"თუ სააკაშვილს სურდა ქართველი ნავალნი გამხდარიყო, არ გამოუვიდა!" - როგორ აფასებს უკრაინელი პოლიტოლოგი საქართველოში მიმდინარე პროცესებს - კვირის პალიტრა

"თუ სააკაშვილს სურდა ქართველი ნავალნი გამხდარიყო, არ გამოუვიდა!" - როგორ აფასებს უკრაინელი პოლიტოლოგი საქართველოში მიმდინარე პროცესებს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისა და დაკავების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე "კვირის პალიტრა" უკრაინელ პოლიტოლოგს ოლესია იახნოს ესაუბრა.

- ქალბატონო ოლესია, როგორ ფიქრობთ, რისთვის ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში?

- შესაძლებელია ეს გადაწყვეტილება მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნის დაუოკებელი სურვილითა და ეგოცენტრიზმით არის განპირობებული, რომლის შედეგი ამ ტიპის ადამიანებს ზოგჯერ სრულად არა აქვთ გათვლილი და გააზრებული.

ვფიქრობ, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მისი ვიზიტი მუნიციპალური არჩევნების შედეგებზე ასახულიყო - ეგონა, მისი ჩასვლით მმართველი პარტია ხმებს დაკარგავდა, რომ "ქართული ოცნება" 43%-ზე ნაკლებს აიღებდა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა შეიქმნებოდა. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში ის ქართულ პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდებოდა. თუმცა როგორც შედეგებმა აჩვენა, "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ხმებს შორის ძალზე დიდი რაოდენობრივი განსხვავებაა. ანუ ეს ვარიანტიც ჩავარდა.

სააკაშვილს ძალიან სურდა, მისი დაბრუნება რეგიონში მთავარი პოლიტიკური თემა ყოფილიყო და ეს გამოუვიდა. რაც შეეხება მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნას, მისი აქტიურობის უამრავი მაგალითი არსებობს: უკრაინაში ყოფნისას ასევე გადაწყვიტა საჯარო პოლიტიკაში აქტიურობა, რასაც ძალზე გამომწვევად, მისთვის ჩვეული ქმედებებით აკეთებდა.

- ზოგიერთის აზრით, სააკაშვილი ციხეში "ქართული ოცნებისთვის" თავსატეხია. - "ოცნების" შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, მისი ჩამოსვლა ოპოზიციის, კონკრეტულად "ნაციონალების" ხმებზე დიდად არ ასახულა. ვეღარც მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე გათვლამ გაამართლა. თუ არ ჩავთვლით დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში ჩასატარებელი არჩევნების მეორე ტურს, რაშიც სააკაშვილის დაბრუნებამ ნამდვილად ითამაშა როლი და რაც ოპოზიციური პარტიების კანდიდატების დამატებას გამოიწვევს, მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა.

თუმცა სააკაშვილის ციხეში ყოფნა ხელისუფლებას მუდმივად დაძაბულობაში ამყოფებს, პატიმარი სააკაშვილი მუდმივად იქნება ყურადღების ცენტრში. მას სასჯელის სრულად მოხდამაც რომ მოუწიოს, ეს ყოველთვის განხილული იქნება როგორც ხელისუფლების პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება.

- საქართველოს ექსპრეზიდენტი თავს პუტინის პატიმრად მიიჩნევს. - სააკაშვილის პოზიცია რუსეთისა და პუტინისთვის კარგად არის ცნობილი, ისევე როგორც რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება მის მიმართ. ისინი, თუ მტრები არა, ოპონენტები ნამდვილად არიან, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.

თუ ეს იყო სააკაშვილის მცდელობა ქართველი ნავალნი გამხდარიყო, არ გამოუვიდა.

საქართველო რუსეთი არ არის - რუსეთისგან განსხვავებით, თქვენთან არჩევნები ტარდება. კიდევ ერთი, სააკაშვილი თავის ბექგრაუნდითაც განსხვავდება ნავალნისგან. სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში იყო და მისი მმართველობის პერიოდზე მოსახლეობას პრეტენზიები აქვს. ეს სრულიად სხვადასხვა ისტორიაა. არჩევნების კონტექსტშიც კი სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია განსხვავებულია - რუსეთში არჩევნები არ ჩატარებულა, პირდაპირ პუტინი მოვიდა ქვეყნის სათავეში ოპოზიციური პარტიების განეიტრალების ხარჯზე. ასე რომ, ვერც რუსეთს და ვერც ნავალნის გამო განვითარებულ პროცესებს შორის მსგავსებას ვერ ვხედავ, რადგან ორივე ქვეყანაში პოლიტიკურად, საზოგადოებრივად განსხვავებული რეალობაა. პუტინის რუსეთში პროტესტს კარგა ხანია აზრი არა აქვს.

- უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ყველა შესაძლებლობას იყენებს თავისი მოქალაქეების გასათავისუფლებლად და ეს სააკაშვილსაც შეეხება. ზოგიერთის მოსაზრებით, შესაძლოა ამან ორი ქვეყნის ურთიერთობა დაძაბოს. ხედავთ ამ საფრთხეს? - ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლის შესახებ არაფერი იცოდა. ვფიქრობ, მის გეგმებზე უკრაინაში მართლაც არავის ჰქონდა ინფორმაცია. მისი ხასიათის გათვალისწინებითაც, სხვებს არაფერს ეტყოდა. მან ადრეც არაერთხელ განაცხადა, საქართველოში დაგეგმილი არჩევნების დროს ქვეყანაში დაბრუნებას აპირებდა, მათ შორის უკრაინაში მისი შეუმდგარი როლის გამოც.

- რატომ შეუმდგარი? საკმაოდ გავლენიანი პოსტები ეკავა... - თანამიმდევრულად გავიხსენოთ, რა და როგორ მოხდა: 2014 წელს საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღიძრა. როგორც კი გააცნობიერა, რომ ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმებოდა, საქმიანობის გასაგრძელებლად ახალი ადგილის ძებნას შეუდგა. იმავე წელს უკრაინა რუსეთის აგრესიის სამიზნე გახდა. მძიმე მდგომარეობაში ქვეყანა არასტანდარტულ გზებს ეძებდა, რათა მსოფლიოსგან მეტი დახმარება მიეღო. სწორედ ამ ვითარებაში დაიბადა უცხოელებისთვის საპასუხისმგებლო საქმის მინდობისა და მათთვის მოქალაქეობის მინიჭების იდეა. მათ შორის იყო სააკაშვილი, რომელმაც 2015 წელს ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა ჩაიბარა, მათ შორის ევალებოდა საერთაშორისო მიმართულებით რეფორმებიც. დარწმუნებული ვარ, იმ დროს სააკაშვილსა და უკრაინის ხელისუფლებასაც სჯეროდათ, რომ წარმატებით ითანამშრომლებდნენ. თუმცა განსხვავებული მოსაზრებების გამო 2016 წელს მან პოსტი დატოვა და უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საწინააღმდეგო აქციების აქტიური ლიდერი გახდა. მაშინ ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიასთან განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებდა. 2017 წელს მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და მომდევნო წლის თებერვალში მისი უკრაინიდან დეპორტაციაც მოხდა. 2019 წელს უკრაინის მეექვსე პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას მოქალაქეობა დაუბრუნა და სააკაშვილმა ისევ შეძლო სამთავრობო ორგანოებში მოხვედრა, თუმცა როგორც ირკვევა, მას ვიცე-პრემიერობა სურდა და ჰპირდებოდნენ კიდეც. ვფიქრობ, სააკაშვილი მიხვდა, რომ მისთვის მიცემული პოსტით უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას ვერ შეძლებდა და ამიტომ გარისკა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება. რატომ არაფერი გამოუვიდა უკრაინაში? აი, ამის გამო. მანამდეც იყო სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. სააკაშვილი უკრაინაში თავის როლს მმართველის, გადაწყვეტილების მიმღები პირის რანგში ხედავდა. მას საჯარო პოლიტიკოსობა სურდა, თუმცა ამჟამად უკრაინაში ასეთი პოლიტიკოსების დეფიციტი არ არის, არის გუნდურად მომუშავე მმართველების დეფიციტი. ამას გარდა, შეუძლებელია ერთ ქვეყანაში გადაიტანო მეორე ქვეყანა თავისი ნიუანსებისა და სოციალური მოწყობის დეტალების, საზოგადოებების განსხვავებების გაუთვალისწინებლად.

თუმცა ზელენსკიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ განაცხადეს, რომ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ სააკაშვილის ექსტრადიციისთვის, რაც ვფიქრობ, სრულიად კანონიერია. ვგულისხმობ, სტანდარტულ იურიდიულ პროცედურებს. თუმცა ეს ფორმალური იქნება თუ პირიქით, დიპლომატიის ჩარჩოში არაფორმალური გადაწყვეტილებების მიღებაც შეიძლება, ძნელი სათქმელია, იმიტომ, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება ამ ფაქტის გამო ადვილი არ იქნება. ახლა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს, სააკაშვილი ციხეში გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო დიდი გამოწვევაა თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

საქართველოს ხელისუფლება გამორიცხავს სააკაშვილს უკრაინაში ექსტრადიციას. მისი ადვოკატის თქმით, მისი დაცვის პირი თავად იტყვის უარს. ჯერჯერობით ჩვენ მოვისმინეთ საქართველოსა და უკრაინის სასტარტო ოფიციალური განცხადებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგი მოლაპარაკება შეუძლებელია. თუ სააკაშვილს ნამდვილად სურს საქართველოში დაბრუნება პოლიტიკოსის კი არა, მოქალაქის სტატუსით, მაშინ მან უკრაინაში ექსტრადირებაზე უარი უნდა თქვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი დაბრუნება გაქცევად იქნება აღქმული. ამასთან, თუ სააკაშვილმა გარკვეულწილად მიაღწია მიზანს და გავლენა მოახდინა მიმდინარე საარჩევნო პროცესსა და ელექტორატის შედეგებზე, მაშინ, რა თქმა უნდა, ციხეში ყოფნა მისთვის არაფრის მომცემია და შესაძლოა ექსტრადირებაზე დათანხმდეს.

კიდევ ერთი - მის დაკავებას აშშ-ის აქტიური განცხადებები მოჰყვა, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან სააკაშვილისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას, ისარგებლებს თუ არა ის სამართლიანი მართლმსაჯულებით ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმების მიხედვით. ვფიქრობ, ეს საკითხი საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში მუდმივად იქნება იურიდიული და პირადი კომპონენტის თვალსაზრისითაც, ვინაიდან დღემდე ბევრი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. თუმცა ეს არ გამორიცხავს მოსალოდნელ დარღვევებს. ამიტომ მის მიმართ დამოკიდებულების სამართლიანობა მუდმივად დაკვირვების ქვეშ იქნება.

- დღემდე კამათობენ იმაზე, არის თუ არა ის პოლიტპატიმარი. - ვფიქრობ, ეს კითხვა საქართველოს მოქალაქეებს უნდა დაუსვათ. შორიდან ბევრი რამე ჩანს. ბევრი რამ გაკეთდა, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ახლა საკითხი ასე დგას - მთავარია, საზოგადოებაში რა განწყობა დომინირებს. მოქალაქეებზეა დამოკიდებული, რას დაარქმევენ პოლიტიკურს და რას სამართლებრივს. კიდევ ერთი, სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე 2014 წელს, ხელისუფლების შეცვლიდან მალევე აღიძრა და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ძალზე მარტივია მისი სხვადასხვაგვარად გადათამაშება. სააკაშვილი, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურია, მაგრამ ჩნდება კითხვა, მაშინ რატომ თქვა ისე ადვილად უარი საქართველოს მოქალაქეობაზე?! თავის მხრივ, საქართველოს ახალი ხელისუფლებაც ცდილობდა ექსპრეზიდენტი ქვეყნიდან და ქართული პოლიტიკიდან წასულიყო. ახლა ასეთი რეალობის წინაშე დგანან - ახლა სააკაშვილი ციხეშია, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში, რომელიც დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს ამ პროცესებს, პოლიტიკური იმიჯის შენარჩუნება მოუწევთ.