"სომხეთისათვის მიხეილ სააკაშვილის "რეინკარნაცია" კატასტროფულად აისახება" - რას წერს სომხური გამოცემა - კვირის პალიტრა

"სომხეთისათვის მიხეილ სააკაშვილის "რეინკარნაცია" კატასტროფულად აისახება" - რას წერს სომხური გამოცემა

სომხურ ოპოზიციურ გაზეთ "გოლოს არმენიიში" (Голос Армении) გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "აგენტი მიშიკო და მისი ახალი დავალება" (ავტორი - ბოგდან ათანესიანი), რომელშიც მიმოხილულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მიზეზები და ამ ფონზე, პარალელურად, სომხეთის პერსპექტივებზეც არის საუბარი. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"იყო დრო, როცა ძველი, კეთილი თბილისი პირველი ჩააყენეს რეკრუტთა რიგში და ბრძანებაზე - "სწორება დასავლეთისკენ!" - ფეხი ფეხს მიარტყმევინეს და "სმენაზე" დააყენეს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. დღეს ქართველ საზოგადოებაში დასავლურ ლიბერალურ ღირებულებებისადმი ნდობა შესუსტებულია, ჰოდა, საჭირო გახდა სასწრაფოდ თბილისში მიხეილ სააკაშვილი გადასროლილიყო, თუნდაც - პარაშუტით, სიტუაციის გამოსასწორებლად.

მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოში დაჩქარდა თურქეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ექსპანსია და ითვლებოდა, რომ ნატოს წევრი თურქეთი ქვეყანას რუსული იმპერიალისტური წნეხისაგან იხსნიდა. მეტნაკლებად ასეც იყო - ანკარა აშკარად ეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლების შესანარჩუნებლად. აქედან გამომდინარე, თუ საქართველოში დღეს თურქეთის გავლენა შესუსტდება, ეს იქნება დარტყმა იმ დასავლური ლიბერტარიანული ძალების მიმართ, რომლებიც თავის დროზე "ვარდების რევოლუციას" კვებავდნენ და რუსოფობიას აძლიერებდნენ, დღეს კი მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პარტიას. აშკარაა, რომ თურქეთთან ურთიერთობის "გაფუჭება", ასევე, გამოიწვევს ურთიერთობის გაურესებას აზერბაიჯანთან.

სწორედ ამიტომ არიან შეშფოთებულები საქართველოს მოვლენებით, ერთი მხრივ - დასავლეთი და მეორე მხრივ - ბაქო და ანკარა. მიხეილ სააკაშვილის გადასროლით დასავლეთი მართვის რეჟიმის დაბრუნებას ცდილობს. აშკარაა, რომ დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიაზე - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" შეფობა აქვთ აღებული, ასევე - თურქეთიც, შეშფოთებულნი არიან - ვაითუ, საქართველო ნატოს ბანაკიდან გაგვექცეს და რუსულ-ირანულ ალიანსს შეუერთდესო.

ისმება კითხვა: ასეთ სიტუაციაში, მიხეილ სააკაშვილი ისევ თუ მოვა საქართველოს ხელისუფლებაში, როგორ აისახება ეს სომხეთზე?

წინასწარვე ვიტყვით, რომ სომხეთისათვის მიხეილ სააკაშვილის "რეინკარნაცია" კატასტროფულად აისახება. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ექსპრეზიდენტის ხელახლა "გაბატონება" მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საქართველოში სიტუაცია ხელოვნურად იქნება დესტაბილიზებული, რაზედაც არაორაზროვნად ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლებაც მიუთითებს. საქართველოს დესტაბილიზების დროს კი დიდი ალბათობაა იმისა, რომ სომხეთს ჩრდილოეთიდან მომარაგება გადაეკეტოს (სამხრეთიდან ირანის საზღვრის ბლოკირებასთან ერთად). ასეთი მდგომარეობა ჩვენს რესპუბლიკას მუხლებზე დააჩოქებს.

მეორე - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება საქართველოს ხელისუფლებაში ერევანს ბევრ საგარეო-პოლიტიკურ პრობლემას გაუჩენს. იგი, როგორც დაუძინებელი რუსოფობი და იმავდროულად - თურქოფილი, დაუყონებლივ დაიწყებს მცდელობას რეგიონიდან რუსეთის შევიწროებისა და მისი საბოლოო გაძევების მიზნით. არ არის გამორიცხული, აზერბაიჯანი რუსეთის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებისაკენ წააქეზოს, რითაც იმ ანტირუსული დასავლური წრეების გულს გაახარებს, რომელთა ინტერესებს საქართველოს ექსპრეზიდენტი ემსახურება.

მესამე - იმავდროულად, მიხეილ სააკაშვილი, ფარული ანტისომხური პოლიტიკის გათამაშების პარალელურად (როგორც ამას ადრეც აკეთებდა ხოლმე), უეჭველია, ნიკოლ ფაშინიანის - თავისი სომეხი იდეოლოგიური კრეატორის მიმართ მეგობრობისა და მჭიდრო კავშირების იმიტაციას მოახდენს. ერევანში ქვეყნის საჭესთან მდგარი ლიბერალები ხომ ბატონი მიშიკოსათვის კარგი დამხმარეები იქნებიან "რუსულ იმპერიალიზმთან" ბრძოლაში! მიშიკო, თავისი ინტრიგანული პოლიტიკითა და პროვოკატორობით, მათ კარგად გამოიყენებს.

მთლიანობაში კი, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში სამხრეთ კავკასიის რეგიონს დადებით მუხტს ვერ მოუტანს: თვით ნეიტრალური ქართველი ანალიტიკოსებიც კი აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში რთული სიტუაციაა და არაა გამორიცხული, მწვავე პოლიტიკური რყევები მოხდეს, შეიძლება - სისხლისღვრაც. ისინი აცნობიერებენ, რომ ავბედითი მიშიკო სამშობლოში მხოლოდ საკუთარი სურვილით კი არ დაბრუნებულა, არამედ - იგი "მივლინებით გამოგზავნეს", ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოში სპეცმისიით გადმოისროლეს. გვრჩება მხოლოდ ის, რომ ვიმკითხაოთ - სად შეჩერდებიან მისი კურატორები და სადამდე გააგრძელებს მოქმედებას თვითონ მიხეილ სააკაშვილი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ