"ივანიშვილმა ღარიბაშვილი გააგზავნა აზერბაიჯანში, სომხეთში, რათა ჩემი თვითმფრინავი, რომლითაც 2-ში საღამოს მოვდიოდი, ამ ქვეყნებში უნდა გადაესროლათ" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა ღარიბაშვილი გააგზავნა აზერბაიჯანში, სომხეთში, რათა ჩემი თვითმფრინავი, რომლითაც 2-ში საღამოს მოვდიოდი, ამ ქვეყნებში უნდა გადაესროლათ"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებამდე გადაღებული კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება, სადაც სააკაშვილის თქმით, ის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ტყეში იმყოფება.

სააკაშვილი ვიდეოში განმარტავს, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დაანონსებულზე ადრე ჩამოსულიყო და ამასთან, არა თვითმფრინავით, არამედ იმ გზით, რა გზითაც შემოვიდა.

"მოგესალმებით ყველას, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ტყიდან. მე აქ ამოვჩნდი მესამე ქვეყნის მეშვეობით მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი გააგზავნა აზერბაიჯანში, სომხეთში, რათა ჩემი თვითმფრინავი, რომლითაც 2-ში საღამოს მოვდიოდი, ამ ქვეყნებში უნდა გადაესროლათ, ვითომ საქართველოში, აეროპორტებში ცუდი ამინდი იყო, გადავწყვიტე, ბევრად ნაკლებ კომფორტული გზით, სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი მეგობრების დახმარებით საქართველოში შემოსვლა",- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე განცხადებით, მიზანს მიაღწია და "ემიგრაციაში არ მოკვდა".

"მე მივყვები ჩემი ხალხის, გულის ძახილს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა 8 წლის შემდეგ ამ ხეების და მიწის დანახვა. ვერ წარმოიდგენთ, რა არის 8 წლის შემდეგ ყოფნა შენს ქვეყანაში, რომელიც ცხოვრებაზე მეტად გიყვარს. ეს ჩემთვის მთავარია. ახლა რაც არ უნდა მოხდეს, მივაღწიე ჩემს მიზანს - არ მოვკვდი, არ ჩავძაღლდი ემიგრაციაში. მე ვარ ჩემს ქვეყანაში, საქართველოში, ჩემს ქართველებს და თანამებრძოლებს შორის, ჩემს ერს შორის, ვიბრძვი მისთვის და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა",- განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის აქამდე უცნობ ვიდეოს ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა 1-ელ ოქტომბერს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე დააკავეს. მას სხვა საქმეებთან ერთად ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაშიც ედება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები არიან დაკავებულები. ამასთან, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, ელგუჯა ცომაია, რომლის სახლშიც, გამოძიების ინფორმაციით, სააკაშვილი დააპატიმრეს.

იხილეთ ვიდეო