"ღარიბაშვილი თავად ამბობს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია!" - კვირის პალიტრა

"ღარიბაშვილი თავად ამბობს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია!"

ღარიბაშვილის დღევანდელი წერილი არის, მინიმუმ უდიდესი სირცხვილი მსოფლიოს თვალში, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილს.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ ეს ბიძინა ივანიშვილს უნდა.

"ღარიბაშვილის წერილი - ეს არც პოლიტიკური იყო, არც მორალური და არც ადამიანური. ციხეში მყოფ ადამიანზე, როგორიც არ უნდა იყოს, შენი ქვეყნის ორგზის პრეზიდენტზე, "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთ ლიდერზე ამ ტერმინებით, ასეთი პათოსით საუბარი და ამ შინაარსიის ღია წერილები არის მინიმუმ სამარცხვინო. ციხეში ყოფნა არის განსაცდელი. სააკაშვილის შიმშილობაზე, ჩამოსვლაზე თუ დანაშაულზე საუბარი უკვე აღარაა ღარიბაშვილის საქმე. ის არის სასამართლოს საქმე და დაელოდოს მის გადაწყვეტილებას.

თუმცა, სასამართლო აღარაა ამ ქვეყანაში. მხოლოდ "ბიძინაობა" გვაქვს, რაც გამართულად მუშაობს. სააკაშვილი იმიტომ კი არ ზის ციხეში, რომ ვინმეს სამართლიანობის აღდგენა უნდა. სააკაშვილი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ზის ციხეში, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა ასე. როდესაც პრემიერ-მინისტრი ამბობ, რომ სააკაშვილი ან პოლიტიკიდან წავიდეს ან თუ ჭკვიანად არ იქნება, კიდევ დავუმატებ წლებს და იჯდება ციხეშიო - ამით ადასტურებ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.