"როცა ასეთი დანაშაულებრივი განცხადებები კეთდება, ნორმალურ ქვეყანაში პრემიერი არათუ გადადგებოდა, არამედ ღირსების მქონე პარლამენტი კინწისკვრით გააგდებდა" - კვირის პალიტრა

"როცა ასეთი დანაშაულებრივი განცხადებები კეთდება, ნორმალურ ქვეყანაში პრემიერი არათუ გადადგებოდა, არამედ ღირსების მქონე პარლამენტი კინწისკვრით გააგდებდა"

"როცა ასეთი არაეთიკური, უზნეო და დანაშაულებრივი განცხადებები კეთდება, ნორმალურ ქვეყანაში იმავე დღეს პრემიერი არათუ გადადგებოდა, ღირსების მქონე პარლამენტი კინწისკვრით დააგორებდა კიბიდან",- ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცევა, სხვა მუხლებსაც დაუმატებენ.

რომან გოცირიძის თქმით, ეს განცხადება არის იმის ლუსტრირება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა და ეს იცის ყველამ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორებმაც.

"ღარიბაშვილის განცხადებები დანაშაულებრივია, ბრალდებები 37 წლის სტილშია, როცა საბჭოთა კავშირში ჯალათი პროკურორი ვიშინსკი აბრალებდა ყველაფერს ადამიანს. ღარიბაშვილის განცხადებები უზნეოა და ცილისწამებისა და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამ განცხადებებზე ის აუცილებლად აგებს პასუხს, ეს არ არის მსუბუქი წამოცდენა, ეს არის მიზანმიმართული, ფსიქოლოგიური ტერორი, დაშინება. ვერავინ შეაშინებს მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ეს არის დაშინების მცდელობა, მათ შორის, სხვების დაშინების. იმდენად უტვინო განცხადება და აშკარა ლუსტრაციაა, რომ ეს პროცესი პოლიტიკური დევნის შემცველია, ღარიბაშვილი ამასაც კი ვერ ხვდება რა უნდა თქვას და რა - არა,"- განაცხადა გოცირიძემ.