"სააკაშვილის ზნეობრივ გმირად ჩამოყალიბება ხდება, რაც რეჟიმისთვის დამღუპველია" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ზნეობრივ გმირად ჩამოყალიბება ხდება, რაც რეჟიმისთვის დამღუპველია"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილს ზნეობრივ და ეთიკურ ფსკერს უწოდებს და აღნიშნავს, რომ წერილი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ნაკარნახევი.

როგორც ნუგზარ წიკლაური "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "ნიუსრუმში" განმარტავს, "რეჟიმის მთავარი პოლიტიკური ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილს სახელი გაუტეხონ".

"ხელისუფლების მთავარი პრობლემა ახლა არის მიხეილ სააკაშვილი ციხეში. მათ კარგად იციან, რომ რაც არ უნდა ილაპარაკონ მასზე, ის ნაბიჯი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გადადგა ძალიან მძიმე და რთული იყო. ეს იყო ზნეობრივი და მორალური ნაბიჯი, რომელიც თავის განწირვას ითვალისწინებდა. ვიცით, რა ხელისუფლებაც არის საქართველოში და რამდენად პრობლემური შეიძლება ყოფილიყო ამ ნაბიჯის გადადგმა მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.

ციხეში ადამიანის ყოფნა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს მოქმედ რეჟიმს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა. რუსული საბჭოური პროპაგანდის საუკეთესო მაგალითების კვალზე, მათაც გადაწყვიტეს მიხეილ სააკაშვილს სახელი გაუტეხონ. ეს გადაიქცა რეჟიმის მთავარ პოლიტიკურ ამოცანად.

რაც ამ წერილში ამოვიკითხე არის ინტელექტუალური, ზნეობრივი, მორალური, ეთიკური ფსკერი. მგონია, რომ ეს არ არის ღარიბაშვილის წერილი, ეს არის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ნაკარნახევი წერილი",- აღნიშნავს წიკლაური.

როგორც წიკლაური განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი მხნედ არის და ბრძოლას აგრძელებს.

"მას არ აქვს პრობლემა. როდესაც ადამიანი შიმშილობს, ცხადია, ვერ გრძნობს თავს ისე, როგორც ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ. ამ წუთისთვის, არანაირი პრობლემა არ აქვს", - აღნიშნავს წიკლაური და დასძენს, რომ "მიხეილ სააკაშვილის ზნეობრივ გმირად ჩამოყალიბება ხდება, რაც რეჟიმისთვის დამღუპველია" .

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, "ნაციონალურ მოძრაობაში" შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს.

მისივე თქმით, აბსურდულად მიაჩნია ვერსია, რომ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ის წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ზოგი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდია.