"ხავსი ხავსს აეკიდაო - "ნაციონალური მოძრაობა" და გიგა ბოკერია ისედაც ვიცოდით, რომ ერთი გუნდია" - კვირის პალიტრა

"ხავსი ხავსს აეკიდაო - "ნაციონალური მოძრაობა" და გიგა ბოკერია ისედაც ვიცოდით, რომ ერთი გუნდია"

"ხავსი ხავსს აეკიდაო - "ნაციონალური მოძრაობა" და გიგა ბოკერია ისედაც ვიცოდით ყოველთვის, რომ ერთი გუნდია, რამდენიც უნდათ იმსჯელონ და კოალიციები შექმნან", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი არჩევნებშიც კოალიციური კანდიდატებით წარდგენენ, თუმცა 64- დან 44 ოლქში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა.

"მოვისმინე, თითქოს მეორე ტურისთვის იწყება ფართო კოალიციური კონსულტაციები და კითხვა მინდა დავსვა - ახლა თბილისში კოალიციური კანდიდატები არ ჰყავდათ? "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰყოლია თბილისში მაჟორიტარები, სხვა პარტიებს დაუთმო, რეგიონებშიც კოალიციური გადაწყვეტილებით ჰყავდათ და რა შედეგი მიიღეს? 64- დან 44- ში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა და იმ 20-შიც ძირითადად ჩვენ გავიმარჯვებთ, ეს მოლოდინი გვაქვს. მცდელობა, რომ თითქოს კოალიცია შექმნან, ტყუილია. ზუსტად ვიცი, ამ ე.წ. კოალიციური კონსულტაციებში არ შედის არც "გირჩი" - ორიგინალი, არც ელისაშვილის პარტია, არც "ევრო-სოცები", "სტრატეგიაზე" ვერ გეტყვით, არც "პატრიოტთა ალიანსი" და ახლა ხავსი ხავსს აეკიდაო - "ნაციონალური მოძრაობა" და გიგა ბოკერია ისედაც ვიცოდით ყოველთვის, რომ ერთი გუნდია, რამდენიც უნდათ იმსჯელონ, კოალიციები შექმნან, ალტერნატიული მთავრობა და ადმინისტრაციაც," - განაცხადა ზარქუამ.

"კალიურანდი მიხვდა და სხვებიც მიხვდებიან სავარაუდოდ, რომ ეს არის მილევად რეჟიმში გადასული პარტიის და მისი ლიდერის ბოლო გაფართხალება", - ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული განვითარებისთვის მუხრუჭია.

"უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტარები, მათ შორის, მარია კალიურანდი მიხვდა და სხვებიც მიხვდებიან სავარაუდოდ, რომ ეს არის მილევად რეჟიმში გადასული პარტიის და მისი ლიდერის ბოლო გაფართხალება და მეტი არაფერი. მცდელობაა ქაოსის, დესტაბილიზაციის, მაგრამ რეალურად ნახეთ, რომ მიშა აქ იქნება თუ გარეთ, მათ აქვთ 25-27 პროცენტის ფარგლებში. მე რომ ვიყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ღმერთმა დამიფაროს, მიშას გვერდით გაწევა მათთვის უკეთესი იქნება, შეიძლება პარტიამ განვითარება ჰპოვოს, ის არის პარტიული განვითარების მუხრუჭი. თუმცა, მწვალებელთა პარტიიდან რა გამოვა, არ ვიცი,"- განაცხადა ზარქუამ.

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

"როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე. სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მას ქვეყანაში მანამდე ჰქონდა.

ჩვენ რა თქმა უნდა დავაკვირდებით რა მოხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, ჩვენ მის შიდა საქმეებში არ ჩავერევით, თუმცა დავაკვირდებით, რომ კანონის უზენაესობა აღსრულდეს", - განაცხადა მან.