"ჩემი კაცური, მოქალაქეობრივი ვალია, სანამ ეს ადამიანი არის ციხეში, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო - მიშა, ყველაფერი კარგად იქნება!" - კვირის პალიტრა

"ჩემი კაცური, მოქალაქეობრივი ვალია, სანამ ეს ადამიანი არის ციხეში, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო - მიშა, ყველაფერი კარგად იქნება!"

"მიხეილ სააკაშვილს ჩემგან პირადად მოკითხვა. რასაც არ უნდა ცდილობდნენ, ჩემსა და მას შორის შუღლი ჩამოაგდონ, არ გამოუვიდათ არასდროს და არც არასდროს გამოუვათ!" - ამის შესახებ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიმდინარე აქციისას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მანამდე ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში იქნება.

"ჩემი ადამიანური, პოლიტიკური, კაცური, მოქალაქეობრივი ვალია და ვალდებულებაა, სანამ ეს ადამიანი აქ არის ციხეში, მანამდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო. ეს არის ჩემი ადამიანური და მეგობრული ვალდებულება და ასეა ასიათასობით საქართველოს მოქალაქე. სანამ ეს ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, განცხადებას, სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მას და "ნაცმოძრაობას", პარტიის სახელით გავაკეთებ მე. ამით გაუგებრობებს თავიდან ავირიდებთ. ორგანიზება და დისციპლინა ბრძოლაში, რომელიც არ არის სახუმარო, არის მნიშვნელოვანი. ბრძოლაში, რომლის შედეგმაც უნდა განსაზღვროს ამ ქვეყნის მომავალი მინიმუმ 15-20 წლის თავზე.

ვიღაცისთვის გულზე მჯიღის ცემა ადვილია, მაგრამ მნიშვნელოვანია შემართებასთან, მოტვიაციასთან, თავგანწირვასთან ერთად, ჭკუითაც ვაჯობოთ ამ ვერაგ მტერს, ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ჩასაფრებულია.

მიხეილ სააკაშვილს ჯანრმთელობას ვუსურვებ პირველ რიგში. მიშა, ყველაფერი იქნება კარგად! ამ ქვეყანას აქვს ნათელი მომავალი, შანსი, რომელსაც ჩვენ 30 ოქტომბერს გამოვიყენებთ და ამ შანსის რეალიზების შემდეგ ცხოვრების სტანდარტი იქნება ბევრად უკეთესი, საიდანაც კი არ გაიქცევიან, არამედ დაბრუნდებიან. იცოდე ბიძინა ივანიშვილო, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მანამდე შენთან, შენს წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ ბრძოლის ავანგარდში ვიქნები. სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, ეს საფრთხეც რომ არსებობდეს. არ მოგასვენებ, მანამ სანამ ტყვეობიდან ამ სახელმწიფოს არ გაათავისუფლებ. არ ვხუმრობ, რომ არ ვხუმრობ და რამდენად არ ვხუმრობ, ამას 30 ოქტომბერს განახებ", - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ახლა საკანში ყოფნა პატივია.

ამასთან, ნიკა მელიას თქმით, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვა და თავდადება უკვალოდ არ ჩაივლის.

"ჩვენ ვინმეს დასამარცხებლად არ მივდივართ ამ ბრძოლაში, ჩვენ მივდივართ გამარჯვებისთვის და გამარჯვების შედეგებით, ანუ უკეთესი ცვლილებებით უნდა ისარგებლოს ყველა პარტიის წევრმა, მათ შორის, "ქართული ოცნების" წევრებმა.

ჩვენ გვინდა სახელმწიფო არ იყოს მიტაცებული, გვქონდეს შანსი განვითარების და ვაშენოთ ისეთი სახელმწიფო, სადაც განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ემოციებისა, განსხვავებული მრწამსისა, ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ერთად იცხოვრონ და ამ პოლიტიკურ ციხეში დრო და დრო პოლიტიკოსების შესვლა-გამოსვლა ტრადიციად არ იქცევა. თუ ივანიშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილი რადგან ციხეშია, ამით მას ამცირებს, მე ვფიქრობ, სრულიად პირიქით არის, აბსოლუტურად პირიქით ვითარება გვაქვს, იქ სადაც მიხეილ სააკაშვილია, ეს არის პატივი მისთვის. მას არ ვიცი ტელეფონი აქვს თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პატივია მიხეილ სააკაშვილისთვის იცოდეს, რომ მას ასიათასობით მოქალაქე გულშემატკივრობს, ახლა განსაკუთრებით, ბევრი მათგანი შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი არ იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავდადებას და თავგანწირვას, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აჩვენებს, უკვალოდ არ ჩაივლის, ეს არის ფაქტი. აქციაზე ყველა გამომსვლელის ხმას და შინაარსს, რა თქმა უნდა, გაიგებს, როგორც აქ ისმის ხმა, ისე ისმის საკანშიც", - განაცხადა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"