანია. ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს, ისე მკაცრად, რომ მთელი ცხოვრება სინანულში გაატაროს. "ოცნებაც" უნდა მიჰყვეს, იმიტომ, რომ საქმე აქამდე მიიყვანა. ჩემთვის "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ერთი და იგივე ორგანიზაციაა. ორივე ორგანიზაციაში მორალისგან, პრინციპებისგან დაცლილი, მექრთამე და უზნეო ხალხია.

- როგორ გგონიათ, ამჯერად სააკაშვილს დასავლეთი დაუჭერს მხარს? - სააკაშვილი დამნაშავეა და მისი ადგილი ციხეშია. ვინც მას მხარს დაუჭერს, მაღრიბიდან იქნება თუ მაშრიყიდან, ისიც მისი ცოდვებისა და ბოროტების გამზიარებელი იქნება.

- "ქართული ოცნების" ლიდერები წინასაარჩევნოდ "ნაციონალების" გამუდმებულ ლანძღვას იმით ამართლებდნენ, რომ საზოგადოებისთვის სისხლიანი 9 წელი არ დაევიწყებინათ. როგორ წარმოგიდგენიათ, შეიძლება ვინმეს დავიწყებული ჰქონდეს წარსული? - მოდი, ხალხს ნურც იმას დავავიწყებთ, როგორ შეინარჩუნა "ოცნებამ" პირსისხლიანი "ნაცმოძრაობა".

- თავად რის გამო მოგიწიათ "ნაციონალებთან" დაპირისპირებამ? - სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალე უღალატა პრინციპებს. კოჭებშივე ეტყობოდა რაც იყო, მაგრამ ხალხი მაშინ ეიფორიაში. სხვებზე ადრე შევატყვე სააკაშვილს მანიაკური თვისებები. შესაბამისად, მის სისტემას ჯერ კიდევ სტუდენტი დავუპირისპირდი. არასდროს ვიწუწუნებ, თუ რა სირთულეებს შევეჯახე. თუმცა სააკაშვილის რეჟიმს არასდროს ვაპატიებ ჩემი ახლობლებისთვის, თანამოქალაქეებისთვის გაკეთებულ სიავეს.

ხათუნა ბახტურიძე