"სააკაშვილთან მიმართებაში არანაირი გირგვლიანის საქმე არ არსებობს - ამ საქმეში ბრალდებულები უკვე ისხდნენ ციხეში" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილთან მიმართებაში არანაირი გირგვლიანის საქმე არ არსებობს - ამ საქმეში ბრალდებულები უკვე ისხდნენ ციხეში"

"მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში არანაირი გირგვლიანის საქმე არ არსებობს. ამ საქმეში ვინც იყვნენ ბრალდებული, ისინი დააპატიმრა ჩვენმა ხელისუფლებამ და ისხდნენ ციხეში", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, "ქოცების" პუტინისტური რეჟიმი ორმაგი სტანდარტის ლოგიკით ხელმძღვანელობს.

"მიხეილ სააკაშვილს ედავებიან გირგვლიანის საქმეში ვინც იყვნენ, სხვა 400 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, ეს ადამიანები რატომ შეიწყალეო. ანუ საქართველოს პრეზიდენტს ედავებიან, რატომ გაბედე და ვინმე რატომ შეიწყალეო. "ქოცების" დანიშნულმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელი, ბავშვის გამაუპატიურებელი და ნარკოტიკების გამავრცელებელი რომ შეიწყალა, ამაზე რატომ არ იღებენ "ქოცები" ხმას? იმას შეუძლია გაათავისუფლოს პოლიციელის მკვლელი და შეიწყალოს, რაც პრეზიდენტის დისკრეციაა და მიხეილ სააკაშვილს არ შეეძლო 400 სამხედრო მოსამსახურე შეეწყალებინა, მათთვის გაენახევრებინა სასჯელი და მათ შორის მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც მისმა ხელისუფლებამ დაიჭირა და გაასამართლა? ორმაგი სტანდარტის ლოგიკით ხელმძღვანელობს "ქოცების" პუტინისტური რეჟიმი და ამისთვის აქვს მიხეილ სააკაშვილს მისჯილი, რატომ გაბედე და შეიწყალეო. ამნისტიაში სახელები და გვარები არ იწერება, ის იწერება ზოგადად. ამ ადამიანების უმრავლესობის შეწყალება საჭირო იყო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ ჯარში და მათ შორის ისიც მოხვდა, ვინც პოლიტიკურად მომგებიანი შეიძლება არ ყოფილიყო. ამის გამო პრეზიდენტის გასამართლება არის ველურობა", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძე ასევე აფასებს პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თქმით, პარტია "საქართველოსთვის" "ქართულ ოცნებას" და "ნაცმოძრაობას" სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ.

"ჩვენ "ქართულ ოცნებასთან" არაფერი შესათანხმებელი არ გვაქვს და არაფერში არ შევუთანხმდებით, ეს არის კიბო ჩვენი საზოგადოების სხეულზე, რომელიც უნდა მოვიცილოთ".

ბარამიძის შეფასებით, დიალოგის მომხრე იმ პოლიტიკურ ძალასთან იქნებიან, რომელიც არა ბუტაფორიული ოპოზიცია, არამედ "რეჟიმის ნამდვილი ოპოზიციაა." მისივე თქმით, პუტინის ტყვეობაში მყოფი მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი მათ ამხნევებს და ვაჟკაცური ბრძოლის მაგალითს აძლევს.

"პოლიტსაბჭოზე განხილვის თემა იქნება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, შიმშილობა და მისი გმირული თავგანწირული ნაბიჯი არის უმნიშვნელოვანესი სტიმული თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ვებრძოლოთ ამ პუტინისტურ რეჟიმს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაშია. მიხეილ სააკაშვილი პუტინის ტყვეობაში მოშიმშილე გვამხნევებს და გვაძლევს ვაჟკაცური ბრძოლის მაგალითს. ბუნებრივია, ეს არის როგორც საპროტესტო აქციები, ასევე რეჟიმის არალეგიტიმურობის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად მეორე ტურებში მთელს ოპოზიციასთან ერთად დიდი ბრძოლა უნდა გავმართოთ, რაც იქნება სერიოზული ნაბიჯი საქართველოს და მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, თუ მანამდე საერთაშორისო საზოგადოებასთან და უკრაინის მთავრობასთან ერთად ვერ მოვახერხეთ ამის გაკეთება, ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ მანამდე მოვახერხოთ.

კოორდინაცია უკრაინის მთავრობასთან არ გვაქვს, მათ ჩვენთან კოორდინაცია არ სჭირდებათ. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინის პრეზიდენტმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, თუ რას აპირებს იგი", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

"ინტერპრესნიუსი"