"სააკაშვილს მოუწევს პატიმრობა. ძალიან მიკვირს იმ პოლიტიკური ლიდერების, ვინც მის გასამართლებას ითხოვდნენ, დღეს კი პოლიტპატიმრად განიხილავენ" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს მოუწევს პატიმრობა. ძალიან მიკვირს იმ პოლიტიკური ლიდერების, ვინც მის გასამართლებას ითხოვდნენ, დღეს კი პოლიტპატიმრად განიხილავენ"

"სააკაშვილს მოუწევს პატიმრობა, სასჯელის 2/3-ის მოხდის შემდეგ საშუალება ექნება ვადამდე ადრე გათავისუფლება მოითხოვოს"

"2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად სახიფათოა პოლარიზაცია და რა ცუდი შედეგების მოტანა შეუძლია პოლიტიკური ძალებისთვის", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი. მისი თქმით, პოლარიზება განსაკუთრებულად ცუდი შედეგის მომტანი აღმოჩნდა იმ პარტიებისთვის, რომლებიც დღემდე ვერ გამოვიდნენ დიდი პარტიების გავლენებიდან და მათ პოლიტიკურ მოკავშირეებად დარჩნენ. ლევან იოსელიანის აზრით, ამომრჩეველმა პატარ-პატარა პარტიები დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშეებად არ განიხილა. უფრო ვრცლად არჩევნების შემდგომ პერიოდსა და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე ლევან იოსელიანი გვესაუბრება:

- "ლელომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა", "გირჩმა" და სხვა პატარა, ახალშექმნილმა პარტიებმა ამ არჩევნებზე დიდი დანაკლისი განიცადეს.

ჩვენ საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ, 2020 წლის შედეგი გავიმეორეთ, რითაც დადასტურდა, რომ ამომრჩეველმა დააფასა ჩვენი პრინციპულობა, ჩვენ არ გავხდით რომელიმე დიდი პარტიის სატელიტი.

რას ვაპირებთ მეორე ტურისთვის? არაფერს, დარწმუნებულნი ვართ ჩვენი ამომრჩევლის სიბრძნეში და არ ვაპირებთ მოვუწოდოთ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ.

- როგორ წარმოგიდგენიათ, რატომ არ განიხილა ამომრჩეველმა დამოუკიდებელ მოთამაშედ თუნდაც "სტრატეგია აღმაშენებელი", რომლის ლიდერი გიორგი ვაშაძე საკმაოდ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდა სააკაშვილზე? - იმიტომ, რომ ამომრჩეველი ბრძენია და მხოლოდ სიტყვებს აღარ ენდობა, პოლიტიკოსებზე უფრო მათი საქმის მიხედვით აკეთებს დასკვნებს.

პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ზოგიერთი პარტიის გაურკვეველი პოზიცია ხალხისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ვერდიქტიც გამოუტანეს. სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ მათაც კი შეიცვალეს აზრი, ვისაც აქცენტი მესამე ძალის პარტიებზე ჰქონდათ და არჩევანი დიდ პარტიებზე შეაჩერეს. პოლიტიკურ იდენტურობაზე უარის თქმამ და ერთი დიდი პარტიის ქოლგის ქვეშ დაბანაკებამ ამომრჩევლის ლოგიკური რეაქცია გამოიწვია.

ისეთი პარტიაც, რომელსაც თავისი გამოკვეთილი ამომრჩეველი ჰყავდა (ზურა ჯაფარიძის პარტიას ვგულისხმობ), ძალიან დაზიანდა. მიზეზი ის იყო, რომ მისი პოზიცია ხშირად ემთხვეოდა "ნაციონალებისას".

- დღეს ეს პოლიტიკური ლიდერები სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებენ. - მას ბრალი აქვს წარდგენილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, ასევე 7 ნოემბრის აქციისა და "იმედის" დარბევაზე. ამ საქმეების გამო მას პოლიტპატიმრად არ განვიხილავ.

ძალიან მიკვირს იმ პოლიტიკური ლიდერების, ვინც ამ საქმეების გამო სააკაშვილის გასამართლებას ითხოვდნენ, დღეს კი პოლიტპატიმრად განიხილავენ.

- პოლიტპატიმრებად კი განიხილავენ, მაგრამ არ აპირებენ მონაწილეობას "ნაციონალების" იმ აქციაში, რომელიც სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნას უკავშირდება. - თუ ადამიანს პოლიტპატიმრად მიიჩნევ, მისი გათავისუფლების მოთხოვნას რატომ არ უერთდები?! რა გამოდის, ადამიანს, რომელიც პოლიტიკური ნიშნით იჩაგრება, გვერდში არ უდგები იმიტომ, რომ არ მოგწონს?! ეს პოლიტიკური ამორალურობაა.

- როგორ წარმოგიდგენიათ, გამოიღებს ნაყოფს "ნაციონალების" აქციები? - შეიძლება ერთი დიდი აქცია ჩაატარონ, მაგრამ აქციებით სერიოზული პოლიტიკური ცვლილებისთვის ძალა აღარ შესწევთ.

- და სააკაშვილი ციხეში დარჩება? - სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი გზა პრეზიდენტის შეწყალება იყო, მაგრამ ზურაბიშვილმა კატეგორიული უარი განაცხადა. სხვა მექანიზმს კანონი და კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. სააკაშვილს მოუწევს პატიმრობა, სასჯელის 2/3-ის მოხდის შემდეგ საშუალება ექნება ვადამდე ადრე გათავისუფლება მოითხოვოს.

- წინასაარჩევნო კამპანიის დროს თქვენ აცხადებდით, რომ საქმის რეალურად გაკეთებას აიძულებდით მას, ვინც თბილისის მერი გახდებოდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ვისთან მოგიწევთ თანამშრომლობა? - ვინც უნდა იყოს, საქმის გაკეთებას მოვთხოვთ, იმიტომ, რომ ძალიან დიდ უბედურებაში გვაქვს თავი გაყოფილი. ახლა ხომ გამოჩნდა, რომ წინასაარჩევნოდ რეფერენდუმზე კი არა, ავარიულ კორპუსებსა და უკანონო მშენებლობაზე ლაპარაკი სწორი ყოფილა. ეს ბათუმის ტრაგედიამაც დაადასტურა.

- პრობლემა, რამაც ბათუმის ტრაგედია გამოიწვია, უცხო არც თბილისისთვის არის. შეიძლება ითქვას, რომ აქ უფრო მეტი სიმწვავით დგას ეგ საკითხი. გეგმა გაქვთ ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად?

- მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ავარიულ სახლებზე, დაბინძურებულ ჰაერზე, მტკვარსა და გადამხმარ ხეებზე საუბარს დავუთმეთ. ჩვენ პოლიტიკაში იმიტომ ვართ, რომ ასეთ საკითხებზე ვისაუბროთ. არჩევნებიდან არჩევნებამდე იმ საკითხებზე ლაპარაკი, რაც ჩვენს მოქალაქეებს არაფერს მოუტანს, არასწორად მიმაჩნია. ტრაგედიის შემდეგ თავში ხელის წაშენა გვჩვევია, მაგრამ ამით დაღუპულებს ვეღარ ვუშველით.

- ლაპარაკი ერთია, მაგრამ კონკრეტული გეგმა თუ გაქვთ ასეთი მასშტაბური პრობლემის მოგვარებისთვის? - პრობლემა რომ მოგვარდეს, ჯერ მსჯელობა უნდა დაიწყოს. უპირველესად უნდა შეწყდეს მშენებლობის ნებართვების გაცემა და დაიწყოს ავარიული სახლების მონიტორინგი. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რა მდგომარეობაშია იმ სახლების საძირკვლები, სადაც ცხოვრობენ. ჩვენ ამ საქმეში დიდი ცოდნა და გამოცდილება გვაქვს, ამიტომ გაჩერებას არ ვაპირებთ. მაგალითად, არჩევნებიდან ორი თუ სამი დღის შემდეგ ჩუღურეთში სახლის კედელი ჩამოინგრა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე ტურში აღარ ვმონაწილეობთ, ჩვენი წარმომადგენელი ამ პრობლემის მოგვარებაში ჩაერთო. ასე რომ, ჩვენი გაჩერების იმედი არავის არ ჰქონდეს.

- რომელი სახლი დაინგრა ჩუღურეთში? - კოსტავას 4 ნომერში წვიმის შედეგად კერძო სახლის კედელი ჩამოინგრა. ღვთის წყალობით ამჯერად არავინ დაშავებულა. თუმცა ეს დამშვიდების საბაბი არ უნდა გახდეს. თბილისში კიდევ ბევრი ავარიული სახლია და უამრავი მობინადრის სიცოცხლე საფრთხეშია.

ხათუნა ბახტურიძე