"ჯერჯერობით "ნაციონალებისა" და მათი ლიდერის წარსული მაშველი რგოლია "ოცნებისათვის" - კვირის პალიტრა

"ჯერჯერობით "ნაციონალებისა" და მათი ლიდერის წარსული მაშველი რგოლია "ოცნებისათვის"

ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი: - სააკაშვილის ჩამოსვლამ და დაპატიმრებამ დიდი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე. ამ ფაქტმა უფრო გააძლიერა პოლარიზაცია, მოხდა როგორც "ნაცმოძრაობის" და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალების, ისე "ოცნების" მომხრეთა მობილიზება - "ოცნებამ" ნაწილობრივ დაიბრუნა ელექტორატის ის ნაწილი, რომელიც თითქოს გახარიასკენ იყო გადასული.

უკვე პირველადმა შედეგებმა დაგვანახა, რომ "ოცნების" პოპულარობის დაცემას, გარკვეულწილად, "ნაცმოძრაობის" რეაბილიტაცია მოჰყვა, თუმცა არ მინდა ეს გადაჭარბებული შეფასება იყოს, ვინაიდან "ნაციონალებს" მძიმე ტვირთად აწევთ თავიანთი წარსული და ეს საზოგადოებას ახსოვს. მით უფრო, რომ მათი მარცხიდან თითქმის ათი წელია გასული და ერთხელაც არ გაუმართავთ დისკუსია ამ თემაზე, თუ რა ედო საფუძვლად მათ მაშინდელ ქმედებებს. მათი რიტორიკა მთლიანად თავგამოდებული მომხრეებისა და დასავლელი პარტნიორებისკენაა მიმართული და არა იმ მოსახლეობისკენ, რომლის მართვასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებენ. ამიტომაც ბევრი ამომრჩევლისათვის მათი გამარჯვება იმის მობრუნებას ნიშნავს, რასაც 2012 წელს დაუპირისპირდნენ.

ეს ტვირთი რომ არა, "ოცნების" პოლიტიკურ და ეკონომიკურ უუნარობას, კონცეპტუალურ სიღატაკეს, ქვეყნის მომავლისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების ჩაშლას, რომელმაც არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა, უკვე ბოლო საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალებისთვის" გამარჯვება უნდა მოეტანა. როგორც ვხედავთ, ლამის ერთადერთი სტრატეგია, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ადგას, ესაა ლოდინი, თუ როდის მიაღწევს "ოცნების" უარყოფითი კაპიტალი კრიტიკულ ზღვარს, ჯერჯერობით კი "ნაციონალებისა" და მათი ლიდერის წარსული მაშველი რგოლია "ოცნებისათვის".

- მაგრამ არც ალტერნატივა ჩანს.

- დიახ, არ ჩანს, შესაბამისად, სიტუაციის ესკალაცია ორივეს ინტერესებშია. "ნაციონალური მოძრაობისთვის" ეს მრავალჯერ გამოყენებული ხერხია, "ოცნება" კი, ალბათ, შეეცდება საქმეში 4 ივლისის ძალები ჩართოს, რასაც სახელმწიფოებრივი განვითარებისა და თავად ეკლესიის ავტორიტეტისთვის სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვგულისხმობ იმ დღეს, როდესაც ჟურნალისტებზე იძალადეს.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ორივეს წინაშეა მაგიური 43%-ის ამოცანა. ამიტომ, თუ ოპოზიცია შეძლებს რამდენი ქალაქის მერისა და საკრებულოს არჩევნებში გამარჯვებას, ეს მისი რეაბილიტაციის დასაწყისის სერიოზული ნიშანი იქნება. თუმცა ამ მიღწევას შენარჩუნება, განვითარება უნდა და არა ნებისმიერი ხერხით ზვავისებრი პროცესების გამოწვევის ინფანტილური სურვილი. წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობისთვის" პრობლემა სწორედ რეაბილიტაციის დაწყება იყო. უამისოდ ვერც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში შეძლებს თავისი ელექტორალური სივრცის გაფართოებას.