რა განაცხადეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე შეხვედრის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრმა და სახალხო დამცველმა? - კვირის პალიტრა

რა განაცხადეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე შეხვედრის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრმა და სახალხო დამცველმა?

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, უკვე შემდგარია ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის.

თუმცა, როგორც ბრეგაძემ ბრიფინგზე განმარტა, ექიმების ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე.

"საქართველოში მაღალი სტანდარტით არის დაცული პატიმრის უფლებები. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს ყველა წინამორბედს 2012 წლიდან და რა თქმა უნდა, თითოეულ თანამშრომელს, რომელიც 24-საათის განმავლობაში ემსახურება პატიმრის უფლებების დაცვას.

დღევანდელი შეხვედრის შედეგად ჩვენ შევჯერდით, რომ უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ერთმანეთს საჭიროებისამებრ, რეგულარულად გავუზიარებთ ინფორმაციას, ასევე სახალხო დამცველს ეთხოვა, რომ განახორციელოს უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი. ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი უკვე შედგა. ბუნებრივია, ექიმების ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით როდესაც საქმე შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურია. ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, სააკაშვილის პირადი ექიმი შეხვდა ექსპერტთა ჯგუფს, თუმცა, მათთვის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გაუზიარებია, რადგან მას სააკაშვილი თანხმობა არ ჰქონდა.

"ექსპერტთა ჯგუფი შევახვედრეთ პაციენტის პირად ექიმს, რათა მომხდარიყო მათ შორის კომუნიკაცია და ამ შეხვედრით მიგვეღო დასტური, რომ ეს ექსპერტები მისაღები არიან პირველ რიგში, პაციენტის პირადი ექიმისთვის. ამ ეტაპისთვის ველოდებით პაციენტისგან თანხმობას, რომ შესაძლებელია მან გაუზიაროს ექსპერტებს ჯანმრთელობის ის მონაცემები, რაც პაციენტის პირად ექიმს გააჩნია. იმის შემდეგ კი, როცა დასტურს მივიღებთ პაციენტისგან უკვე ჩაერთვებიან ექსპერტები ამ მოცემული ჯგუფის სამუშაო რეჟიმში. გვიჭირს ხოლმე კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რაც კონფიდენციალურია. ხშირად აღვნიშნავთ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით როდესაც საქმე შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურია. ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ. მის პირად ექიმსაც არ ჰქონდა აღებული უფლება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის გაეზიარებინა. ველოდებით პაციენტისგან თანხმობას და ამის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას როგორც არსებულ მდგომარეობაზე, ასევე საჭირო ყველა გამოსავალზე, რაც შემდგომში შეიძლება საჭირო გახდეს. მე არ მაქვს მისი ახლანდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა საჭიროება იქნება გამოკვეთილი, შეირჩევა ჯგუფის მუშაობის ინტენსივობაც და ფორმატიც. ამ ეტაპზე მუშაობს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო ჯგუფი, რომელიც არის საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის. ყოველივე ამის შეჯერება მათთან ერთად მოხდება", - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგს ომბუდსმენის აპარატი რეგულარულად განახორციელებს.

როგორც ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დრომდე პატიმრის უფლებრივი მდგომარეობა მხოლოდ ერთხელ, პენიტენციური სამსახურისა და პრემიერ-მინისტრის მიერ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით დაირღვა.

"სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა უკვე არაერთხელ მოინახულეს მიხეილ სააკაშვილი და მომავალშიც ვაპირებთ. ზუსტ დროს წინასწარ არ ვასახელებთ, თუმცა, იქნება რეგულარული ვიზიტები. მისი, როგორც პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, ერთადერთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რაც ჩვენ დავაფიქსირეთ, იყო მისი პერსონალური მონაცემების უნებართვოდ გასაჯაროება. საქმე ეხება ჯანმრთელობის დეტალურ ინფორმაციას, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა და პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. ეს იყო მისი, როგორც პატიმრის უფლების დარღვევა. სხვა რაიმე პრობლემები და დარღვევები ადგილზე არ დაგვიფიქსირებია", - განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, ლომჯარიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ყველაზე პრობლემური ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

"ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ობიექტური და დროული ინფორმაცია მიეწოდებოდეს საზოგადოებას მისი მდგომარეობის შესახებ, თუმცა, ეს უნდა მოხდეს ისე რომ არ იყოს უხეშად დარღვეული მისი პერსონალური მონაცემები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მივესალმები, რომ ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეიქმნა მულტიფუნქციური ჯგუფი. მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმიც იყო ჩართული ამ ჯგუფის შექმნაში და ახლა ველოდებით თავად პატიმრის თანხმობას, რომ ამ ჯგუფმა იმუშაოს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პატიმრის პირადი ნდობა ექიმების საქმიანობის მიმართ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუკი იქნება თანხმობა, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი რეგულარულად განახორციელებს ჯანმრთელობის მონიტორინგს და საზოგადოებას მიაწვდიან მისი ჯანმრთელობის დინამიკის თაობაზე ობიექტურ ინფორმაციას", - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის გამოყოფის მოთხოვნით გუშინ მიმართა. მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა.

სამინისტრომ ასევე მიმართა თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველსაც.

საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრები, სახალხო დამცველი და პარლამენტის წევრების ნაწილი ესწრებოდა.