ზუგდიდში შედეგები შეიცვალა - ნახეთ, ვინ გახდა არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული - კვირის პალიტრა

ზუგდიდში შედეგები შეიცვალა - ნახეთ, ვინ გახდა არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, ოლქში შედეგები შეიცვალა და გამარჯვებული "ქართული ოცნების" კანდიდატი სოსო გოგოხია გახდა. კერძოდ, მმართველი პარტიის კანდიდატს 12 ხმა დაემატა, ენმ-ს - 1, "გახარია - საქართველოსთვის" 1 ხმა. აქამდე აღნიშნულ სამაჟორიტარო ოლქში ენმ-ს კანდიდატი იგებდა. საჩივრის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ბიულეტენების ხელახლა გადათვლას უსაფუძვლოს უწოდებდნენ და პარალელურად ყველა უბნის გადათვლას მოითხოვდნენ.

ენმ-ს წარმომადგენლის, პარლამენტის წევრის ანა წითლიძის თქმით, ოლქში, რომელიც გახსნეს, კონვერტები იყო გახსნილი და ლუქი ახსნილი. წითლიძე აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს.

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი, ოპოზიციური პარტიის ბრალდებას კონვერტების გახსნასთან დაკავშირებით უარყოფს. მისი თქმით, პროცესი იყო გამჭვირვალე და გახსნას როგორც მედიის წარმომადგენლები, ასევე დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ.

საოლქო კომისიასთან იმყოფებოდა ზუგდიდის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" მამუკა წოწერია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გადათვლა საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით მოხდა და ამასთან მტკიცებულებებიც არსებობდა, რომ ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატს ჰქონდა უპირატესობა.

"პირველი დღიდანვე არჩევნების დასრულებამდე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო გოგოხია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა უპირატესობა კონკურენტთან შედარებით. დადასტურდა ის რეალობა, რაც იყო. არანაირად არ აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" საჩივრის შეტანის, განხილვის საკითხის ექსკლუზივი და დისკრეცია. ეს არის ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტი შესაძლებლობა", - განაცხადა მამუკა წოწერიამ.