"აქციას "ნაციონალური მოძრაობა" ატარებს, ჩვენ რა შუაში ვართ?" - კვირის პალიტრა

"აქციას "ნაციონალური მოძრაობა" ატარებს, ჩვენ რა შუაში ვართ?"

"ბოლო წუთამდე არ მჯეროდა, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა. ამ ფაქტმა ჩვენთვის არასასიამოვნოდ შეცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი"

"სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ პოლიტიკური ველის რადიკალიზაცია და პოლარიზაცია მოახდინა. ამან საარჩევნო დღის წესრიგი და გარემო შეცვალა, გავლენა იქონია საბოლოო შედეგებზეც, - ამბობს პარტია "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და დასძენს, - გასაგებია, რომ არჩევნების შედეგი არ გვაკმაყოფილებს, მაგრამ, მეორე მხრივ, გვიხარია, რომ საკრებულოების 25%-ში ჩვენი წარმომადგენელი გვეყოლება და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში ჩართვის შესაძლებლობა მოგვეცემა".

რას უკავშირებს "ლელო" არჩევნებში 2%-იან მხარდაჭერას, როგორია პარტიის სამომავლო სტრატეგია და როგორ გააგრძელებს პოზიციონერობას პოლიტიკურ პროცესში, ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრება:

- 1-ლ ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა ამომრჩევლის ისევ ორ პოლუსს შორის გადაჯგუფება გამოიწვია. სამწუხაროდ, ამ არჩევნებს თავისუფალსა და დემოკრატიულს ვერ ვუწოდებ. ის ძალადობრივი აქტებით, მოსყიდვითა და დაშინების ფაქტებით იყო სავსე. სამწუხაროდ, ეს "ქართული ოცნების" დამკვიდრებული პრაქტიკაა და სანამ ამას არ დავასრულებთ, სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე დაყენებას ვერ შევძლებთ.

მიუხედავად ყველაფრისა, ყველა შეფერხებისა და ხელოვნური ბარიერისა, "ლელომ" მაინც მიაღწია მნიშვნელოვან შედეგს - 25 მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩვენი წარმომადგენლები გვეყოლება. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა პარტიისთვის, რომელიც 2 წლისაც არ არის.

სხვათა შორის, ჩვენ მოვახერხეთ პირველი ადგილის დაკავება იმ პარტიებს შორის, რომლებიც არ არიან ან არ ყოფილან ხელისუფლებაში. თუმცა ამით თავს არ ვიმშვიდებთ.

- თქვენზე წინ იყო პარტია "საქართველოსთვის" 9%-ით. - გასაგებია, რომ პარტია "საქართველოსთვის" არ იყო ხელისუფლებაში, მაგრამ მისი ლიდერი გიორგი გახარია ხომ იყო პრემიერი? თანაც არცთუ დიდი ხნის წინ.

- რას ფიქრობთ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე, მიიჩნევთ მას პოლიტპატიმრად?

- როდესაც ქვეყანაში მართლმსაჯულება პოლიტიზებულია და სასამართლო თავისუფალი არ არის, ნებისმიერი გადაწყვეტილება პოლიტიკურ ელფერს ატარებს.

- მაშინ რატომ არ აპირებთ მონაწილეობას "ნაციონალების" დაგეგმილ საპროტესტო აქციებში? - აქციას "ნაციონალური მოძრაობა" ატარებს. ჩვენ რა შუაში ვართ?

- "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მხარდაჭერა არ გთხოვეს? - ეს გადაწყვეტილება ჩვენთან არ შეთანხმებულა.

- თქვენ განაცხადეთ, რომ აპირებთ მხარი დაუჭიროთ ოპოზიციის კანდიდატებს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიციონერი კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ. - ჩვენ ოპოზიციონერ კანდიდატებს კი არა, კოალიციურ მმართველობას დავუჭერთ მხარს - ანუ იმ ქალაქებში, სადაც არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მერობის კანდიდატები არიან გადასული, ჩვენ შეგვიძლია ამომრჩეველს მრავალპარტიული მმართველობა შევთავაზოთ და ამით დავასრულოთ ერთპარტიული ჰეგემონია.

- ესე იგი, ნიკა მელიას ინიციატივა თბილისის კოალიციური მართვის შესახებ სარწმუნოდ მიგაჩნიათ? - არ ვიცი, რამდენად შეიძლება ეს ნიკა მელიას ინიციატივად ჩაითვალოს. ეს ხალხის დაკვეთაა.

ახლა ჩვენ შანსი გვაქვს კოალიციური მმართველობა შედგეს ადგილობრივი თვითმმართველობის, ქალაქების მართვის დონეზე და ხალხს ვაჩვენოთ განსხვავება მრავალპარტიულ და ერთპარტიულ მართვას შორის.

ესე იგი, ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ ურთიერთდაბალანსებულ და ურთიერთკონტროლზე დამყარებულ მართვის მოდელს, რომლის დროსაც გადაწყვეტილებებს მივიღებთ სრულიად გამჭვირვალედ და ასე დავამარცხებთ კორუფციასა და ნეპოტიზმს. ჩვენ ხომ არაერთგზის ვნახეთ, რომ ერთპარტიული ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილ მართვას, ჰეგემონიას საზოგადოებისთვის სიკეთე არ მოაქვს?!

- ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა სააკაშვილი ისევ აღმოჩნდეს ხელის შემშლელი ფაქტორი კოალიციურ მართვაში? - მე მაინც მგონია, რომ ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მრავალპარტიულ მმართველობაზე იმ ქალაქებში, სადაც ოპოზიციის კანდიდატები არიან მეორე ტურებში. მოქალაქეებს კარგად უნდა ავუხსნათ კოალიციური მართვის მოდელის სიკეთე.

- მაგრამ კოალიციური მმართველობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებში "ნაცმოძრაობას" კორექტივები ხომ არ შეაქვს? - არა, პირიქით, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებშიც "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატები მზად არიან, რომ კოალიციური მმართველობის მოდელი განხორციელდეს. ასე რომ, ამ საკითხზე უახლოეს დღეებში შევთანხმდებით.

- თუ "ნაციონალური მოძრაობა" კოალიციურ მმართველობაზე მზადყოფნას გამოხატავს, მათი ლიდერი სააკაშვილი რატომ დგამს პოლარიზაციისთვის ხელშემწყობ ნაბიჯებს და რატომ უქმნის დაბრკოლებას კოალიციური მმართველობის მოდელის შექმნას? - აი, ეს შეკითხვა ჩემთან არ არის.

- ესე იგი, სააკაშვილის ნაბიჯი თქვენთვის უსიამოვნო მოულოდნელობა იყო? - ეს იყო მოულოდნელი და სრულიად წარმოუდგენელი. უფრო მეტიც, ბოლო წუთამდე არ მჯეროდა, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა. ამ ფაქტმა ჩვენთვის არასასიამოვნოდ შეცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი.

ხათუნა ბახტურიძე