"ივანიშვილს დასავლეთიდან არჩევანი შესთავაზეს: მორიგ "ფერად რევოლუციას" მოგიწყობთ ან "ნაციონალებთან" კოალიციაში შეხვალო... სააკაშვილი შეიტყუეს, ის ამერიკელების გარდა არავის მიენდობოდა" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს დასავლეთიდან არჩევანი შესთავაზეს: მორიგ "ფერად რევოლუციას" მოგიწყობთ ან "ნაციონალებთან" კოალიციაში შეხვალო... სააკაშვილი შეიტყუეს, ის ამერიკელების გარდა არავის მიენდობოდა"

რუსეთის რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" (Радио Эхо Москвы) გადაცემა "განსაკუთრებული აზრის" (Особое мнение) სტუდიაში, პროგრამის წამყვან მაშა მაიერსთან ისაუბრა ჟურნალისტმა, მწერალმა და პოლიტიკოსმა მაქსიმ შევჩენკომ, რომელმაც კომენტარი გაუკეთა საქართველოში ბოლო დროს მომხდარ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს, კერძოდ, ადგილობრივ არჩევნებს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება-დაკავების ფაქტს.

გთავაზობთ ამონარიდს მაქსიმ შევჩენკოს საუბრიდან:

მაშა მაიერსი: - ჩვენ ახალი პოლიტიკური პატიმრის გაჩენის მოწმენი ვართ - მისი სახელია მიხეილ სააკაშვილი. თქვენი აზრით, რა ხდება მის თავს?

მაქსიმ შევჩენკო: - მიხეილ სააკაშვილის მოქმედება უნდა განვიხილოთ იმ სიტუაციის კონტექსტში, რომელიც ამჟამად საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაშია შექმნილი. ჩვენ ამას შეიძლება "ქართული გამბიტი" ვუწოდოთ. არსებობს რამდენიმე საკითხი. პირველი - ვინც მისი საქართველოში ჩაყვანა უზრუნველყო, ხელისუფლებასაც იმან ჩააბარა.

მაშა მაიერსი: - მაგალითად... მაქსიმ შევჩენკო: - ეს ასპროცენტიანია და ოპერაცია "ტრესტს" ჰგავს (ეს ოპერაცია საბჭოთა დაზვერვამ 1925 წელს ჩაატარა - სსრკ-ში ბრიტანელი მზვერავი სიდნეი რეილი შეიტყუა და დააკავა - ს.კ.). მეორე საკითხი - ვინაა ის პიროვნება, რომელსაც სააკაშვილი ენდო? თუ ექსპრეზიდენტს ხმაური სჭირდებოდა, იგი ღიად ჩავიდოდა თბილისში და მას აეროპორტში ტელეკამერებისა და მხარდამჭერების წინაშე დაიჭერდნენ, "თავისუფლება მიშას" ყვირილის ფონზე. გამოდის, რომ ვიღაცამ იგი საქართველოში შეიტყუა, ვიღაცამ უსაფრთხოების გარანტია მისცა. ანუ ყოფილი პრეზიდენტი მათ 100%-ით ენდობოდა... ვფიქრობ, იგი სპეციალურად შეიტყუეს. ერთმა კაცმა კი არა, არამედ - მთელმა სისტემამ. მთავარია გავიგოთ - რისთვის? აღუთქვეს, რომ მას არაფერი მოუვა, ჩადი და შენი საკითხები მოაგვარეო. მაგრამ რა საკითხების მოგვარება უნდოდა?

მაშა მაიერსი: - ალბათ, პოლიტიკურის... მაქსიმ შევჩენკო: - დიახ, პოლიტიკურის, არჩევნების ფონზე და - სხვა საკითხების. მაგრამ ასე რატომ გააკეთეს? აი, შეხედეთ: იგი დააპატიმრეს, მაგრამ არის რაიმე მკვეთრი რეაქცია დასავლეთიდან?

მაშა მაიერსი: - ვლადიმერ ზელენსკის განცხადებაა... მაქსიმ შევჩენკო: - ვლადიმერ ზელენსკი არანაირ დასავლეთს არ წარმოადგენს....

მაშა მაიერსი: - მიხეილ სააკაშვილი ხომ უკრაინის მოქალაქეა... მაქსიმ შევჩენკო: - კარგით, ჩავთვალოთ, რომ არის, ერთი მხრივ, პრეზიდენტ ზელენსკის და მეორე მხრივ - სააკაშვილის სამოქალაქო ცოლის რეაქცია. მაგრამ არ არის ჯო ბაიდენის რეაქცია. [მიხეილ სააკაშვილს] მასთან ურთიერთობა ჰქონდა, იცნობდა და ეხვეოდა აშშ-ის სენატის შემადგენლობის თითქმის ნახევარს, მისი მეგობრები სენატორები იყვნენ, რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო წამყვან მასმედიაზე. რატომ არ არის რეაგირება? იმიტომ, რომ დასავლეთმა იგი შეგნებულად ჩაიყვანა საქართველოში. ჩემი აზრით, იგი მსხვერპლის სახით გასცეს. რისთვის? აგიხსნით: საქმე ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი პოლიტიკოსები უფროს ამერიკელ ამხანაგებს უკიდურესად არ აწყობთ. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან არაკონფლიქტურ ურთიერთობას ახორციელებს, ცდილობს, არასასურველი დაპირისპირების გაყუჩებას, რაც მათ [ამერიკელ ამხანაგებს] არ სურთ. მათ სურთ, რომ საქართველო ნატოში მიღების კანდიდატი იყოს, რომ საქართველოს რუსეთთან მუდმივად ჰქონდეს მოუგვარებელი კონფლიქტი. გასაგებია, რომ სანამ ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" იმყოფება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი კურირებს, მანამ საქართველო კონფლიქტებს არ დაიწყებს, თბილისს ეს არ ჭირდება. მაგრამ, სამაგიეროდ, კონფლიქტურნი არიან "ნაციონალები" - მიხეილ სააკაშვილის პარტია. გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილთან არანაირ მოლაპარაკებაზე არ დათანხმდება. ყოფილ პრეზიდენტს საქართველოში მოსისხლე მტრები ჰყავს. მას ბრალი აქვს წაყენებული საპყრობილეებში წამების მოწყობაში, პოლიტიკური დევნის ორგანიზებაში. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა სწორედ ამიტომ დაკარგეს ხელისუფლება. ვანო მერაბიშვილსაც იგივე ბრალდებები ჰქონდა - ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდასხმა, მათი მკვლელობა და მსგავსი ქმედებები. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებებია. ამას ემატება კიდევ მათ მიმართ იმ ადამიანების პირადი დამოკიდებულებაც [შურისძიებაც], რომლებსაც მათი ბრძანებით აპატიმრებდნენ და აწამებდნენ... ასეთი ადამიანებისა და მათი ნათესავებისათვის მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად მიუღებელი ფიგურაა.

მაგრამ არსებობს "ნაციონალების" პარტია, რომელიც საკმაოდ გავლენიან ორგანიზაციას წარმოადგენს, რადიკალურად ანტირუსულს. ასე რომ, ჩემი პირადი აზრით, ბიძინა ივანიშვილს, უბრალოდ, არჩევანი შესთავაზეს: ჩვენ ან მორიგ "ფერად რევოლუციას" მოგიწყობთ, ან "ნაციონალებთან" კოალიციაში შეხვალო. ანუ "ოცნებისა" და "ნაციონალების" დიდი კოალიცია.

მაშა მაიერსი: - განა ეს შეუძლებელია?

მაქსიმ შევჩენკო: - ეს შეუძლებელია იმ დროს, როცა მიხეილ სააკაშვილი თავისუფალია, მაგრამ სრულიად შესაძლებელია იმ დროს, როცა იგი პატიმარია და საპყრობილეში ზის. ბიძინამ, თავის მხრივ, ალბათ, ორი პირობა წამოაყენა: პირველი - თუ კოალიცია შეიქმნება, მაშინ მიხეილ სააკაშვილი ციხეში უნდა ჩაჯდეს. ამჟამად ასეთი სიტუაცია იქმნება - ოპოზიცია, "ნაციონალები" აცხადებენ, რომ ისინი პარლამენტის მუშაობას დაბლოკავენ და ბიძინას ულტიმატუმს წაუყენებენ - "შენ ჩვენთან კოალიციას შექმნი, რომელიც საქართველოში "ეროვნულ შერიგებას" გამოაცხადებს, პარალელურად კი, გაათავისუფლებ მიხეილ სააკაშვილს". გასაგებია, რომ ექსპრეზიდენტს არავინ გაათავისუფლებს. იგი ციხეში დარჩება, მაგრამ კოალიციას შექმნიან. ამ კოალიციის შექმნა ბიძინა ივანიშვილისათვის, ერთი შეხედვით, თითქოსდა სახის შენარჩუნება იქნება - "რას ვიზამთ, ეს ნაბიჯი პოლიტიკურმა გარემოებებმა გვაიძულა". სინამდვილეში კი ეს იქნება მისი სავარაუდო გარიგება მიხეილ სააკაშვილის მფარველებთან - ამერიკელებთან, სხვა არავინ არის - რომლებმაც იგი იმის სანაცვლოდ ჩააბარეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქვეყნის რადიკალური პარტია მთავრობაში შევიდეს და ანტირუსული კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს. შესაბამისად, ისევ აქტიურად განახლდება ლაპარაკი საქართველოს ნატოს წევრად მიღებაზე, ისევ გაჩნდება საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც რაღაც რადიკალური სიტყვით გამოვა...

ეს იმას უკავშირდება, რომ დღეს სამხრეთ კავკასია საკმაოდ მწვავე გეოპოლიტიკური დაპირისპირების არენა ხდება. კერძოდ, მიდის დავა "ზანგეზურის დერეფანზე", რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე უნდა გავიდეს და აზერბაიჯანი ნახჩევანთან უნდა დააკავშიროს. მის პარალელურად, რეგიონში არსებობს სხვა სატრანსპორტო დერეფნებიც - მაგალითად, ირანი-სომხეთი-საქართველო, ასევე - "ლაზურიტული დერეფანი" (Lapis-Lazuli) - ავღანეთიდან თურქეთისაკენ, თურქმენეთისა და აზერბაიჯანის გავლით, რომლებსაც "ზანგეზურის დერეფანთან" აქვს კავშირი. ზანგეზური ამერიკელების ინსტრუმენტს წარმოადგენს ირანსა და საქართველოზე გავლენის მოსახდენად, რომ მათ, ორივემ ანტირუსული პოზიცია დაიკავოს და ამიერკავკასიაში სიტუაციას ცეცხლი შეუნთონ.

ამ ვითარებაში თურქეთი ძალიან სარისკო როლს ასრულებს, მას კასპიის ნაპირებზე გაბატონება სურს და ერდოღან-პუტინის ხვევნა-კოცნის მიუხედავად, ანკარის მცდელობებს მოსკოვი მტკივნეულად აღიქვამს, იმიტომ, რომ თურქეთი ნატოს წევრია. მოსკოვი თურქეთს და აზერბაიჯანს ერთი ერის ორ სახელმწიფოდ არ თვლის, ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან... მოკლედ, თურქეთი თუ კასპიის ნაპირებზე განმტკიცდება, ანკარა თან ამერიკელებსაც მიიყვანს, ნატოს ჯარსაც. რუსეთს პრობლემები გაუჩნდება...

და ამ დროს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ჩადის... მე ვცდილობ, "ქართული გამბიტი" ავხსნა... საქართველო გადაიქცევა მკვეთრად გამოხატული ანტირუსული პოლიტიკის გამტარებელ ქვეყნად, რითაც რეგიონი აფეთქდება. ამიტომაც მიხეილ სააკაშვილი ის მსხვერპლია, რომელიც მისმა მფარველებმა იმისთვის შეწირეს, რომ საქართველოში კოალიციური მთავრობა შეიქმნას. (...)

ექსპრეზიდენტი საქართველოში შეიტყუეს: უთხრეს, რომ "ჩახვალ, ხალხი დაგვხვდება, ყველაფერი ნორმალურად იქნება, ნიადაგი მომზადებულია...". ჩავიდა და დაიჭირეს ბორის სავინკოვივით, რომელიც ჩეკისტებმა მიიტყუეს - მთელი წითელი არმია შენ გელოდება აჯანყების დაწყების მიზნითო.

მაშა მაიერსი: - ესე იგი, თქვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილი შეცდა? მაქსიმ შევჩენკო: - იგი არ შემცდარა, მან, უბრალოდ, დაუჯერა მათ, რომელთა სიმართლეში ეჭვი არ ეპარებოდა. იგი ასი პროცენტით ენდობოდა მათ, ვინც მას უსაფრთხოება აღუთქვა. მიხეილ სააკაშვილი გამოცდილი, ჭკვიანი და უკიდურესად ფრთხილი ადამიანია. იგი ამერიკელების გარდა არავის მიენდობოდა. ყველა დანარჩენისა ეშინია. დამიჯერეთ.

მაშა მაიერსი: - ესე იგი, ჩვენ გვაქვს სქემა, რომლის მიხედვით საქართველოში სიტუაციის რადიკალიზება მოხდებოდა და ამიერკავკასიაც აფეთქდებოდა. მაქსიმ შევჩენკო: - მიხეილ სააკაშვილის შეგზავნა საქართველოში მართვადი ქაოსის შექმნის მცდელობას წარმოადგენს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ