"ტრაგედია მოხდა დაუდევრობის, სიხარბისა და სისტემური პრობლემების მიზეზით" - კვირის პალიტრა

"ტრაგედია მოხდა დაუდევრობის, სიხარბისა და სისტემური პრობლემების მიზეზით"

"უფრო იმის მჯერა, ხალხი გამოვიდეს მოთხოვნით, სააკაშვილი ციხიდან არ გამოუშვათო, რადგან იმდენი ადამიანი ჰყავს იმ რეჟიმს გამწარებული, ბევრს მართლაც ძალიან აშინებს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა"

გასული კვირის ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენა გადაფარა 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ, როცა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს დიდი ნაწილის ჩამონგრევამ ცხრა ადამიანი, მათ შორის - სამი ბავშვი იმსხვერპლა. მომხდარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ადამიანი დააკავა. უწყების ინფორმაციით, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებს სადარბაზოს ნაწილის ჩამოშლა მოყვა. დაკავებული არიან ბინის მეპატრონე და ორი მუშა. 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

"ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება, უკანონო მშენებლობების აღმოფხვრა და ზედამხედველობა, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობა," - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. სწორედ ამ მძიმე თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- ნება მომეცით, უპირველესად ჩემი უდიდესი გულისტკივილი გამოვთქვა მომხდარის გამო, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, ბათუმს და მთელ საქართველოს. ამ ადგილს კარგად ვიცნობ, რადგან ერთხანს სწორედ ამ კორპუსის სიახლოვეს მომიწია ცხოვრებამ და გეტყვით, რომ თავდაპირველად ნათქვამი ვერსია, თითქოს ნგრევის მიზეზი კორპუსზე დაშენებული ორი სართული გახდა, უსაფუძვლოა. ვიცით, რომ სამართალდამცველები ამ ეტაპზე სხვა ვერსიას განიხილავენ და რამდენიმე ადამიანი დაკავებულიც ჰყავთ.

მეც მიმაჩნია, რომ სწორედ კორპუსისთვის საძირკვლის გამოთხრამ და მზიდი, ე.წ. საყრდენი კედლის გამოცლამ გამოიწვია ამხელა ტრაგედია.

ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მოხდა ადამიანების დაუდევრობის, არაპროფესიონალიზმის, სიხარბისა და ქვეყანაში არსებული სისტემური პრობლემების მიზეზით. აქ ჩანს სამოქალაქო უპასუხისმგებლობაც. ჩვენ რომ შინ რემონტს ვაკეთებთ, ყველაფერი ფეხებზე გვკიდია, გარდა ჩვენი სურვილისა. თანაც ვქირაობთ მუშებს, რომელთა კვალიფიკაციის შესახებ არაფერი ვიცით და, ძირითადად, ინჟინრის გარეშე ვგეგმავთ ყველაფერს. ვისაც სურს, რემონტი საფუძვლიანად გააკეთოს, ის უკვეთს კომპანიას, სადაც ინჟინერიც არის, არქიტექტორიც და მუშებიც კვალიფიციური ჰყავთ. მოკლედ, მომხდარი არის სისტემური პრობლემების შედეგი და ამ პრობლემებს გადაწყვეტა სჭირდება. უბრალო ცვლილებაც კი, მით უფრო, როდესაც საქმე კედლებს ეხება, არ შეიძლება განხორციელდეს ნებართვის გარეშე. აქ ჩანს საკანონმდებლო პრობლემაც. მაგალითად, ამ ძველ კორპუსებში ვინ არის პასუხისმგებელი, მაგალითად, ფასადზე, კიბეზე, სახურავზე, ვინ ზედამხედველობს ამ ყველაფერს? მე, როგორც რიგით მობინადრეს, არ მაქვს უფლება, შევიდე და ვაკონტროლო, ჩემი მეზობელი თავის ბინაში რას აკეთებს, მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა ჰქონდეს ამის უფლება? ახალაშენებულ ბინებში, როგორც წესი, ამას ამხანაგობა უწევს ზედამხედველობას, მაგრამ ძველ სახლებში ასე არ არის.

- გადავიდეთ პოლიტიკური პროცესების შეფასებაზე, თქვენი აზრით, რა ეფექტი მოახდინა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებაზე? - ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ძალიან მოულოდნელი იყო. თავის დროზე ერთ-ერთ ინტრევიუში დავსვი შეკითხვა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ერთი რეჟისორი ჰყავს თუ მრავალი-მეთქი? 1-ლ ოქტომბერს სააკაშვილის დაკავებამ დამაფიქრა იმაზე, რომ ეს ყველაფერი ერთი ხელით იმართება. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ, უპირველესად, ხელი შეუშალა მესამე ძალის გაძლიერებას და ასარგებლა "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", რადგან ისევ პოლარული დარჩა პოლიტიკური ველი, თუმცა გიორგი გახარიამ მაინც მოახერხა მხარდაჭერის მოპოვება. დარწმუნებული ვარ, რომ არა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, ის გაცილებით მეტ ხმას მიიღებდა.

არა მგონია, სააკაშვილს თავგანწირვა შეეძლოს. ჩემი აზრით, მას ეგონა, რომ მეორე "ვარდების რევოლუციას" მოაწყობდა. არ გამოვრიცხავ, ამის შესაძლებლობაში ის მიზანმიმართულად დაერწმუნებინათ.

არადა, დღეს რევოლუციისთვის საზოგადოების მობილიზება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ხომ ვხედავთ, რამდენი ადამიანი მიდის ყოველდღიურად რუსთავის ციხესთან პროტესტის გამოსახატავად. ვფიქრობ, მიშას ჩამოსვლამ "ნაციონალურ მოძრაობაშიც" ბევრი დააბნია. დღეს სააკაშვილს თაკო ჩარკვიანი ჰყავს მთავარ მხარდამჭერად, რომელმაც ხმების 1%-იც ვერ მიიღო, მაგრამ უკვე პოლიტიკური ფიგურობის პრეტენზია აქვს. აბსოლუტურად გაუგებარი რაღაცები ხდება საქართველოში. ადამიანი მოისურვებს გახდეს პოლიტიკოსი და ამისთვის საკმარისია, თვითონ განაცხადოს ამის თაობაზე, თქვენ, მასმედია, კი ხელს უწყობთ, როცა ამისთანა ვაიპოლიტიკოსების აზრით ინტერესდებით. დამერწმუნეთ, ჩვენი მოსახლეობის ნაწილი ისე ცხოვრობს, რომ არც მიხეილ სააკაშვილი აინტერესებს და არც - ბიძინა ივანიშვილი. ადამიანებს გვსურს მშვიდად ცხოვრება და ამაში ხელს, უპირველესად, პოლიტიკოსები გვიშლიან. ნორმალურ ქვეყნებში ხალხის მნიშვნელოვანმა ნაწილმა არც კი იცის, ვინ არის მისი ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა ჩვენში ყველამ ისიც კი იცის, ვინ არის თაკო ჩარკვიანი.

ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა არის კარგად დადგმული სპექტაკლი. არ ვიცი, ასეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, როგორიც სააკაშვილია, ანკესზე როგორ წამოაგეს. მოკლედ, ვფიქრობ, მისი პროვოცირება ვიღაცას ძალიან კარგად გამოუვიდა. სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ ის, რომ ასე უცნაურად ჩამოვიდა და ჩაჯდა ციხეში. არ ვიცი, რას აპირებს - ამ 6 წელს სატუსაღოში გაატარებს თუ საავადმყოფოში გადაიყვანენ. ვეჭვობ, ის ციხიდან გამოუშვან, რადგან ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა უმრავლესობა ამ პარტიაზე ხელს აიღებს. მათ არ სურთ "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებაში. ეს რომ ნამდვილად ასეა, ვნახავთ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში, როდესაც კალაძე მელიას დიდი უპირატესობით დაამარცხებს.

სრულიად დაწმუნებული ვარ, რომ "ოცნების" პარტიული მხარდამჭერების გარდა, კალაძის ყულაბაში აუცილებლად წავა სხვა ოპოზიციური პარტიების - თუნდაც გახარიას პარტიის, "ლელოს" და ა.შ. - მხარდამჭერთა უმრავლესობის ხმები.

ასევე იქნება ქვეყნის მასშტაბითაც. არ გამოვრიცხავ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთი-ორი ქალაქი და მუნიციპალიტეტი მოიგოს, თუმცა სხვაგან, ყველგან, მმართველი პარტიის წარმომადგენლები გაიმარჯვებენ.

ამ არჩევნებით პასუხი გაეცა ე.წ. რეფერენდუმის თემასა და ვადამდელი არჩევნების საკითხს. სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდი, რომ გიორგი გახარია მოახერხებდა იმხელა რესურსის მობილიზებას და მხარდაჭერის მოპოვებას, რომ "ოცნების" უმრავლესობის დაშლას მოახერხებდა, არ გამართლდა. ამაში მას სააკაშვილმა შეუშალა ხელი, რითაც ისევ "ქართული ოცნება" გაძლიერდა.

კიდევ ერთი თემაა მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხი. ჩემი აზრით, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ვიცით, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია. ბევრი მიიჩნევს, რომ ასეთ საქმედ შეიძლება იქცეს უკრაინის ტერიტორიის უკანონოდ დატოვება, მაგრამ, ვფიქრობ, ეს დანაშაული ვერ გახდება იმ საქმეების საპირწონე, რომელთა გამოც სააკაშვილი საქართველოშია მსჯავრდადებული. ამასთანავე, მოგეხსენებათ, სააკაშვილთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეზე გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს. მოკლედ, არა მგონია, ჩვენი მთავრობა ამას დასთანხმდეს. სულ სხვა საქმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც შეიძლება ციხიდან გამოუშვან.

- სააკაშვილის ჩამოსვლაზე ლაპარაკისას თქვენ ეს ყველაფერი სპექტაკლს შეადარეთ. თუ მართლაც ასე მიიჩნევთ, საინტერესოა, ვინ არის თქვენი აზრით, მისი მთავარი რეჟისორი? - რაიმე კონკრეტულის თქმას არ ვაპირებ, რადგან სერიოზული მტკიცებულებები არ მაქვს, ამის გარეშე კი ლაპარაკი არ ღირს. მკითხველს, სავარაუდოდ, აქვს თავისი მოსაზრება; არ არის გამორიცხული, მათი აზრი და ჩემი ეჭვი ამ ეტაპზე ემთხვეოდეს კიდეც ერთმანეთს.

- როგორც ცნობილია, მესამე პრეზიდენტი შიმშილობს და აცხადებს, რომ უკან დახევას არ აპირებს... - შიმშილობს? რა გითხრათ... მე მისი შიმშილობის ამბავი თავიდანვე მაეჭვებდა, ახლა როგორც გაირკვა, ის სვამს წვენებს, მიირთმევს თაფლს, ასევე იღებს საჭირო მედიკამენტებს, რაც ძალიან კარგია.

- ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. შეიძლება ითქვას, რომ ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ამყარებს ხელისუფლების წარმომადგენელთა ზოგიერთი განცხადება. მაგალითად, გავიხსენოთ პრემიერ-მინისტრის მუქრა, თუ სააკაშვილი ჭკვიანად არ იქნება, ახალ მუხლებს დავუმატებთო... - არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად სცოდავენ და ისე ლაპარაკობენ, ხელისუფალს რომ არ შეეფერება. მარტო ღარიბაშვილის ის ნათქვამი რად ღირს, ჩვენ ვთქვით, რომ გახარია ნარკომანია და ახლა ამტკიცოს, რომ არ არისო... და ამას ამბობს სახელმწიფოს პირველი პირი! ამ ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არსებობს? აბსოლუტურად არ ფიქრობენ, რას ამბობენ...

მიმაჩნია, რომ საქართველო უკეთესი პრემიერ-მინისტრის ღირსია. არაერთხელ მითქვამს, რომ ღარიბაშვილი სულ სხვაგვარი პრემიერი იყო ბიძინა ივანიშვილის შედარებით აქტიური პოლიტიკოსობის დროს და სულ სხვაგვარია ახლა. მაშინ მისი პოლიტიკა უფრო გაწონასწორებული და სასარგებლო იყო. დღეს ღარიბაშვილის საუბრების მთელი შინაარსია ის, თუ როგორი საშინელებაა "ნაციონალური მოძრაობა". რას აკეთებს გახარიასა და სააკაშვილის ლანძღვის მეტს?..

ერთმნიშვნელოვნად გეტყვით, რომ სააკაშვილს არ მივიჩნევ პოლიტიკურ პატიმრად, თუმცა, ამასთანავე, ყოვლად მიუღებელია მისთვის თუ გახარიასთვის ნარკომანის ძახილი, ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ამ ქვეყანაში არ არის კანონი დიფამაციის შესახებ. აბა, წადით და მსგავსი რამ, მტკიცებულებების გარეშე, დააბრალეთ ვინმეს დიდ ბრიტანეთში! ჩვენთან ყველაფერი მოსულა. ვისაც რა უნდა, იმას ამბობს. ვთქვათ, შეგიძლია განაცხადო, მიხეილ სააკაშვილი მარსიდან ჩამოფრინდა და თუ არ ჩამოფრენილა, თვითონ დაამტკიცოსო... პრაქტიკულად, ასე ლაპარაკობს ღარიბაშვილი და ეს გასდის. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრმა მსგავსი რამ რომ თქვას, მეორე დღესვე მოუწევს გადადგომა, ჩვენთან კი სიტყვამ ფასი დაკარგა.

სხვათა შორის, ამის ფუძემდებელი მიხეილ სააკაშვილია, როდესაც ჯერ ადამიანები ჩარეცხილებად გამოაცხადა, მერე კი ბავშვებს ბუჩქებისკენ სასეირნოდ მოუწოდა. ქვეყანაში არ დარჩა ადამიანი, ვის სიტყვასაც ფასი აქვს.

თუ ჩვენ გვინდა, ღირსეული საზოგადოება გვქონდეს, აუცილებლად უნდა მივიღოთ კანონი დიფამაციის შესახებ.

- არჩევნების შედეგებს დავუბრუნდეთ... თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში მეორე ტურია საჭირო, რამდენიმე ადგილას, პირველი ტურის შედეგებით, სულაც "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები ლიდერობენ, მაგალითად, ზუგდიდში დიდი უპირატესობა აქვს ანზორ მელიას... - საინტერესოა, რომ პროპორციულ ნაწილში "ქართულმა ოცნებამ" დაახლოებით ისეთივე მხარდაჭერა მიიღო, როგორიც 2016 წლის, შემდეგ კი - 2020 წლის არჩევნებში.

სიმართლე გითხრათ, მეორე ტურში უარყოფითს ვერაფერს ვხედავ, ვერც იმაში, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში ან ქალაქში ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვონ.

ზუგდიდი ახსენეთ... აქ ყოველთვის მაინც განსხვავებული ვითარება იყო. 2003 წლიდან მოყოლებული, ზუგდიდი იყო მიხეილ სააკაშვილის საყრდენი. ვნახოთ, რა იქნება მეორე ტურში. ანზორ მელიას რომც მოუწიოს ზუგდიდის მერობამ, ეს კატასტროფა არ არის. იმედია, მოხერხდება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ისე თანამშრომლობა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ დაზარალდეს.

მისასალმებელია, რომ გახარიას პარტია ამ არჩევნებში გამოჩნდა, როგორც მესამე ძალა და საქართველოს მასშტაბით საკრებულოების უმრავლესობაში მოახერხა დეპუტატების გაყვანა. დიდი იმედი მაქვს, რომ ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უფრო მომაგრდებიან.

- უკვე ახსენეთ, რომ გახარიას პარტიამ ქვეყნის მასშტაბით ბევრგან გაიყვანა დეპუტატები, თან ისე, რომ მათი ხმები უმრავლესობის ფორმირებისთვის აუცილებელი იქნება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეკითხვად რჩება, ვისთან ითანამშრომლებს ეს პარტია - "ქართულ ოცნებასთან" თუ "ნაციონალურ მოძრაობასთან"? თუმცა, გახარიას თქმით, ისინი არ აპირებენ რომელიმე მხარესთან კოალიციის შექმნას. ორიოდე დღის წინ მან მხარეებს სამმხრივი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა...

- გახარიას, ვფიქრობ, არა აქვს ფუფუნება, რომელიმე ამ პარტიასთან კოალიცია შექმნას. ჩემი აზრით, მას მოუწევს თემატური თანამშრომლობა და უფრო მეტად - "ქართულ ოცნებასთან". ის, ალბათ, პიარისთვის საკითხების 20%-ის წინააღმდეგი იქნება და არ დაეთანხმება მმართველ პარტიას, თუმცა 80%-ში მხარს დაუჭერს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაჭრას. ვფიქრობ, იქნება ვაჭრობა და "ქართულ ოცნებასაც" მოუწევს, გაითვალისწინოს ის წინადადებები და ინიციატივები, რომლებიც გახარიას პარტიას ექნება ამა თუ იმ საკრებულოში.

- გიორგი გახარიას თქმით, მისი პარტია არ აპირებს, მეორე ტურში მხარი დაუჭიროს რომელიმე პარტიის კანდიდატებს, "ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, გახარიას ეს პოზიცია აჩვენებს, რომ ის რეალურად არ არის მმართველი ძალის ოპოზიციაო... - გახარიას ეს პოზიცია აბსოლუტურად სწორია. მითხარით, რა არის საქართველოში ოპოზიცია. გვყავს, მგონი, 70-ზე მეტი პარტია, მაგრამ როცა ოპოზიციას ვახსენებთ, ძირითადად, მაინც ვგულისხმობთ "ნაციონალურ მოძრაობას". რას ნიშნავს ერთიანი ოპოზიცია, რატომ უნდა იყოს თაკო ჩარკვიანის გადასაწყვეტი, რას გააკეთებს გახარია? მას აქვს თავისი ცენტრისტული პოზიცია, არ აპირებს არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" და არც "ქართულ ოცნებასთან" ასოცირებას. მისი ხმების გარეშე ბევრ საკრებულოში გადაწყვეტილებების მიღება გაჭირდება, ამიტომაც მან უნდა მოახერხოს სწორად პოზიციონირება. თუ ის დღეს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს დაუჭერს მხარს, აღმოჩნდება ამ პარტიის ორბიტაზე და დაკარგავს თავის განსხვავებულობას.

სწორედ ეს დაემართა "ლელოს". უკვე ორი წელიწადია ვამბობ, რომ მათ დაუშვეს მძიმე შეცდომა, როდესაც ისეთივე ლექსიკით და იმავე პოზიციიდან დაუპირისპირდნენ "ქართულ ოცნებას", როგორც ამას "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა. მიიღეს კიდეც ამის უაღრესად ნეგატიური შედეგი. სხვათა შორის, მომეწონა "ლელოს" პოზიტიური წინასაარჩევნო პიარი, რასაც ვურჩევდი გიორგი გახარიასაც. ხალხი დაიღალა ნეგატივით. გახარიას ასევე ვურჩევ, დაიქირაოს პროფესიონალი პიარის სპეციალისტი, რომელიც მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის სტრატეგიასა და ტაქტიკას დაუგეგმავს. ნუ ჰგონია, რომ ყველაფერი იცის.

- "ნაციონალური მოძრაობა" და თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აანონსებენ... - ჩემი აზრით, აქციებით საქართველოში კარგა ხანს ვერაფერს მიაღწევენ. ხალხი არ ენდობა პოლიტიკურ ძალებს, პოლიტიკოსებს, და მათ დაძახილზე, ძნელად წარმომიდგენია, ქუჩაში გამოვიდეს. უფრო იმის მჯერა, ხალხი გამოვიდეს მოთხოვნით, სააკაშვილი ციხიდან არ გამოუშვათო, რადგან იმდენი ადამიანი ჰყავს იმ რეჟიმს გამწარებული, ბევრს მართლაც ძალიან აშინებს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა.