"ევროპელებისა და ამერიკელებისთვის სააკაშვილი დამთავრებული თემაა" - როგორ განვითარდება მოვლენები თუ ზოგიერთ დიდ ქალაქში ოპოზიცია გაიმარჯვებს?! - კვირის პალიტრა

"ევროპელებისა და ამერიკელებისთვის სააკაშვილი დამთავრებული თემაა" - როგორ განვითარდება მოვლენები თუ ზოგიერთ დიდ ქალაქში ოპოზიცია გაიმარჯვებს?!

"სააკაშვილმა თავი დააჭერინა თუ ნამდვილად დაიჭირეს, ძალიან მალე გამოჩნდება, მაშინვე, როგორც კი განცხადებების გაკეთების საშუალება მიეცემა"

ანალიტიკოსი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ასე ეხმაურება: "ქართულმა ოცნებამ" 43%-იან ავბედით ზღვარს გადააბიჯა, გახარია მესამე ალტერნატიულ ძალად ვერ ჩამოყალიბდა... იმედია, მეორე ტურში პოლიტიკა ცოტა მაინც გაფერადდება".

როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს მასშტაბით პროპორციულ ნაწილში "ქართულ ოცნებას" მხარი ამომრჩეველთა იმ რაოდენობამ დაუჭირა, რაც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს. ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება ხუთივე თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში. როგორი შეიძლება იყოს მეორე ტურის შედეგები, სავარაუდოდ, ვის ყულაბაში წავა "გახარია - საქართველოსთვის" "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის" და დანარჩენი ოპოზიციური პარტიის ხმები, ამის შესახებ რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება:

- ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, არჩევნები ორ ტურად ტარდება, ვინაიდან იგულისხმება, რომ ამომრჩეველი პირველ ტურში ემოციურ ფონზე აკეთებს არჩევანს, მეორე ტურში კი უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს. სხვათა შორის, მეორე ტურში კანდიდატთა შემცირებული რაოდენობაც აიოლებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას. ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებამაც ემოციურ ფონზე გააკეთა არჩევანი პირველ ტურში, ესე იგი, იმაზე კი არ ფიქრობდა, ვისთვის უნდოდა ხმის მიცემა, არამედ იმაზე, თუ ვისთვის არ უნდოდა. მგონი, მეორე ტურში ამომრჩეველი უფრო რაციონალურად დაფიქრდება, თუ ვინ არის ხელისუფლებაში მოსაყვანი.

გავიხსენოთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც "ოცნებაზე" გაბრაზებულმა ამომრჩეველმა ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა. როდესაც მიხვდნენ, რომ მათი არჩევნით შესაძლოა პრეზიდენტი ნაციონალი გამხდარიყო, მეორე ტურში ხმები სალომე ზურაბიშვილისკენ გადავიდა. ახლაც ანალოგიური რამ მოხდება.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ახლა "ქართულ ოცნებას" იმაზე მეტი და იმაზე მეტად განაწყენებული ამომრჩეველი ჰყავს, ვიდრე 2018 წელს? - ამომრჩევლის დიდი ნაწილის განაწყენების მოტივი ის იყო, რომ "ოცნებამ" შესაბამისად არ დასაჯა სააკაშვილის რეჟიმი. ეს ნამდვილად იყო უკმაყოფილების საგანი, თუმცა მგონია, რომ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია.

- სოციალურ პრობლემებზე რას იტყვით? - უკვე 30 წელია ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური პრობლემები გვაქვს. ამასობაში ბევრი ხელისუფლება გამოვიცვალეთ, მაგრამ გადამწყვეტი არც ერთი არ აღმოჩნდა, მათ შორის არც სააკაშვილი. ასე რომ, რაციონალურად მოაზროვნე ამომრჩეველი სოციალური პრობლემების მოგვარებიდან გამომდინარე არსებული პოლიტიკური პარტიებიდან არჩევანს ვერავისზე ვერ გააკეთებს. ასეთი პრობლემების გადასაწყვეტად სახელმწიფო ჯერ მზად არ არის, ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება.

- როგორ წარმოგიდგენიათ, მეორე ტურში ვის დაუჭერენ მხარს გახარიას ან სხვა პარტიების მხარდამჭერები? - თუ ვთანხმდებით, რომ გახარიამ "ოცნების" ხმები წაიღო, მაშინ მეორე ტურში ეს ხმები ისევ მმართველ გუნდს დაუბრუნდება. რაც შეეხება, "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელს", მათი ხმები, ჩემი აზრით, მელიას ყულაბაში წავა.

- მეორე ტურისგან რას ელით? - ალბათ, კალაძე გაიმარჯვებს.

- "შეიძლება რაღაც დავაკელი პროცესს, ამისთვის ბოდიში", - თქვა კალაძემ. როგორ გგონიათ, კალაძე შეცდომებს გაითვალისწინებს? - ბევრი ადამიანის მონანიება გვინახავს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისაც. საპრეზიდენტო არჩევნებისწინა მონანიების პასაჟში ივანიშვილმა თქვა, საკადრო პოლიტიკას შევცვლიო. თუმცა, არც საკადრო პოლიტიკა შეცვლილა და არც სხვა რამე.

პოლიტიკოსები წაფორხილების დროს ხშირად დგებიან მონანიების გუნებაზე, მაგრამ მერე, წელში რომ გაიმართებიან, ამის გახსენება უჭირთ.

- სავარაუდოდ, რამდენიმე დიდ ქალაქს ოპოზიციონერი მერი ეყოლება. როგორ შეცვლის ეს პოლიტიკურ დღის წესრიგს? - ღმერთმა ქნას, ასე იყოს, ოდნავ მაინც გაფერადდება პოლიტიკა. თუმცა ჩვენი პრობლემა ის არის, რომ დაბალი პოლიტიკური კულტურის გამო ხელისუფლების სხვადასხვა შტოში მყოფი "ქართული ოცნება" და ოპოზიცია ერთმანეთს ხაფანგებს დაუგებენ და საბოლოოდ ქვეყანას დააზარალებენ. აი, ამიტომ ითხოვდა დასავლეთი თავის დროზე "ნაციონალებისა" და "ოცნების" კოაბიტაციას.

- რა გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლამ და შემდეგ მისმა დაპატიმრებამ? - ვინაიდან ამ ეტაპზე ამომრჩევლის აქტიურობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე არის ხოლმე თვითმმართველობის არჩევნებზე, მეტყველებს იმაზე, რომ გააქტიურდა როგორც "ნაცმოძრაობის", ისე "ოცნების" ამომრჩეველი. ჩემი აზრით, "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი გააქტიურდა იმ იდეით, გვჩაგრავენ და ვიბრძოლოთო, ხოლო "ოცნების" ამომრჩეველი იმ მოტივით, რომ "ოცნებამ" მოახერხა სააკაშვილის გაუვნებლება.

- სააკაშვილის ეს სტრატეგია ოპოზიციას მოუტანს პოლიტიკურ დივიდენდს თუ მმართველ გუნდს? - ძნელი სათქმელია. სიმართლე გითხრათ, სულ მეგონა, რომ იმ ფორმულის მიხედვით, რომლითაც ბოლო წლებში ტარდებოდა არჩევნები - სააკაშვილი მოდის, სააკაშვილი მოდისო - მმართველი გუნდი სააკაშვილის გაუვნებლებას არ იჩქარებდა. რატომღაც იჩქარეს... შეიძლება იმიტომ, რომ რევოლუციური სცენარის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია. არჩევნების მეორე დღეს ქუჩაში გამოსული სააკაშვილი, თუნდაც პატარა ჯგუფით, სერიოზული ესაკლაციის საფრთხეს შექმნიდა. შეიძლება მმართველმა გუნდმა სამოქალაქო დაპირისპირება აირიდა თავიდან და პოლიტიკურ დივიდენდებზე აღარ იფიქრა. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილს ჰყავს თავისი ერთგული ელექტორატი და ასევე ვიცით, რომ ძალიან ბევრია სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების კატეგორიული მოწინააღმდეგეც, რომლებმაც ნაციონალთა მმართველობის დროს სერიოზული ტრავმები მიიღეს - ან ახლობელი გარდაეცვალათ, ან ქონება დაკარგეს. აი, ამ ხალხის გაჩერება შესაძლოა ხელისუფლებას ვეღარ მოეხერხებინა და ქვეყანაში სერიოზული დესტაბილიზაცია დაწყებულიყო.

- ეს გასაგებია, მაგრამ სააკაშვილის მოქმედებაში რა ლოგიკას ხედავთ? საქართველოში დაანონსებულ დროს, ანუ 2 ოქტომბრის საღამოს რომ ჩამოსულიყო, აეროპორტში მხარდამჭერები დახვდებოდნენ და გარდა იმისა, რომ გართულდებოდა მისი დაკავება, რევოლუცია და დესტაბილიზაცია მეტად შესაძლებელი გახდებოდა. რა მოიგო "ნაცმოძრაობამ" ახლა, როდესაც სააკაშვილი, შეიძლება ითქვას, ნებით ჩაჰბარდა მართლმსაჯულებას? - მესმის, არ გინდათ პირდაპირ მკითხოთ, სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ხომ არ გაურიგდაო? სააკაშვილი მართლაც ხშირად დგამდა "ოცნებისთვის" ხელსაყრელ ნაბიჯებს - ყველა არჩევნების წინ გამოდიოდა და ხალხს აფრთხობდა, მოვდივარო. ამჯერად მთლად ციხეში აღმოჩნდა. სააკაშვილის მორალს თუ გავითვალისწინებთ, მისგან ფულის სანაცვლოდ გარიგებაზე წასვლა გასაკვირი არ იქნება. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში უკეთესი პერსპექტივის იმედით საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. ამასთან, არც ბიძინა ივანიშვილია ისეთი პერსონა, რომელიც პროცესების დასარეგულირებლად სააკაშვილის ცდუნებაზე უარს არ იტყოდა. ის საკმაოდ პრაგმატული ადამიანია. არ არის გამორიცხული, სააკაშვილს ეფიქრა, რომ არჩევნებში მაინც ვერ გაიმარჯვებდა და ფინანსურ სარგებელს მაინც ნახავდა. თუმცა ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, მხოლოდ ვერსიებია. სულაც არ არის გამორიცხული სააკაშვილისგან "ოცნების" სასარგებლოდ მოქმედება უბრალოდ დაუფიქრებლობისა და დაბალი პოლიტიკური დონის შედეგი იყოს.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სააკაშვილი ყველას და ყველაფერს დასაპატიმრებლად დასდევდა, რაც კი ივანიშვილს უკავშირდებოდა, ბოლოს "თეფშებიც" კი დააპატიმრა. ანალოგიური სიმკაცრე გამოავლინა "ქართულმა ოცნებამ" სააკაშვილის მიმართ და დააპატიმრა. რაც შეეხება მის უცნაურ გადაწყვეტილებას, ჩამოსულიყო საქართველოში 2 ოქტომბერზე ადრე, ვფიქრობ, მისი გეგმის ნაწილი იყო, რომელიც ვერ შეასრულა, იმიტომ, რომ დაიჭირეს. სააკაშვილმა თავი დააჭერინა თუ ნამდვილად დაიჭირეს, ძალიან მალე გამოჩნდება, მაშინვე, როგორც კი განცხადებების გაკეთების საშუალება მიეცემა.

- უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეშფოთება გამოხატა სააკაშვილის დაკავებისა და იმ განცხადებათა გამო, რომლებიც საქართველოში კეთდება მოვლენების შესაძლო განვითარების თაობაზე. თუმცა ვრცელდება კულუარული ვერსია, რომ ზელენსკის ეს პოზიცია მხოლოდ მოვალეობის მოხდაა უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის მიმართ და სინამდვილეში მისთვის ხელსაყრელიც არის მისი დაპატიმრება. - დიახ, ზელენსკის განცხადებამ მართლაც დატოვა ფორმალურობის შთაბეჭდილება. დასავლეთმაც ცალსახად თქვა, რომ ამ საქმეში ჩარევას არ აპირებს. ევროპელებისა და ამერიკელებისთვის სააკაშვილი დამთავრებული თემაა.

ნუ დაგვავიწყდება, სააკაშვილის მომხრეები 2020 წლის არჩევნების შემდეგ ნახევარი წლის განმავლობაში ქუჩაში რომ იდგნენ, დასავლელი პარტნიორები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რუსეთის წისქვილზე ასხამთ წყალსო. თუ ეს ჯგუფები რუსეთის წისქვილზე ასხამდნენ წყალს, რა გასაკვირია, მათი დირიჟორი სააკაშვილი რუსეთის ინტერესების გამტარებლად მოიაზრებოდეს?! სურათს ობიექტურად თუ შევხედავთ, სააკაშვილი დასავლეთისთვის დისკომფორტის შემქმნელი უფროა, ვიდრე მათი პოლიტიკის გამტარებელი. უკვე ყველამ დაინახა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დასავლეთის ძახილის ფონზე ანტიდასავლური ნაბიჯები გადადგა. ამ ყველაფრის ფონზე ეჭვი მეპარება მეგობარი ქვეყნები სააკაშვილის ციხეში ყოფნის გამო შეწუხდნენ.

ხათუნა ბახტურიძე