"ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკეტილი ჰყავდეს ციხეში" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკეტილი ჰყავდეს ციხეში"

"სერიოზული საფრთხეა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, ბუნებრივია, ორგანიზმი რკინის არ არის, 14-დღიანი შიმშილობა კვალს დაამჩნევს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც მან ექიმების მულტიფუნქციურ ჯგუფზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის.

როგორც უდუმაშვილი აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ იყოს.

"კითხვა მაქვს, რატომ არ უშვებდნენ მიხეილ სააკააშვილთან პირად ექიმს, რომელიც პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობაზე. სანამ ეს ჯგუფი შეიქმნებოდა, ნიკა ყიფშიძე უნდა ყოფილიყო მის გვერდით, უნდა დაკვირვებოდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ფაქტია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი დაკვირვების ქვეშ იყოს. სერიოზული საფრთხეა მდგომარეობის გაუარესების, ბუნებრივია, ორგანიზმი რკინის არ არის, 14-დღიანი შიმშილობა კვალს დაამჩნევს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ იყოს",-აღნიშნავს უდუმაშვილი.

"დღევანდელი აქცია არ არის პარტიული აქცია - ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკეტილი ჰყავდეს ციხეში. პუტინის ოცნება ამ ქვეყანაში არ ასრულდება!" - ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა პარტიის პრეზიდენტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღორძინებაში.

"დღევანდელი აქცია არ არის პარტიული აქცია. დღეს უამრავ ადამიანს ნახავთ ამ მოედანზე. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებსაც, არამხარდამჭერებსაც, სხვა პარტიების მხარდამჭერებს. აქ არ არის საუბარი, ვის რა პოლიტიკური სიმპათია, ან ანტიპატია გააჩნია. ჩვენ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ვიბრძვით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა პარტიის პრეზიდენტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღორძინებაში და განვითარებაში. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკეტილი ჰყავდეს ციხეში. პუტინის ოცნება ამ ქვეყანაში არ ასრულდება!" -აღნიშნავს უდუმაშვილი.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ დღევანდელ აქციაზე არ იქნებიან საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ "დღეს არ არის პოლიტიკური სიმპათიების და ანტიპატიების დრო".

"ეს მათი არჩევანია, თუმცა, ჩემთვის გაუგებარი. ერთის მხრივ, ყველა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის უკანონო პოლიტპატიმარია, მეორეს მხრივ, კი პოლიტიკურ კეკლუცობას აქვს ადგილი, რომ არ მიდიან აქციაზე. მგონი, მოვა ის ხალხი აქციაზე, რომელიც თავს იკავებს", - აღნიშნავს უდუმაშვილი.

ცნობისთვის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი აქციისთვის მზადება დილიდან დაიწყო. საკრებულოს შენობის წინ სცენაა დამონტაჟებული, საიდანაც მიმართავენ პარტიის ლიდერები აქციაზე შეკრებილებს. ასევე დამონტაჟდება მონიტორი. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი. აქცია 18:00 საათზე დაიწყება.